რესპოდენტის შესახებ
ახლახან ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაბრუნდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარე, ერობნული ბანკის ყოფილი თავმჯდომარე, რომან გოცირიძე, რომელსაც საინტერესო შეხვედრები ჰქონდა ამერიკის პოლიტიკის გავლენიან პირებთან. GHN-მა სთხოვა ბატონ რომანს კომენტარი ამ ვიზიტთან დაკავშირებით.
-ბატონო რომან, როგორც უკვე დაიწერა პრესაში, თქვენ ღებულობდით მონაწილეობას მეტად ავტორიტეტულ თურქულ-ამერიკულ ბიზნესფორუმში. როგორ მოხვდა ამ ყრილობაზე ქართული დელეგაცია და ვინ მონაწილეობდა მასში ჩვენი მხრიდან?
-ეს იყო თურქულ-ამერიკული ალიანსის მიერ ვაშინგტონში ორგანიზებული ფორუმი „თურქულ-ამერიკული ფორუმი & ბიზნეს სამიტი“ („Turkic American Convention & Business Summit“) .
საქართველოდან თურქულ-ამერიკული ალიანსის ფორუმის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (რექტორი ილიას ჩილოღლუ, გენერალური მდივანი რესულ დიკმენი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ადემ ონელი და მე, როგორც ამავე უნივერსიტეტის პროფესორმა), სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა (რექტორი, პროფ. ჯონი აფაქიძე), თბილისის საწავლო უნივერსიტეტმა (რექტორი, პროფესორი სოლომონ პავლიაშვილი). ქართულ-თურქული დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იყვნენ ბიზნესმენები მეჰმეტ შურქიტი (სავაჭრო კომპანია „დაფნა“) და ნიაზ ნურიევი.
ბიზნეს სამიტის ფარგლებში ჩატარდა არაერთი საინტერესო ღონისძიება. ფორუმის მუშაობაში მონაწილეობდნენ ბიზნესმენები, მეცნიერები, აშშ-ის სენატორები და კონგრესმენები.
საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლები ამერიკის სენატსა და კონგრესში შევხვდით არაერთ ცნობილ პოლიტიკოსს. მათ შორის სენატორ ჯო დონელის, კონგრესმენებს ჯერი მაკნერნის, ტონი გარდენიას, ენ კირკპატრიკს და სხვ. ქართულ დელეგაციას შეხვედრები გვქონდა აგრეთვე თეთრ სახლში, სახელმწიფო დეპარტამენტში. ამ უკანასკნელში მეტად საინტერესო საუბარი შედგა კავკასიის საკითხებისა და რეგიონალური კონფლიქტების ოფისის დირექტორთან ჯონ მარკ პომერსჰეიმთან და მის თანაშემწესთან.
სამიტის დამთავრების შემდეგ შეხვედრა გაიმართა აგრეთვე საქართველოს საელჩოში ვაშინგტონში,
ზემოთ აღნიშნულ ფორუმში საქართველოს წარმომადგენლების მონაწილეობა მნიშვნელოვანიიყო ამერიკის და თურქეთის სამეცნიერო, ბიზნეს და პოლიტიკურ წრეებთან კონტაქტების დასამყარებლად.
-საიდან გაჩნდა ქართველების ამ ფორუმში მონაწილეობის იდეა?
საქართველოდან ვაშინგტონში დელეგაციის გამგზავრების ორგანიზატორი იყო შავი ზღვის საერთაშორსო უნივერსიტეტი. ეს არის განათლების სფეროში ყველაზე დიდი უცხოური ინვესტორი საქართველოში. თუ დაკვირვებიხართ, აეროპორტის ტრასის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს 25 მილიონი დოლარის ღირებულების საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა. ამას და კიდევ სხვა ინვესტიციებს ანხორციელებენ საქართველოში. სწორედ ისინი არიან თურქულ-ამერიკულ აღნიშნულ ბიზნესორგანიზაციასთან მეკავშირეები და საქართველოშიც იგეგმება მათთან ერთად ანალოგიური ორგანიზაციის შექმნა. როგორც გვითხრეს, ვაშინგტონში ვიზიტისას ამის თაობაზე უკვე ჰქონდათ საუბარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან და ჩვენს ელჩთან.
-რას წარმოადგენს „ თურქულ-ამერიკული“ ალიანსი? მხოლოდ ამერიკაში თურქულ ბიზნესს ლობირებს თუ სხვა ქვეყნებიც არიან გაწევრიანებულები?
18 ქვეყნის ბიზნესასოცია არის მის წევრი. 60-ზე მეტი ამერიკული ორგანიზაციაა გაერთიანებული.
თუ რა არის უმაღლესი დონის კონტაქტები და ჯანსაღი ლობირება, ეს ვაშინგტონში მათი საქმიანობიდან დავინახეთ. ბევრი ქვეყანა ვერ შეძლებდა იმას, რასაც ეს არასახელმწიფო ორგანიზაცია ახერხებს. მადლობა მათ იმ შეხვედრების ორგანიზებისათვის, რაც იქ მოგვიწყვეს. საზეიმო გახსნაზე, არც მეტი, არც ნაკლები, 20 სენატორი და კონგრესმენი გამოვიდა სიტყვით. იყო უამრავი ინდივიდუალური შეხვედრა კონგრესში, თეთრ სახლში, სახელმწიფო დეპარტამენტში. ელოდნენ თურქებს, საუბარი კი იყო ქართულ პრობლემატიკაზე. ეს შავი ზღვის უნივერსიტეტის თურქი რექტორის და მისი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის კეთილი ნებაც იყო. დაწყებული რიგის სამიტზე მხარდაჭერის თხოვნით, დამთავრებული საქართველოს ეკონომიკური თუ სხვა სახის საკითხებით, იყო კონგრესმენებთან და სხვა მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეებთან ინდივიდუალური შეხვედრების თემატიკა. ბევრი საქართველოში იყო ნამყოფი. მხოლოდ აღრფთოვანება და გულწრფელი მოხიბლულობა იგრძნობოდა მათ სიტყვებში. ღვინო, ლამაზი ბუნება, გემრიელი კერძები, მთაწმინდიდან დანახული თბილისი...ზოგიერთს შიგა საკითხებზეც საკმაოდ კარგი წარმოდგენა ჰქონდა. სახელმწიფო დეპარტამენტის კავკასიის ოფისში მე მგონი, გვარ-სახელით იცნობენ ყველა ჩვენს მოქმედ პერსონებს და მათ ნააზრევს.
-ფეისბუკზე კურიოზული შემთხვევაც აღწერეთ და ვიდეოც დადეთ, სადაც უცხოელი ქალბატონი გამართული ქართულით მიმართავს აუდიტორიას.
-კი, მართლაც სასიამოვნოდ მოულოდნელი რამ მოხდა. ფორუმის საზეიმი გახსნაზე ოცამდე სენატორი და კონგრესმენი გამოვიდა მისასალმებელი სიტყვით. მათ შორის იყო იაპონური წარმოშობის კონგრესმენი კალიფორნიიდან მაიკლ ჰონდა. რომ გაიგო, რომ ქართველი ვიყავი, უცბად, ვიღაცას დაუწყო დარბაში ხმამაღლა ძახილი. თურმე მის თანაშემწეს უხმობდა. მიიყვანა ასევე აზიური შესახედაობის გოგონა ტრიბუნასთან და უთხრა: მიმართე დარბაზს ქართულ ენაზე და მოუყევი რა მაგარია საქართველო და თუ როგორ გიყვარსო იგი.
დაიწყო გამართული ქართულით (გურული აქცენტით) საუბარი. თვითონვე თარგმნიდა ინგლისურად იქვე თავის სიტყვებს. დაირღვა ყველანაირი პროტოკოლი. სენატორებისა კონგრესმენების ნაცვლად საკანონმდებლო საკითხებში კონგრესმენის თანაშემწე ყვებოდა თურქულ თავყრილობაზე საქართველოს შესახებ. ძალიან სახალისო ოყო. დარბაზში კეთილი მუხტი შემოიტანა.
თურმე 2004-2005 წლებში გურიის სოფელში, ბახვში მასწავლებლად უმუშავია გაეროს მშვიდობის კორპუსის ეგიდით. როცა სავიზიტო ბარათები დაარიგა, ორ ენაზე ეწერა, ინგლის- ურად და ქართულად...