კომერციულ ბანკებს ეროვნული ბანკისგან სესხის აღება თავიანთი სასესხო პორტფელის ან საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული გარანტიის უზრუნველყოფით შეუძლიათ. ამას გირაოს ბაზის გაფართოების მიზნით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილება ითვალისწინებს.
მონეტარული ოპერაციების გირაოს ბაზის გაფართოება კი, ლარის ფულადი ბაზრის განვითარებისა და ეროვნული ვალუტით დაკრედიტების წახალისების მიზნით, ეროვნული ბანკის მიერ დაგეგმილი ერთ-ერთი ღონისძიებაა.
სესხის უზრუნველყოფაში სასესხო პორტფელის ფორმირების მიზნით ეროვნული ბანკი სასესხო პორტფელის კრიტერიუმებს განსაზღვარვს. კრიტერიუმების შესაბამისად გაცემული სესხებით კი, კომერციულ ბანკს დასაგირავებელი აქტივების ბაზის გაზრდა შეეძლება.
ლარში დაკრედიტების წახალისების მიზნით კიდევ ერთი დაგეგმილი ღონისძიება წინასწარ დადგენილი ფიქსირებული პროცენტით რეფინანსირების სესხია.
ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ ამ ინსტრუმენტით, კომერციულს ბანკს დამატებითი შესაძლებლობა ეძლევა რეფინანსირების სესხი აუქციონის გარეშე აიღოს, იმ შემთხვევაშიც, თუ რეფინანსირების აუქციონზე ბანკი ვერ გაიმარჯვებს.
~ასეთი სესხის საპროცენტო განაკვეთი ფიქსირებული იქნება - ეროვნული ბანკის მიერ 1 პროცენტული პუნქტის სპრედით მონეტარული პოლიტიკის განაკვეთთან მიმართებაში~, - განმარტავენ ეროვნულ ბანკში.
შესაბამისად, 29 აპრილიდან აუქციონის გარეშე რეფინანსირების სესხის ფიქსირებული პროცენტი წლიურ 6%-ს (5%+1%) შეადგენს. ერთდღიანი სესხის ანალოგიურად, აუქციონის გარეშე რეფინანსირების სესხი სტანდარტულად გამარტივებული პროცედურით ~ბლუმბერგის" სისტემის მეშვეობით გაიცემა.