რესპოდენტის შესახებ
23 მარტს უზენაესი სასამართლოს ახალ თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე საქმიანობის განხორციელებას ოფიციალურად შეუდგა. რა გეგმები აქვს გვენეტაძეს, გეგმავს თუ არა საკადრო ცვლილებებს, როგორ აპირებს გახადოს საკასაციო სასამართლოს მუშაობა ეფექტური, აღადგინოს ნდობა და რას ფიქრობს იგი პროკურატურაში შექმნილ ახალ დეპარატამენტზე, კმაყოფილია თუ არა ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის ტემპით ,,ჯი-ეიჩ-ენი” უზენაესი სასამართლოს ახალ თავმჯდომარეს ნინო გვენეტაძეს ესაუაბრა.
_ ქალბატონი ნინო, ელოდით რომ გახდებოდით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და თქვენი აზრით, რა არის ის მთავარი კრიტერიუმი რის გამოც კანდიდატად დაგასახელათ პრეზიდენტმა და შემდეგ 88 დეპუტატმა ნდობა გამოგიცხადათ?
_ წინასწარი მოლოდინის რა მოგახსენოთ, მაგრამ იმედი მომცა იმ ფორმატმა, რომელიც პრეზიდენტმა გამოცხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შესარჩევად. კერძოდ, ის ღია ფორმატი, სადაც არასამთავრობო სექტორის, უფლებადამცველი ორგანიზაციისა და აკადემიური სექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ დასახელებინათ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი.აღნიშნული ფორმატი იძლეოდა შანს, ის ადამიანთა წრე, პროფესიონალები რომელთაც ჰქონდათ გამოცდილება სამოსამართლო საქმიანობის, ან მაღალი აკადემიური და ეთიკური სტანდარტებით გამოირჩეოდნენ ეცადათ ბედი ღია კონკურსში, მათ შორის ვიყავი მეც. ის, რომ ვყოფილიყავი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ჩემი ინიციატივა არ ყოფილა, ინიციატორი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია იყო და პირველ ეტაპზე ჩემგან გარკვეულ წინააღმდეგობასაც კი წააწყდნენ. Aარა იმიტომ, რომ მოსამართლეობაზე უარს ვამბობდიო, არამედ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობა ასევე არის უამრავი ადმინისტრაციული და ორგანიზაციული ფუნქციით დატვირთვა, ამავე დროს გულისხმობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელობას რაც კოლოსალურ ენერგიასა და შრომას მოითხოვს. მხოლოდ ამ მოტივაციით ვფიქრობდი, რომ დავბრუნებულიყავი უზენაეს სასამართლოს მხოლოდ მოსამართლის რანგში.
_ მაშინ როგორ მოახერხეს თქვენი დათანხმება ყოფილიყავით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი?
_ იყო სერიოზული კამათი, ჰქონდათ სერიოზული არგუმენტები და ფაქტობრივად დამითანხმეს, მაგრამ ამ საკითხში ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია იყო ბატონი ოთარ გამყრელიძის. ეს ადამიანი არის ჩემი მასწავლებელი, ჩემო მოძღვარიც თუ გნებავთ, ჩემი იდეალი თუ როგორი უნდა იყოს ადამიანი და მისი რეკომენდაცია ბოლო წერტილი იყო, რამაც საბოლო გადაწყვეტილება მიმაღებინა. ის გამოცხადებული კრიტერიუმები რომელიც ღია იყო ყველასთვის_პროფესიონალიზმი, წარსულის საქმიანობა, პრინციპულობა და ყველა ის თვისება რაც გაცხადებული იყო, ალბათ, ჩემი მხრიდან უხერხული არაა, საჭიროდ ჩავთვალე მქონდა შანსი დამეკმაყოფილებინა არსებული კრიტერიუმები და ასე დაიწყო ეს რთული პერიოდი. მოყოლებული უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის წარდგენიდან, ფაქტობრივად, ახალ, უცნაურ რეჟიმში მომიწია ყოფნა და მას შემდეგ განსაკუთრებით რაც უკვე რეალურ კანდიდატად დავსახელდი. კარგი იყო ყველა ის ღია შეხვედრა რომელიც გავმართე არასამთავრობო სექტორთან, აკადემიურ სექტორთან, პოლიტიკურ წრეებთან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო შეხვედრა საპარლამენტო ბატალიებთან, ძალიან დატვირთულიც გახლდით, ძალიან ვნერვიულობდი, დიდი ემოციაც მქონდა, მაგრამ ვფიქრობ თავი გავართვი.
_ თუმცა ,,ნაციონალების” ნდობა მაინც ვერ მოიპოვეთ?
_ ბუნებრივია ვერც მოვიპოვებდი, არც მქონდა იმედი. მიუხედავად იმისა, ის ,,ნაციონალები” რომლებმაც სასამართლო ხელისუფლებაში მიმიყვანეს და რამდენი წლის შემდეგ თავადვე გამომიშვეს სასამართლოდან გასაგებია, არ იქნებოდნენ ჩემი კანდიდატურის მხარდამჭერები.
_ ქალბატონი ნინო, რა იქნება პირველი ნაბიჯი რომელსაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის რანგში გადადგამთ?
_ პირველ ნაბიჯი არის ყველა იმ პრობლემის გაცნობა რომელიც სასამართლოს ორგანიზაციულ, მენეჯერულ საქმიანობას უკავშირდება და ეხება ძირითადად გაჭიანურებული საქმეების დიდ რაოდენობას, ვის რა დატვირთვა აქვს, ვინ რა გააკეთა, ვის რა აქვს გასაკეთებელი. ეს ყველაფერი უნდა შევისწავლო იმისთვის, რომ ვიყო ბოლომდე ინფორმირებული, მოზადებული შევხვდე აპარატის წევრებს და ბოლოს მოსამართლეებს. ბოლოს შეხვედრა საუკუნის დასასრულს შეხვედრას არ გულისხმობს, ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მოკლე ვადებში.
_ საუბარში გაჭიანურებულ საქმეებზე მითითეთ, რა არის ამის მიზეზი სათანადო კადრების არასებობა, თუ რასთან გვაქვს საქმე?
_ კარგი კითხვაა, ამის მიზეზი კომპლექსურია: ესაა მოსამართლეთა სამცირე არა მარტო უზენაეს სასამართლოში, ყველა ინსტანციის დონზე, მენეჯმენტური პრობლემები, საქმეთა დიდი რაოდენობა. Aამიტომ პირველ ეტაპზე საჭიროა დავარეგულიროთ ორგანიზაციულ, მენეჯმენტურ დონეზე არსებული პრობლემები. ამ წუთში თემა რაზეც ვმუშაობთ ესაა საკასაციო სასამართლოში ელექტრონული საქმის წარმოების სისტემის დანერგვა. ელექტრონული საქმის წარმოების სისტემას წესით დიდი ხნის წინ უნდა დანერგილიყო, მაგრამ ეს ასე არ მოხდა, ახლა ის მიზეზები არ ვეძებოთ რატომ და რისთვის, შორს წაგვიყვანს.
_ ამ ეტაპზე რამდენი საქმეა უზენაეს სასამართლოში განსახილველად შემოსული?
_ ეს სტატისტიკა რთულია. მაგალითად, რაც ამ წუთში ხელში მიჭირავს 262 საქმეა სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში შესული.
_ თუ გეგმავთ საკადრო ცვლილებების განხორციელებას?
_ რაც ეფექტურ, მიუკერძოებელ დამოუკიდებელ, სასამართლოს სისტემის საქმიანობას დასჭირდება იქნება საკადრო, ორგანიზაციული თუ სხვა ცვლილებები განხორციელდება მხოლოდ კანონის ჩარჩოში. ვიცი კანონი და ვიცი რომ არ უნდა დავარღვიო, მაგრამ თუ იქნება კანონდარღვევები მნიშვნელობა არ აქვს ვისი მხრიდან, ბუნებრივია, რეაგირება იქნება.
_ რაც შეეხება იმ მოსამართლეებს რომლებსაც კანონთან შეუსაბამო გადაწყვეტილება მიიღეს რა ბედი ელის მათ მისცემთ მეორე შანს?
_ მე ვერავის ვერანაირ შანს ვერ მივცემ თუ კანონი არ მისცემს. ორი ფორმა არსებობს, მოსამართლეთა საქმიანობის შემოწმების ნეგატიური კუთხით, ესაა დისციპლინური სამართალწარმოება და სისხლის სამართლის დანაშაული_ თუ მოსამართლემ განზრახ უკანონო გადაწყვეტილება გამოიტანა.
_ თუ მოსამართლის უკანონო გადაწყვეტილებაა ,,ზემოდან” იყო ნაკარნახევი მაშინ?
_ მე რომ ვიბრძოდი მაშინაც ზემოდან მოდიოდა ყველაფერი და ზემოდან ნაკარნახევი რომ არ შემოსრულებინა მივიღე გადაწვეტილება, ვიბრძოლე და შედეგი რომ ნახეს სასამართლოდან გაგვიშვეს. ამიტომ გადაწვეტილებები რომელიც ,,ზემოდან” მოდიოდა უნდა შესწავლილი იქნეს. ამ მიმართულებით სხვადასხვა გარემოებები არსებობს თუ მოსამართლემ იძულების ფორმით მიიღო გადაწყვეტილება, ამ შემთხვევაში მოსამართლეს შეიძლება შევეხიდოც კიდეც, მაგრამ ეს ყველაფერი პროცესუალურად გამაგრებული უნდა იყოს.
_ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თქვენს წინამორბედს ხშირად აკრიტიკებდა, რომ კოტე კუბლაშვილი ხელს უშლიდა მართლმსაჯულების სფეროში რეფორმების განხორციელებაში. თქვენ რა გეგმები გაქვთ ამ მიმართულებით და აპირებთ თუ არა აქტიურად მიიღოთ მონაწილეობა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირებაში?
_ სამართლო სისტემის რეფორმირების პროცესში გარკვეული ფორმით ჩართული ისედაც გახლდით, რადგან ვიყავი ბევრი კომისიის წევრი. ვფიქრობ, სისტემის რეფორმირების თვალსაზრისით მე უფრო კარგი შანსი მაქვს წინა თავმჯდომარისგან განსხვავებით რატომ?- მე არ ვარ კონფრონტაციაში არც აღმასრულებელ და არც საკანონმდებლო ხელისუფლებასთან. გახსოვთ ამ ხელისუფლებს შორის გარკვეული დაძაბულობის რეჟიმი რაც საქმეს ფაქტია არ წაადგა. მართლმსაჯულების რეფორმირების პროცესში ჩავერთვები ძალიან აქტიურად, ყველაფერს შევუთანხმებ სასამართლო კორპუსს. პირდაპირ ჩემი ინტერესია და გვქონდა ქალბატონ თეას და მე ამ საკითხზე საუბარი, რომ ვითანამშრომლებთ აქტიურად, საქმიანად, ყოველგვარი დაძაბულობის და კონფრონტაციის გარეშე. იქნება დისკუსია, კამათი აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ეს ყველაფერი იქნება იმისთვის, რომ მიზანს მივაღწიოთ.
_ თქვენი აზრით, რა არის მთავარი ხარვეზი რომელიც სასამართლო სისტემაში არსებობს და გამოსასწორებელია?
_ ასეთი ხარვეზი უამრავია, მაგრამ ორი მთავარი ხარვეზია, ესაა მართლმსაჯულება უნდა იყოს განჭვრეტდი და მართლმსაჯულება იყოს ევროპული სტანდარტების დონეზე.
_ არც ერთი სტანდარტი დღეს არ გაქვს?
_ არ გვაქვს, გვიჭირს, ბევრი პრობლემა გვაქვს. თუნდაც საკასაციო ინსტანციის დონეზე, შემოსულია საჩივარი, არის საჩივრის განხილვის ვადა და ამავე დროს არის საჩივრის დასაშვებობის კრიტერიუმები, თუ ეს კრიტერიუმები არ დაკმაყოფილდა საჩივარი განსახილველი რჩება და რა ვადა სჭირდება ამას?_პრობლემაა, რადგან გარღვევები გვაქვს და თუ არ ვიხილავთ საჩივარს ვასაბუთებთ რატომ არ ვიხილავთ?-სტანდარტი შესაქმნელია. მართლმსაჯულების სერვისი ისე უნდა მივაწოდოთ პროცესი მონაწილე მხარეებს და საზოგადოებას, რომ აღიქვათ რა მოხდა. თუ თქვენ ეს ვერ აღიქვით, ბუნებრივია, იქნებით კრიტიკულად განწყობილები, გექნებათ ეჭვი, ამით კი სასამართლო ნდობას დაკარგავს, ნდობა კი არის ყველა მნიშვნელოვანი პრობლემა როგორ უნდა გადავწყვიტოთ და დავძლიოთ ნელ-ნელა ეს პრობლემა?_განჭვრეტადი სამართალწარმოება, განჭვრეტადი, დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილებები რაც ასევე მოგვცემს შედეგს, რომ უკმაყოფილონი არ წავიდნენ რეგიონულ სასამართლობეში, მაგალითად, სტრასბურგის ევროპულ სასამრთლოში. მოსამართლეთა დიდი მეცადინეობით, სასამართლო აპარატის დიდი მოწადინებით, ევროპული სასამართლოს პრეცედენტების თარგმანებით, იქ შემუშავებული სტანდარტებისა და პრინციპების გადმოტანით ჩვენ უნდა სტანდარტი ნელ-ნელა შევქმნათ. მე ვაცხადებ ხმამაღლა, რომ მოსამართლემ ძირითადი სამუშაო დრო უნდა მოახმაროს სამოსამართლო საქმიანობას და თუ მოსამართლე თავის დროის დიდი ნაწილს მოახმარს კეთილშობილურ საგანმანათლებლო საქმიანობას ჩემთვის ეს პრიორიტეტი არ იქნება. ჩემთვის პრიორიტეტია, ვადები, სამართლაწარმოების გამართული პროცედურები და შემდეგ მოსამართლის საგანმანათლებო საქმიანობა. ამ მოთხოვნებში მე უკვე მოწინააღმდეგეები მყავს, რაც მაინც და მაინც დიდად არ მსიამოვნებს. მოთხოვნა სამართლიანი, ლეგიტიმურია, რადგან მოსამართლის ძირითადის სამუშაო დრო უნდა იყოს სამოსამართლო საქმიანობა და შემდეგ მისი სხვა საქმიანობა მხოლოდ მას შემდეგ რაც სასამათლოში ყველაფერი წესრიგში იქნება.
_ კონკრეტულად ვინაა თქვენი მოწინააღმდეგე?
_ საკითხს არ გავაბუქებ, მაგრამ გარკვეული წინააღმდეგობები ამ მიმართულებით არსებობს, რომ მოვიდა ნინო გვენეტაძე და მოსამართლეს აუკრძალა ლექციების წაკითხვა. ეს ასე არ არის, მოვიდა ნინო გვენეტაძე და მოითხოვა სამართალწამოების პროცესს დაეთმოს მოსამართლის სამუშაოს დრო. ვთქვათ მოსამართლეს აქვს 94 საქმე და მათი განხილვისთვის სჭირდება ძალიან სერიოზული დრო, ეს დრო უნდა დაუთმოს თავის საქმიანობას, ეს არის მხოლოდ მოთხოვნა და ამ გზით ჩვენ მივალთ იმ შედეგამდე, რომ ვიქნებით ეფექტური, სწრაფნი, მაგრამ დასაბუთებულნი.
_ მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნას ვენეციის კომისია ნეგატიურად აფასებს და აცხადებს, რომ ეს მათი საქმიანობისთვის ძირგამოთხრელია, რადგან მათზე შესაძლოა გადაწვეტილების მიღების პროცესში ზეწოლა განხორციელდეს? იზარებთ ამ პოზიციას და როგორი თქვენი ხედვა აღნიშნულ საკითხზე?
_ არა მხოლოდ ვენეციის კომისიის დასკვნაშია გარკვეული საშიშროებები დანახული, მაგრამ მე ამ საკითხს ვუყურებ ასე: დღეს ჩვენ გვაქვს კანონი, მოცემულობა სახეზეა, ვიცით საფრთხეები, რა გზა გვაქვს_გზა გვაქვს ის რომ ზუსტად დავიცვათ კანონის მოთხოვნები, რატომ_ იმიტომ, რომ არ მივიდეთ საფრთხეებამდე. სამწლიან გამოსაცდელ ვადაში მოსამართლეს ყოველ წელს აქვს შემოწმების დაწვრილებითი რეგულაცია ,,საერთო სასამართლოების შესახებ” 36-ე და მიმდებარე მუხლებით გაწერილი. თუ მოსამართლე შეამჩნევს რომ საპრობაციო ვადაში მის საქმიანობას დაემუქრა გარკვეული საფრთხე, ანუ მოხდა კანონის მოთხოვნებიდან გადახვევა, მან მყისიერი რეაგირება უნდა მოითხოვოს, ეს არის ჩემი თხოვნა და მოწოდება იმის შესამოწმებლად გამართლდა თუ არა ვენეციის კომისიის საფრთხეები.
_ ანუ აქცენტები უნდა გავაკეთოთ იმ საფრთხეებზე რომელზეც მიგვითითეს?
_ბუნებრივია. დეტალური რეგულაციებია გაწერილი კეთილსინდისიერებისა და კვალიფიკაციის თვალსაზრისით, თუ რამდენად კეთილსინდისიერად და კვალიფიციურად ასრულებს გამოსაცდელ ვადაში მოსამართლე თავის ფუნქციას, როგორი კვალიფიკაციისაა, როგორია მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. თუ მოსამართლეც დაინახავს, რომ ვინმე, ან რაღაც ჩანაწერი უქმნის საფრთხეს მის მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობას ერთობლივად უნდა ავტეხოთ განგაში და მოვითხოვოთ ხარვეზების გასწორება. თუ საერთოდ უარყოფითო მოდელი აღმოჩნდება მოსამრთლეთა საპრობაციო ვადა მერე უნდა ვისაუბროთ მის გაუქმებაზე. თუ მოსამართლეს არ ჰქონია გამრუდებული სამართალწარმოება რა არის სამწლიან საპრობაციო ვადაში ცუდი.
_ ქალბატონი ნინო კმაყოფილი ხართ ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პროცესით ?
_ სახეზეა, რომ პროცესი გაჭიანურებულია. თუმცა სხვა ქვეყნების მოდელს გადავხედათ თუ გადავხედავთ სამართლიანობის აღდგენა მყისიერად არსად არ განხორციელებულა. ყველა ქვეყანას აქვს თავისი სპეციფიკა, პრობლემები, რის დაძლევას სჭირდება მომზადება, დრო და შესაბამისი რესურსი. მთავარია, რომ აღნიშნული პრობლემები გადაწყვეტაზე უარი არ ითქვა. ახლა მთავარია რომელი ინსტიტუცია რა ტვირთს იკისრებს სამართლიანობის აღდგენის პროცესში. თქვენ იცით, რომ პროკურატურაში შეიქმნა ცალკე დეპარატამენტი, რომელმაც დაიწო აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად მუშაობა.
_ როგორ ფიქრობთ, ადეკვატური იყო პროკურატურასი ახალი დეპარტამენტის შექმნა, ხედავდით ამის საჭიროებას?
_ ეს საჭიროება დაინახა თვითონ ამ ორგანომ და გადაწყვიტა, რომ თავისი პროცედურებით მას შეუძლია გარკვეული პრობლემები მოაგვაროს და რა არის ამაში ცუდი. რა ხდება სასამართლოში, ესაა ყველაზე უფრო დიდი სატკივარი? _სასამართლოში ის მექანიზმები რაც გვაქვს, მაგალითად, ახლად გამოვლენილი გარემოებების გამო საქმის გადასინჯვა, არც ისე ეფექტურია.
_ რატომ?
_ იმიტომ, რომ საკანონმდებლო ხარვეზებით გამოირჩევა. Aამიტომ არის ერთი ფორმატი ახლად გამოვლენილი გარემოებების საქმის წარმოების წესს მივხედოთ და მოვარგოთ იმ საჭიროებებს რაც ქვეყნის წინაშეა, ან საერთოდ ახალი მოდელი, საპროცესო ჩარჩო შევქმნათ რომელიც პრობლემებს დროში ეფექტურად და სწრაფად გადაჭრის.
_ თქვენ რომელი მოდელის ფუნქციონირებას ემხრობით?
_ ჩემს პრიორიტეტზე საუბარი მართებული არ იქნება, თუ სასამართლო კორპუსთან ამ საკითხზე არ ვისაუბრებ, არ გავზომავთ ჩვენს შესაძლებლობებს და შემდეგ საკანონმდებლო ცვლილების მოდელს არ შევთავაზებთ პარლამენტს. თუმცა ამ საკითხზე ფიქრი მიმდინარეობს. ერთი სისხლის სამართლის სპეციალისტი ცხონებული გიორგი ტყეშელიაძე იტყოდა ,,ვიჩქაროთ ნელა”. ეს სტანდარტია ახლა, თუმცა უნდა ვიყოთ ეფექტურები და ის რაც პოლიტიკური ნებით აღიარდა სიმართლის დამკვიდრება, ეს, რასაკვირველია, ჩვენი პრიორიტეტია.
,,ჯი-ეიჩ-ენი”, ესაუბრა მირანდა ნაბახტეველი