«იმიერკავკასიაში უსაფრთხოების თაობაზე საერთაშორისო დისკუსიათა» (მარტო სახელწოდება რად ღირს!) მორიგი რაუნდის დასრულების შემდეგ, ოსურ ოფიციოზში გაჩნდა ინფორმაცია ერთ _ ერთი საკითხის შესახებ, რომელიც იქ, თურმე, «საერთაშორისო დონეზე» განიხილებოდა.
წავიკითხოთ მთლიანად: «სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა გამოიტანეს «აღმოსავლეთ ოსეთის»(!) ისტორიული ტერიტორიების საკითხი, რომელთაც ამჟამად(!) საქართველო აკონტროლებს. აღინიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ატარებს პოლიტიკას, რომლის მიზანია («აღმოსავლეთ ოსეთიდან») ოსური მოსახლეობის გამოდევნა, უკრძალავს მათ წინაპართა საფლავებისა და საკულტო ნაგებობების მონახულებას.
აი, ასე.
რომელი «აღმოსავლეთ ოსეთი»? ამ ე.წ. «საერთაშორისო დისკუსიის» მონაწილეებმა (მათ შორის დასავლეთის წარმომადგენლებმა) უკვე კარგად უწყიან, რომელიც: «აღმოსავლეთ ოსეთი», ანუ... თრუსოს ხეობა და ყაზბეგის რაიონი!
აკი ამბობდა ედუარდ კოკოითი, «ისტორიული მიწები უნდა დავიბრუნოთო».
არადა, როგორც წინა, ასევე ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები დღემდე ჩლუნგად გვიმეორებენ, რომ თურმე ჟენევის დისკუსიები «ძალზე სასარგებლო ფორმატია, რომლის ფარგლებშიც საქართველო იცავს საკუთარ ინტერესებს».
არადა, რეალურად, როგორც ბოლო რაუნდმა დაადასტურა, ამ ფორმატს სწორედ სეპარატისტები იყენებენ, რათა საერთაშორისო ასპარეზზე არა მხოლოდ 2008 წლის ეთნიკური წმენდისა და ოკუპაციის შედეგები «გააპრავონ», არამედ უკვე იმდენად გათავხედდნენ, რომ «აღმოსავლეთ ოსეთის», ესე იგი საქართველოსგან ახალ-ახალი ტერიტორიების წაგლეჯის საკითხიც «შეაპარეს» იმავე საერთაშორისო თანამეგობრობას, სადაც მათ ტრიბუნა ქართულმა დიპლომატიამ შეუქმნა ამ ე.წ. «ჟენევის დისკუსიებით».
ხოლო ამგვარი «თანდათანობით შეპარება» რით მთავრდება ხოლმე საბოლოოდ, _ თუნდაც ყირიმისა და დონბასის ბოლოდროინდელი მაგალითი ადასტურებს.
ოს ან აფხაზ სეპარატისტებს რას ვერჩით? _ მიიღეს ტრიბუნა და, როგორც რუსები იტყვიან, ამ ტრიბუნას აქტიურად იყენებენ, რათა «პროდვიგაც» საკუთარი ინტერესები. მაგრამ «ჟენევის» ბოლო რაუნდმა არა მხოლოდ ამ («აღმოსავლურ ოსური») სიუჟეტით, არამედ ბევრი სხვა თვალსაზრისითაც ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა. უფრო ზუსტად, მიუახლოვდა იმ ზღვარს, როდესაც მათში მონაწილეობა პირდაპირ დანაშაული ხდება, რაკი მხოლოდ მტრისა და არაკეთილმოსურნის, ან კიდევ გულგრილი «ფსევდომოკავშირეების» სავაჭრო (ჩვენს ხარჯზე სავაჭრო) წისქვილზე ასხამს წყალს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ჯერ კიდევ დილით, სანამ დისკუსიები დაიწყებოდა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართული დელეგაცია აპირებდა დემარშის მოწყობას, ანუ ჟენევის დატოვებას იმ ე.წ. «ხელშეკრულების» გამო, რომელიც სწორედ იმ დღეს გააფორმეს კრემლში ვლადიმერ პუტინმა და ლეონიდ თიბილოვმა.
ქართული დიპლომატია აქტიურ კონსულტაციებს აწარმოებდა «მეგობრებთან» (ესე იგი ევროკავშირთან და ამერიკასთან) რომლებიც, გაეროსა და ეუთოსთან ერთად, მონაწილეობენ დისკუსიებში. ამ კონსულტაციათა შინაარსი ღრმად გასაიდუმლოებულია. თუმცა, როგორც კი ტელეეკრანებზე საგარეო საქმეთა მინისტრი დავით დონდუა გამოჩნდა, მაშინვე ცხადი გახდა, როგორ განვითარდა მოვლენები. ამას სხვადასხვა წყარო ადასტურებს. და მაინც, ყველაზე მეტყველი მაინც თვით ქართველი დიპლომატის «მჟავე» სახე იყო.
ბუნებრივია, ქართულმა დიპლომატიამ «მეგობრებთან» დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებებისას დასვა საკითხი, რომ კრემლში მომხდარის ფონზე ჟენევის კონსულტაციებს აზრი არ ჰქონდა და პროტესტის ნიშნად ეს კონსულტაციები, როგორც მინიმუმ, უნდა გადადებულიყო, ანუ საქართველოს, მის მოკავშირეებსა და საერთაშორისო თანამეგობრობას არა მხოლოდ ბრტყელ-ბრტყელი განცხადებებით, არამედ რეალური დიპლომატიური დემარშით გამოეხატათ პროტესტი.
და სრულიად მოულოდნელად (უბედურებაც ისაა, რომ ეს მოულოდნელი გამოდგა ქართული დიპლომატიისთვის) ჩვენებმა ასეთი პასუხი მიიღეს ეუთოს, გაეროსა და ევროკავშირის წარმომადგენლობისგან: «კი ბატონო, თქვენ თუ გინდათ, დატოვეთ ჟენევა პროტესტის ნიშნად, მაგრამ კონსულტაციები მაინც ჩატარდება _ თქვენს გარეშეც, ჩვენი მონაწილეობით!»
ასეთ «დატოვებას» ისევ «არდატოვება» სჯობდა, თორემ რა გამოვიდოდა? რუსული საინფორმაციო საშუალებები მაშინვე მთელ მსოფლიოს მოსდებდნენ, რომ «საქართველოს დელეგაციამ პროვოკაციულად დატოვა ჟენევა», მაგრამ სხვა მონაწილეებმა «კონსტრუქციულად იმსჯელეს დღის წესრიგის საკითხებზე, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა მონაწილეებს გააცნეს თავისი პოზიციები» და (ანუ) თვით დასწრების ფაქტით და ჟენევის არდატოვებით, «ყველა მონაწილემ დაგმო ქართული მხარის არაკონსტრუქციული მიდგომა».
მინისტრის მოადგილე დონდუას «მჟავე» სახეზე, როგორც ცარცის ფურცელზე, ისე იკითხებოდა, რომ ჟენევაში პროტესტის ნიშნად კარის «გამოჯახუნებას» მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებოდა აზრი, თუ ასევე მოიქცეოდნენ სხვებიც (ბუნებრივია, რუსეთის, «სამხრეთ ოსეთისა» და აფხაზეთის წარმომადგენლების გარდა), მაგრამ ასე არ მოხდა!
«ეუთოსა» და «გაეროს» წარგზავნილთა მხრიდან ამგვარი საქციელი გასაკვირი არ არის: ამ ბიუროკრატებს სამსახურებრივად ევალებათ, იყონ «კონსტრუქციულნი» რუსეთის მიმართ, რომელსაც ორივე ორგანიზაციაში ვეტოს უფლება აქვს. ამიტომ ისინი საკუთარი ნებით არასდროს არაფერს გააკეთებენ ისეთს, რაც რუსეთს არ მოეწონება, გარდა ერთი შემთხვევისა: როდესაც მეორე, ასეთივე ძლიერი წევრი სახელმწიფო ისევე იაქტიურებს, როგორც რუსეთი აქტიურობს!
ეს სახელმწიფოა ამერიკის შეერთებული შტატები! მაგრამ... მინისტრის მოადგილის გამომეტყველებაში ისიც კრთოდა, რომ თვით ჩვენმა მეგობარმა ამერიკამაც კი, ამ შემთხვევაში უარი განაცხადა, აჰყოლოდა საქართველოს დემარშს და იგივე თქვა, რაც საერთაშორისო ბიუროკრატებმა: «თქვენ სადაც გინდათ იქ წაეთრიეთ, ჩვენ არსადაც არ წამოვალთ და შეხვედრას არ დავტოვებთ!»
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ისე, რატომღაც არავის მოსდის აზრად (არც წინა და არც დღევანდელი ხელისუფლების დროს), იკითხოს: რატომ და როგორ მოხდა, რომ ჯერ კიდევ 2009 წლიდან(!) დაწყებული, ამერიკის დელეგაციას ჟენევაში მხოლოდ მესამეხარისხოვანი დიპლომატები წარმოადგენენ? თავიდან ხომ სახელმწიფო მდივნის მოადგილე ფილიპ გორდონი «აწონასწორებდა» გრიგორი კარასინს, რომელიც იმ «დისკუსიათა» მუდმივი მონაწილეა დღემდე?! თუმცა, ჯერ კიდევ 2009 წლიდან (ვიმეორებ) ამერიკული წარმომადგენლობა ჟენევაში თანდათან შემცირდა და დავიდა «მეშვიდე თანაშემწის მეცხრე რეფერენტამდე».
რატომ? იმიტომ, რომ ჩვენი ამერიკელი «მეგობრები» ამით რუს კოლეგებს «ხურდაში უბრუნებენ» საქართველოს და ეუბნებიან: «ეს თქვენი გავლენის ზონააო» _ იმავე სტილში, როგორც ობამამ თქვა, რომ «საქართველო იმ გზაზეც არ დგას, რომელიც ნატოსკენ მიდის».
სხვაგვარად რომ იყოს, ანუ ამერიკა რომ ისევე აქტიურობდეს ჩვენი ინტერესების მხარდასაჭერად ჟენევის «დიპლომატიური ბატალიებისას», როგორც რუსეთი აქტიურობს იქ აფხაზეთისა და «სამხრეთ ოსეთის» ინტერესების დასაცავად, იგივე «ეუთოსა» და «გაეროს» ბიუროკრატებიც ასე იოლად ვერ გაბედავდნენ მხოლოდ რუსეთის მაამებელი პოზიციების დაკავებას გადამწყვეტ მომენტებში, მაგრამ რახან ამერიკას «კიდიხარ» (რაც ამ ბოლო რაუნდზე ყველაზე მკაფიოდ გამოჩნდა!), ისინიც იოლად «გიკიდებენ».
ამ ლაყე «ევროკავშირზე» ხომ ლაპარაკიც ზედმეტია _ უკრაინის «თავის ტკივილი» ვერ დაუამებიათ და ეგღა აკლიათ ახლა, რაღაც გაუგებარი «საქართველოსთვის» აიტკივონ აუტკივარი თავი.
ასე გაგრძელდება მანამ, სანამ ქართული დიპლომატია არ ისწავლის დემარშების განხორციელებას და საკუთარი პოზიციის მტკიცედ დაცვას მაშინაც კი, როცა ეს ჩვენს პარტნიორებს არ აწყობთ _ რუსეთთან მიმდინარე ვაჭრობისას. ოღონდ ამას, პოლიტიკურ ნებაზე მეტად, ნიჭი და ოსტატობა სჭირდება, თორემ ყოველთვის ასევე «დაგაბრუნებენ ხურდაში» შენივე მეგობრები.
და სხვათა შორის, ამ ფონზე ნურც ნურავის უკვირს, რომ ასპარეზზე გამოდიან გოგი თოფაძის მსგავსი მოღვაწეები, ვინც უკვე ღიად ამბობს, რომ ამგვარი «მეგობრებისა» და «მოკავშირეების» იმედად ყოფნას (მუდამ რომ მზად არიან, «ხურდაში დაგაბრუნონ») ისევ მტერთან მორიგება სჯობს _ ეგება «აღმოსავლეთ ოსეთი» მაინც შევინარჩუნოთო.
მანამდე კი, ზემოხსენებული «მჟავე» ფიზიონომია «დიპლომატიად» წოდებული ქართული «დოყლოპატიის» სახეა!
მიხეილ გეწაძე, „ჯი-ეიჩ-ენი“