სოხუმის თეატრის მსახიობი გარდაცვლილი იპოვეს. მიხეილ ქვაჭრელიშვილის ცხედარი მარჯანიშვილის #16 მდებარე საცხოვრებელ კორპუსის ლიფტის შახტაში აღმოაჩინეს. ამჟამად ქვაჭრელიშვილის ცხედარი გადასვენებულია პროზექტურაში, სადაც ექსპერტიზა მიმდინარეობს. ცხედარი უკვე იდენტიფიცირებულია.
შემთხვევის ადგილზე შეკრებილი ახლობლების განცხადებით, თვითმკვლელობის ვერსია გამორიცხულია, რადგან მიხეილ ქვაჭრელიშვილი მორწმუნე ადამიანი იყო და ის თვითმკვლელობას არ ჩაიდენდა.
სამართალდამცავების მიერ ჩატარებული პირველად დათვალიერებით, ქვაჭრელიშვილის გვამს დაზიანებები არ აღენიშნება და არც გაძარცვულია.
აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილის მეგობრების თქმით, ბოლო დროს ქვაჭრელიშვილთან მუქარის ზარები ხორციელდებოდა, თუმცა თავად გარდაცვლილი ამ ფაქტს ვერაფერს უკავშირებდა და აცხადებდა, რომ მისთვის გაუგებარი იყო, ვინ უნდა დამუქრებოდა და რა მოტივით.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ ქვაჭრელიშვილი აღდგომის ღამეს გაუჩინარდა.