მოსკოვში, კრემლიდან სულ ახლოს, მოკლეს რუსეთის დემოკრატიულ ძალთა ლიდერი, ყოფილი ვიცე-პრემიერი ბორის ნემცოვი. მისი მკვლელობა გასაკვირი ნამდვილად არ არის. გასაკვირი ისაა, ამდენ ხანს რომ იცოცხლა: ბუკვალურად მეორე დღეს, ის აპირებდა, სათავეში ჩასდგომოდა მრავალათასიან მარშს _ უკრაინაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ. მარში მაინც გაიმართა, მაგრამ ეს მისი სამოქალაქო პანაშვიდი აღმოჩნდა.
მკვლელობის დეტალებიდან საერთოდ არაფერიც რომ არ მიუთითებდეს ხელისუფლების შეკვეთაზე, მაინც არავის შეეპარებოდა ეჭვი, რომ ნემცოვი რუსულმა სპეცსამსახურებმა მოკლეს მათთვის ჩვეული მხეცური სისასტიკით, გველური ცინიზმითა და უკიდეგანო დაუნდობლობით. არადა, მეტყველი დეტალი იმდენია, რომ საერთოდ აღარ ტოვებს არანაირ ეჭვს.
მაგალითად, ერთი ასეთი ნიუანსი: ნემცოვის მეგობარმა ქალმა, რომელიც მკვლელობას შეესწრო, ვერაფრით გაიხსენა, როგორი მანქანით გაიქცა შემდეგ მკვლელი. არადა, 23 წლის ტოპ-მოდელ ქალბატონს მანქანის მარკის დასახელება მაინც უნდა შეძლებოდა თითქოს. ეს სპეცსამსახურთა ხელწერაა: იცოდნენ, რომ ადგილზე მისული პოლიცია პირველ რიგში მანქანის მარკას ჰკითხავდა მოწმეს, ამიტომ ისეთი მანქანა გამოიყენეს, რომელიც მოსკოვში შედარებით იშვიათია, ამიტომ ქალბატონი დაიბნა და ცხელ კვალზე დევნამაც შედეგი არ გამოიღო.
მაშ, მოწმე რატომ არ მოკლეს იქვე? იმიტომ, რომ მკვლელობა სწორედაც პოლიტიკური იყო, ანუ მიზანმიმართული, გარკვეული კატეგორიის დასაშინებლად. ქალიც რომ მოეკლათ ნემცოვთან ერთად, მაშინ მკვლელობა ამ მიზანმიმართულობას, ესე იგი "საზოგადოებრივ მესიჯს" ნაწილობრივ დაკარგავდა, ხოლო შემკვეთს (პუტინს) ეს არ აწყობდა. მესიჯი სუფთად უნდა წაკითხულიყო: `ნემცოვი მოითხოვდა ნოვოროსიის მიტოვებას და იქაურ რუსთა ჩაბარებას უკრაინელი ფაშისტებისთვის", ის "მოითხოვდა ყირიმელი რუსების მიტოვებას და ყირიმის დაბრუნებას უკრაინისთვის. ამიტომაც დაისაჯა _ სხვათა ჭკუის სასწავლებლად.
ბუნებრივად ისმის კიდევ ერთი კითხვა: მერედა, განა ამით ვინ დააშინეს _ 50 000 რუსი ხომ გამოვიდა მოკლული ნემცოვის პატივსაცემ მიტინგზე? კი გამოვიდა, მაგრამ, ჯერ ერთი, ეს მესიჯი ცნობად სახეებს მისწვდა უფრო, ვიდრე მასას, ხოლო ლიდერთა გარეშე დარჩენილი მასა საშიში არ არის. გარდა ამისა, კრემლის მესიჯი, ისევ და ისევ, სწორად "წაიკითხა" ათეულობით მილიონმა რუსმა, რომელიც აბსოლუტურად გულწრფელად უჭერს მხარს პუტინისა და მის ქმედებებს: ხელისუფლება თანმიმდევრულია, არაფრის წინაშე უკან არ დაიხევს, გასაკეთებელს გააკეთებს და საქმეს ბოლომდე მიიყვანს!
კიდევ მეტყველი დეტალი: მაინცდამაინც მკვლელობის ღამეს, კრემლის ახლომდებარე ქონგურზე დამაგრებული ვიდეოკამერები, რომელთაგან ორი ზუსტად იმ ხიდზე იყო მიშვერილი, სადაც ტრაგედია მოხდა, `რატომღაც~ გამორთეს. მხოლოდ ერთმა, ძალიან შორს, მდინარის მეორე მხარეს დამაგრებულმა კამერამ გადაიღო მკვლელობის მომენტი. მაგრამ ზუსტად იმ მომენტში, როცა მკვლელი ნემცოვს ზურგიდან მიეპარა და ოთხი ტყვია დაახალა, ამ კამერისგანაც "თოვლსაწმენდმა მანქანამ" დაფარა მკვლელობის ადგილი. ასეც რომ არ ყოფილიყო, ეს კამერა იმდენად შორსაა, რაიმეს გარჩევა, მით უმეტეს მკვლელის იდენტიფიცირება ძნელი იქნება.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ვინ იყო ბორის ნემცოვი? _ ერთ-ერთი ყველაზე ნათელი, კეთილშობილი და უბოროტო პიროვნება რუსულ ისტებლიშმენტში. ის განასახიერებდა 1990-იან წლებს, როცა ამ ვეება იმპერიამ, როგორც იქნა, გადააგდო მრავალსაუკუნოვანი ტოტალიტარულ-დიქტატორული რეჟიმი (ჯერ მეფის, შემდეგ კომუნისტების) და დემოკრატიის მშენებლობას შეეცადა. ნემცოვი იდგა პრივატიზაციის სათავეებთან, თუმცა თავად განსაკუთრებით არ უხეირია. ბიზნესი კი ჰქონდა, მაგრამ არცთუ ძალიან შემოსავლიანი.
რაც მთავარია, ნემცოვი იყო თხემით ტერფამდე ლიბერალი. მას სურდა თავისუფალი რუსეთი და იმასაც ხვდებოდა, რომ ამგვარი რუსეთი ვერ იარსებებს იმპერიულ ამბიციებზე უარის თქმის გარეშე. ნემცოვი, ისევე როგოც ყველა ჭკვიანი და ლიბერალი რუსი, ხვდებოდა მთავარს: იმპერიული პოლიტიკა, მეზობელი ქვეყნების დაპყრობა, აუცილებლად გამოიწვევს დემოკრატიისა და პიროვნული თავისუფლების დაკნინებას, ისევე, როგორც ეს ხდებოდა ათასწლეულის მანძილზე. შეუძლებელია, ქვეყანა იყოს იმპერია და არ თრგუნავდეს პიროვნებას საკუთარ სახელმწიფოში: იმპერია აუცილებლად იქცევა რეპრესიულ მანქანად თავისავე მოქალაქეების წინააღმდეგ, სხვაგვარად ის თავს ვერ შეინარჩუნებს.
სწორედ ამიტომ, პუტინის ავტორიტარულ რეჟიმს ნემცოვი მხოლოდ მკვდარი სჭირდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ის იმპერიული შოვინიზმით დაავადებული თანამედროვე რუსული საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილს წარმოადგენდა, მაინც საშიში იყო და ეს უმცირესობა სულ მალე შეიძლებოდა სახიფათო მასად გადაქცეულიყო, თუ უკრაინაში საქმე მთლად ისე ვერ წავიდოდა, როგორც პუტინს უნდა. მაგალითად, თუ გაიზრდება მსხვერპლი რუს "მოხალისეებს" შორის.
რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ბორის ნემცოვი მოკლა... მისმა ნათლია ბორის ელცინმა _ რუსეთის პირველმა პრეზიდენტმა, რომელმაც, მმართველობის ბოლოს, ერთი შეხედვით უცნაური გადაწყვეტილება მიიღო და საკუთარ მემკვიდრედ „კგბ“-ს საშუალო დონის უფერული ჩინოსანი, ვინმე ვლადიმერ პუტინი დაასახელა.
რატომ არა იგივე ნემცოვი? იმიტომ, რომ მას ხალხი არ მიიღებდა, პუტინი კი მიიღო! მაშასადამე, საბოლოო ანგარიშით, ნემცოვის მკვლელი თანამედროვე რუსული საზოგადოებაა _ მშობლიური დერჟავის დანგრევით გაავებული და ყველაფერზე წამსვლელი!
და რაც ყველაზე შემაძრწუნებელია, დღევანდელ მსოფლიოში აბსოლუტურად არავინ (ჩვენ მიერ ოდესღაც ყოვლისმცოდნედ მიჩნეული დასავლური ცივილიზაციის ჩათვლით) არ იცის, რა უყოს ამ გლობალურ პრობლემას. ანუ რა უშველოს რუსეთსა და მის უბედურ მეზობლებს.
ნიკა იმნაიშვილი, გაზეთი „პრემიერი“