ENG / RUS       12+

სოლომონ პავლიაშვილი ხელისუფლებას ლარის გადარჩენის გეგმას სთავაზობს

რესპოდენტის შესახებ

ხალხი ლარს პანაშვიდებს უხდის, თუმცა ხელისუფლება ჭირისუფლის როლის მორგებას არ ჩქარობს და იმედოვნებს, რომ ეროვნულ ვალუტას გადაარჩენს. სწორედ ამიტომაც, პრემიერის ინიციატივით, ჩინოვნიკები ქამრების შემოჭერის პოლიტიკაზე გადადიან, რაც სახელისუფლებო ხარჯების შემცირებას ნიშნავს. ამასთან, ეკონომიკური გუნდი მოლაპარაკებებს მსოფლიო ეკონომიკურ ორგანიზაციებთანაც აწარმოებს... პარალელურად, კულუარებში დაჟინებით მუსირებს აზრი, რომ თანამდებობებს ნოდარ ხადური და კიდევ რამდენიმე მინისტრი გამოემშვიდობება, თუმცა ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი სოლომონ პავლიაშვილი ამბობს, რომ თითის მხოლოდ ფინანსთა მინისტრისკენ გაშვერა არ შეიძლება და პასუხისმგებლობა დარგობრივმა უწყებებმაც უნდა აიღონ... მოკლედ, რასთან გვაქვს საქმე _ ეკონომიკურ შოკთან თუ სავალუტო ალქიმიასთან? _ `ქართულ ჯი-ეიჩ-ენთან~ საუბრისას სოლომონ პავლიაშვილი ლარის გადარჩენის ყველაზე სწრაფ და ეფექტურ მეთოდად რომელიმე დიდი ობიექტის პრივატიზაციას ასახელებს...      

 

_ ბატონო სოლომონ, ვიღაცები ამბობენ, რომ ლარის კურსი `ნაციონალების~ დროს ხელოვნურად იყო შენარჩუნებული და ის, რაც დღეს ხდება, საგანგაშო არაა...

_ ამ ეტაპზე ვეღარ ვიტყვით, რომ საგანგაშო არაფერია. საერთოდ, ეროვნული ვალუტის მიმართ ასეთი გულუბრყვილო დამოკიდებულება არ შეიძლება. ამასთან, სამთავრობო სტრუქტურებსა და ეროვნულ ბანკს უფრო მჭიდრო კოორდინაცია მართებთ. მათ საზოგადოებას უნდა დაანახონ, თუ რას აპირებენ, რომ ლარის უფრო მეტი დევალვაცია არ მოხდეს და ინფლაციური პროცესები არ წავიდეს. მეწარმეებსა და იმპორტიორებში ინფლაციური მოლოდინი არ უნდა გაჩნდეს, თუმცა დევალვაცია უკვე იმხელაა, რომ ინფლაციის დაწყება თეორიულად კი არა, პრაქტიკულადაც შესაძლებელია.

_ ხელისუფლების მომხრეები იმასაც ამბობენ, მხოლოდ ლარი კი არა, აზერბაიჯანული, სომხური თუ რუსული ეროვნული ვალუტაც ეცემა და ყველაფერი ეს გლობალური მოვლენაა, რაც მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაიაფებით აიხსნებაო...

_ გარე ფაქტორები, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ ამაზე სერიოზული შიდა ფაქტორებია, მაგალითად, მიმდინარე წლის იანვარში ექსპორტი, გასული წლის იანვართან შედარებით, თითქმის 30%-ითაა შემცირებული, რაც საკმაოდ დიდი მოცულობაა. ასევე, ტრანსფერი, 30-23 მილიონითაა შემცირებული.

_ ეს შემცირებები რამ გამოიწვია?

_ ამის მიზეზი, გარკვეულწილად, რუსეთისთვის დაწესებული ემბარგო და მის მიმართ გამოცხადებული სანქციებია, რასაც უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებიც დაემატა.

_ რუსეთის მიმართ დაწესებულ ემბარგოს ჩვენთან რა ხელი აქვს?

_ რას ლაპარაკობთ?! _ ჩვენი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 10 პროცენტი რუსეთზე მოდის, 8 პროცენტამდე კი, _ უკრაინაზე, რაც საკმაოდ მოცულობითია, ანუ ციფრებით რომ ვთქვათ, მხოლოდ რუსეთთან ეს 800 მილიონია, უკრაინასთან კი, _ 600 მილიონი დოლარი.

მოკლედ, ის ფაქტორები, რომლებმაც ქვეყანაში ვალუტა უნდა შემოიტანოს, არ მუშაობს. ამასთან, მიგრაციასთან დაკავშირებით რაღაც შეზღუდვები დავაწესეთ.

_ ამ შეზღუდვებს, როგორც ახლა ირკვევა, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება არ ითხოვდა...

_ დიახ, არ ითხოვდა და ამ აკრძალვების დაწესება სპონტაურად, გნებავთ, გაუაზრებლად მოხდა, რითიც უცხოელების საქართველოში ჩამოსვლა შეფერხდა. აქ მხოლოდ სტუდენტებზე კი არა, იმ ტურისტებზეცაა ლაპარაკი, რომლებიც შაბათ-კვირას ირანსა და სხვადასხვა ქვეყნიდან თანხის დასახარჯად ჩამოდიოდნენ. აღარაფერს ვამბობ ინვესტიციებზე...

მოკლედ, დღეს ლაპარაკი მხოლოდ ლარის გაუფასურებაზე კი არა, უკვე ეკონომიკის შეზღუდვაზეცაა.

_ სხვათა შორის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აქცენტს ეკონომიკური შოკის ნიშნებზე აკეთებს. ეკონომიკის შეზღუდვა რას ნიშნავს?

_ მაგალითად, გამსახურდიას ქუჩაზე უკვე გაჩნდა წარწერები, რომ ქირავდება კომერციული ფართები, რაც იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკა იზღუდება _ მოსახლეობაში ფული აღარაა.

_ ბატონო სოლომონ, მართალია, ეკონომისტი არ ვარ, მაგრამ კომერციული ფართები ლარის გაუფასურებამდეც ქირავდებოდა...

_ რა თქმა უნდა, ქირავდებოდა, მაგრამ ამდენი თავისუფალი კომერციული ფართი არ არსებობდა. დიახ, მოსახლეობაში ფული აღარაა: რადგან ექსპორტი შემცირებულია, ვალუტა არ შემოდის, ხელფასები არ რიგდება, ან შემცირებული სახით რიგდება, რაც თავისთავად მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობის შემცირებას იწვევს. ყველაფერი ეს ჯერ მცირე ზომით შეიმჩნევა, მაგრამ იმპორტიორები იძულებულნი გახდებიან, შემოტანილი საქონელი უფრო ძვირად გაყიდონ, რათა დოლარი, რომელიც იმპორტს სჭირდება, შეიძინონ. მიმოქცევიდან დოლარის ამოღება ხდება, შესაბამისად, დოლარზე მოთხოვნა იზრდება, რასაც საზოგადოებაში არსებული პანიკაც ემატება _ ყველა ცდილობს, ლარი მოიშოროს. ამ სიტუაციაში მხოლოდ ეროვნული ბანკი ვერაფერს გააკეთებს და ტყუილად გაიძახიან, რეზერვები გამოიტანოსო. მხოლოდ ერთ თვეში, დეფიციტი 165-200 მილიონია, რის ამოვსებასაც, თუკი ეკონომიკა არ ამუშავდა, ეროვნული ბანკი ვერ შეძლებს.

ჩვენ ცნება `პრივატიზაცია~ დავივიწყეთ. არადა, სასწრაფოდ რომელიმე დიდი ობიექტის პრივატიზება უნდა მოხდეს, რათა ქვეყანაში ინვესტიცია შემოვიდეს.

_ ეს ხომ გრძელვადიანი პროექტია. ლარს კი, გადარჩენა სჭირდება!

_ ახლა ყველაზე ეფექტური მაინც პრივატიზაციაა. ექსპორტის მხარდამჭერი პროგრამის შემუშავება თუ გარკვეული შეზღუდვების მოხსნა უფრო გრძელვადიანია.

_ ლარს ისიც ვერ გადაარჩენს, ხელისუფლებამ მეორე კვარტლის ტრანშის წინასწარ მიღება რომ მოითხოვოს?

_ რა ტრანშზეა ლაპარაკი? როგორც ვიცი, მთავრობას უნდა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებისგან სესხი აიღოს, მაგრამ ამ სესხს თავისი მომსახურება აქვს, რომელიც დოლარში უნდა მოხდეს, ანუ ისევ თანხის კონვერტაცია მოგვიწევს...

_ ანუ, იმის თქმა გინდათ, რომ სესხი თუ ტრანში ლარს არ გაამყარებს?

_ ეს მოკლევადიანი სტრატეგიაა, რომელიც ყველაზე კარგი გამოსავალი არ იქნება. ვთქვი და ვიმეორებ: ყველაზე კარგი გამოსავალი რომელიმე დიდი ობიექტის პრივატიზებაა, რითიც ქვეყანაში, მინიმუმ, ნახევარი მილიარდის ვალუტა შემოვა.

_ ასეთი დიდი ობიექტი რომელია?

_ მგონი, ამას ხელისუფლებაც აპირებს, ლაპარაკია გარდაბნის თბოელექტროსადგურზე, სასტუმრო `რიქსოსზე~ და სხვა. მთავარია, ინვესტორი დროულად მოიძებნოს. მომხრე ვარ და ამაში საგანგაშო არაფერია, რომ თუნდაც რკინიგზის აქციების გასხვისებაც მოხდეს.

_ ვფიქრობ, ეს საფრთხილოა, რადგან რკინიგზა სტრატეგიული ობიექტია და მისი აქციები, შესაძლოა, ოკუპანტმა რუსეთმა დაისაკუთროს.

_ მნიშვნელობა არ აქვს, აქციებს რუსეთი იყიდის, აშშ თუ იაპონია. იმის გარკვევის დრო არ გვაქვს, ამა თუ იმ ინვესტორის უკან ვინ დგას, თუკი საინტერესო წინადადება იქნება, უნდა გავყიდოთ!

_ ბატონო სოლომონ, ამის თაობაზე ადრეც გისაუბრიათ. ამიტომ, მოდით, ისევ ლარის გაუფასურების საგარეო ფაქტორებს დავუბრუნდეთ. ხელისუფლებისა არ იყოს, ამბობთ, რომ რუსეთსა და უკრაინაში მიმდინარე პროცესებმა ლარზე უარყოფითად იმოქმედეს. შეიძლება, ასეცაა, მაგრამ უკრაინაში ომი ახლა კი არა, წელიწადის წინ დაიწყო. ხელისუფლებამ პრევენციული ნაბიჯები რატომ არ გადადგა?

_ მოგეხსენებათ, ოპტიმისტი ვარ და იმედიანად ვიყავი, მაგრამ ხელისუფლება რაღაცნაირად გულუბრყვილო აღმოჩნდა. ჯერ ერთი, მთავრობისა და ეროვნული ბანკის კოორდინაცია სუსტია. მეორეც, ფულადსაკრედიტო და, ასევე, ფისკალური პოლიტიკაც არ მუშაობდა. მესამეც, იმისთვის, რომ ვალუტის შემოდინება არ შემცირებულიყო, უკუღმა ნაბიჯები გადაიდგა.

_ `უკუღმა ნაბიჯები~ რას ნიშნავს?

_ იგივე ცვლილებები საემიგრაციო კანონში, რომელმაც ტურისტების შემოსვლასა და ინვესტორების შემოყვანას პირდაპირ დაარტყა. ასევე, დააწესეს შეზღუდვები მიწის პრივატიზაციაზე... არადა, ასეთი ფრაგმენტული გადაწყვეტილებების მიღება არ შეიძლება. ხშირად ზოგიერთი პარლამენტარი რაღაც ინიციატივით გამოდის, რითიც სხვა სეგმენტს აზიანებს. ასე, მაგალითად, ჯერ სიგარეტზე, ახლა კი, ლუდზე აქციზის გაზრდა სწორად არ მიმაჩნია, რადგან ამით ეკონომიკა იზღუდება. სხვა თუ არაფერი, ლუდის რეალიზაცია შეიზღუდება, მით უმეტეს, რომ ბაზრის 90 პროცენტი ქართული ლუდით მარაგდება. სამომხმარებლო ბაზრის ლამის 87 პროცენტი კი, მთლიანად იმპორტირებულია...

_ ბატონო სოლომონ, ქვეყნის მთავარი ეკონომიკური დოკუმენტი ბიუჯეტია. კულუარებში ამბობენ, ხადური თავს იგიჟებს, 2015 წლის ბიუჯეტში ცვლილებებს არ შევიტან, რადგან საქართველოს ისტორიაში ფინანსთა ერთადერთი მინისტრი უნდა ვიყო, რომელიც ბიუჯეტს არ შეცვლისო. ლარის გაუფასურებაზე ესეც მოქმედებს?

_ ბიუჯეტის ცვლილების გამო, პოლიტიკური მოსაზრებით, შეიძლება, მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. ხშირად ყველა ხელს ხადურისკენ იშვერს, მაგრამ საინტერესოა, დარგობრივი სამინისტროები რას აკეთებენ? ასევე, საინტერესოა, მხარჯველმა სუბიექტებმა თანხა რატომ არ დახარჯეს?

_ ბატონო სოლომონ, მთავრობაში მუშაობის გამოცდილება გაქვთ და შეგიძლიათ, ახსნათ, მხარჯველმა უწყებებმა ხარჯვითი ნაწილი რატომ ვერ შეასრულეს?

_ აქ პოლიტიკური ნების პრობლემაცაა _ მთავრობა შეშინებული არ უნდა იყოს და იმაზე არ ფიქრობდეს, ფულს რომ დავხარჯავ, რას იტყვიანო.

_ ყველაფერ ამასთან ერთად, მთავრობაში უცოდინრობის პრობლემაც ხომ არაა?

_ დიახ, გარკვეული არაპროფესიონალიზმიცაა. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ოპერატიული მართვა არ ხდება, თან მთავრობას ოპონირების ეშინია, ანუ ოპონენტებისთვის პასუხის გასაცემად მზად არაა.

კიდევ ერთი თემა უნდა წამოვწიო: როგორც კი პროფესიონალი კადრი გამოჩნდება, გაიძახიან, აი, შევარდნაძის კადრიაო და ამას `ნაციონალები~ ამბობენ, რომლებიც თავიდან ბოლომდე შევარდნაძის შვილობილები იყვნენ. დღევანდელი მთავრობაც `ნაციონალებსაა~ აყოლილი _ მათ უსმენს. ავიღოთ იგივე რუსეთთან ურთიერთობის თემა, რუსეთთან ეკონომიკური კავშირი იმ დოზით უნდა გვქონდეს, რომ დღეს არსებული დე ფაქტო პოლიტიკური მდგომარეობა არ დაზარალდეს. უნდა ვიცოდეთ, რომ რუსეთი ჩვენთვის სანდო პარტნიორი არასოდეს იქნება, მაგრამ მიუხედავად ამისა, რაღაც დოზით უნდა ვეთანამშრომლოთ.

_ სხვათა შორის, ის მოსაზრებაც არსებობს, რომ ლარის გაუფასურებაზე აჟიოტაჟი `ნაციონალებმა~ ატეხეს, თორემ სინამდვილეში, არაფერი ხდება...

_ `ნაციონალებმა~ აჟიოტაჟი კი არ ატეხეს, უბრალოდ, ლარის გაუფასურება საჯილდაო ქვად აქციეს...

_ თქვენი დაკვირვებით, ხელისუფლებას ეკონომიკური პოლიტიკა აქვს?

_ აქვს, მაგრამ ამ პოლიტიკაში შეცდომებია დაშვებული. მთავარი პრობლემა კი, ვფიქრობ, ისაა, რომ იმ პროფესიონალებს, რომლებსაც არსებული სიტუაციისთვის თავის გართმევა ხელეწიფებათ, არ იყენებენ.

_ `ნაციონალების~ ეკონომიკური პოლიტიკა დღევანდელს ჯობდა?

_ არა, რადგან ის ეკონომიკური პოლიტიკა ძალადობაზე იყო აგებული. დღეს კი, ბიზნესი, მეტ-ნაკლებად, დაწყნარებულია, თუმცა ვიმეორებ, გადაწყვეტილებების მიღება, ყველა დონეზე, დაგვიანებით ხდება.

_ დღეს რომ ხელისუფლების ეკონომიკურ გუნდში იყოთ, ლარს რა ინექციას გაუკეთებდით?

_ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ვალუტა ჩვენი რესურსების ხარჯზე შემოვიდეს, ეს კი, მხოლოდ და მხოლოდ, პრივატიზაციას შეუძლია. ამიტომ, აუცილებელია, რომელიმე დიდი ობიექტის პრივატიზება მოხდეს.

_ მაშასადამე, იმაში ცუდი არაფერი ყოფილა, ცხონებული ბენდუქიძე ყველაფერს რომ ყიდდა, არა?

_ რა თქმა უნდა, ყოველთვის პრივატიზაციის მომხრე ვიყავი, რადგან ამით ქვეყანა ინექციას იღებს, თუმცა მთავარია, პრივატიზაციით მიღებულ თანხებს რა მიზნით გამოვიყენებთ. პრივატიზაცია საინტერესო რომ იყოს, დამატებითი რეგულაციები არაა საჭირო.

_ ბატონო სოლომონ, ზოგი ამბობს, ქვეყანა 90-იან წლებში რომ არ დაბრუნდეს, ყოფილმა პრემიერმა ბიუჯეტს ერთი მილიარდი აჩუქოსო. ეს თეორიულად შესაძლებელია?

_ კი ბატონო, თეორიულად შესაძლებელია და გვიშველის კიდეც, მაგრამ არ ვიცი, ფიზიკურმა პირმა ბიუჯეტში ფული როგორ უნდა ჩადოს. მგონია, რომ ეს არასწორი ფორმა იქნება.

_ ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ `ოცნება~ ლარის კურსის დაცემის გადაფარვას უკრაინაში `ნაციონალთა~ თანამდებობებზე დანიშვნით ცდილობს...

_ ეს ადამიანები, შეიძლება, პროფესიონალები არიან, მაგრამ მათი დანიშვნა, მგონია, რომ საქართველოს მთავრობის ჯინაზე კეთდება. არადა, `ოცნებას~ უკრაინის საწინააღმდეგოდ ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამს. სხვათა შორის, არ გამოვრიცხავ, რომ `ნაციონალების~ დანიშვნა ერთგვარი ზეწოლის შედეგია, ანუ ამით დასავლეთი იმის დემონსტრირებას ახდენს, რომ უკრაინა თანდათან დასავლური ხდება.

_ მერე, ამის დემონსტრირება ცუდია?

_ არა, მაგრამ თავისთავად საგულისხმოა, რომ ამ ხალხზე საქართველოში გარკვეული შეკითხვები არსებობს. ყველაფერი ეს კი იმ ამბავს მახსენებს, თავის დროზე რომ ითქვა, კახა თარგამაძე რუსეთის შს მინისტრის მოადგილედ ინიშნებაო და, თუ გახსოვთ, ამას რა პანიკა მოჰყვა _ მთელი საქართველო დაინგრა...

ხელისუფლების კიდევ ერთი პრობლემა ისაა, რომ თანამდებობაზე ხალხი მხოლოდ გარემოცვიდან მოჰყავს, თუმცა გარემოცვაში მაინცდამაინც ნათესაობას არ ვგულისხმობ. ასევე, მგონია, რომ ყოფილ პრემიერამდე იმ ადამიანებზე, რომელთა გამოყენებაც შეიძლება, ნაკლები ინფორმაცია მიდის.

მოკლედ, ქვეყანაში მართვის პრობლემაა _ ვერ გაურკვევიათ, რა არის სახელმწიფო საწარმო, საჯარო სამართლის იურიდიული პირი და სახელმწიფო პოლიტიკა. სოფლის მეურნეობაში 72 საწარმოა, აქედან, 50 უმოქმედოა. რას ვაშენებთ, სოციალიზმს? რაც ახლა ეკონომიკის სამინისტრომ გააკეთა, სრული ნონსენსია.

_ რა გააკეთა?

_ სახელმწიფო კვების ობიექტი დააფუძნა, რაც სუფთა კერძო სექტორის ამბავია. რა, თავდაცვის სამინისტროს ფეხსაცმელები რომ დასჭირდება, საამისოდ ახალი სახელმწიფო შპს უნდა დააფუძნოს? რუსეთშიც ზუსტად ასე ხდება...

_ ბატონო სოლომონ, შიმშილობა გვემუქრება?

_ არა! ბიუჯეტს ვალდებულებების შესრულება არ გაუჭირდება, თუმცა საზოგადოებას იმედი რომ ისევ გაუჩნდეს, ხელისუფლებაში ახალი სახეებია საჭირო!

_ ღმერთმა გისმინოთ!

ესაუბრა ნატა შამათავა

ავტორი: . .