საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ის თავდაცვის მდივანს შეხვდა. მინდია ჯანელიძესა და ჩაკ ჰეგელს შორის შეხვედრა ალიანის შტაბ-ბინაში, ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრაზე კოლეგებმა აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ამერიკულ მხარეს საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა დადებითად შეაფასა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმები და გამოხატა მზადყოფნა აქტიურად გააგრძელოს ტრანსფორმაციის პროცესის მხარდაჭერა. აღინიშნა პრეზიდენტ ობამას ევროპის მხარდაჭერის ინიციატივის ფარგლებში საქართველოსთვის დაგეგმილი დახმარების მნიშვნელობა.
განხილვის ერთ-ერთი თემა რეგიონალური უსაფრთხოება და არსებული გამოწვევები იყო. ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზეც. თავდაცვის მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა ქართველი სამხედროების მიერ მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილი.
საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებას და აშშ-ის როლს პაკეტით განსაზღვრული კომპონენტების განხორციელების პროცესში.