ნატოს შტაბ-ბინაში საქართველოსა და პოლონეთის თავდაცვის მინისტრებს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა. საუბრის დასაწყისში მინდია ჯანელიძემ კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის და საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა პოლონელი დამკვირვებლების მონაწილეობა ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში.
მხარეებმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესზე ისაუბრეს. ტომაშ სიემონიაკმა პაკეტის განხორციელების პროცესში აქტიური ჩართულობის მზადყოფნა გამოხატა. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას და საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში.
მინისტრებმა საქართველოსა და პოლონეთის თავდაცვის უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და სამომავლო პერსპექტივებზეც იმსჯელეს. მინდია ჯანელიძემ პოლონელი კოლეგა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია.
მასალის გამოყენების პირობები