ოკუპირებული გალის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თემურ ნადარაია მიიჩნევს, რომ გალში გამეფებული კრიმინალური ვითარების დასარეგულირებლად მარტო ძალოვანი სტრუქტურების ძალისხმევა არ კმარა და სამართალდამცავების მოქმედების გარდა აუცილებელია ეკონომიკის გაძლიერება.
,,თუ რაიონში ეკონომიკა აღორძინდება და მოსახლეობას დასაქმების შანსები გაუჩნდება, მაშინ კრიმინალის რიცხვიც მნიშვნელოვნად შემცირდება." - განაცხადა თემურ ნადარაიამ აფხაზ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ დამნაშავეობასთან ბრძოლამ გალის რაიონში ინტენსიური ხასიათი მიიღო და მას შემდეგ, რაც ე. წ. შინაგან სამეთა მინისტრმა ადგილობრივი მოსახლეობის უსართხოების ზომები გაამკაცრა, დამნასავეობამ იკლო.
ნადარაიას თქმით, იმისათვის რომ აფხაზმა სამართალდამცავებმა თავიანთი მოვალეობა უფრო ეფექტურად შეასრულონ, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება სჭირდებათ.
,,გალის მილიციის განყოფილების უფროსი ცდილობს დისციპლინა ჯერ თავისი სტრუქტურის შიგნით დაამყაროს, რაც მთლიანობაში ვითარების სტაბილურობას შეუწყობს ხელს." - განაცხდა ნადარაიამ.
მისი თქმით, მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მთელი გალის რაიონის ტერიტორიაზე ოკუპირებული აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები გამუდმებით პატრულირებენ.
ნადარაიას მტკიცებით, სამართალდამცავებმა რაიონში მომხდარი რამდენიმე მძიმე დანაშაული გამოიძიეს და გახსნეს კიდეც.
,,ბოლო სამი თვის განმავლობაში გახსნილია 18 დანაშაული და დაკავებულია 12 ბოროტმოქმედი, რომლებზეც ადრე ძებნა იყო გამოცხადებული." - ამბობს გალის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
მასალის გამოყენების პირობები