მე ასე ვფიქრობ და ასე მგონია: მაშინ როდესაც კაენმა აბელი მოკლა, ღმერთს პირველი ცრემლი ჩამოუვარდა. ღმერთმა დაიტირა აბელი. ისევე როგორც ღმერთმა დაიტირა პოლიციელი თარაშ მუკბანიანი. თარაში რატომ? იმიტომ, რომ მისი სიკვდილიც ვერაგულად ჩაიფიქრეს, დაგეგმეს და განახორციელეს იმ ადამიანებმა, რომლებმაც აჭარასა და მთელ საქართველოში ისევ წინა პლანზე დააყენეს ე.წ. "კრიმინალური ავტორიტეტები", "მაყურებლები", "ძველი ბიჭები". იმიტომ რომ აქ უფრო დიდი სივერაგეა - ძმისგან ძმის ღალატი და გამეტება. არსებობს დირექტივა, მოერიდეთ "მათ", არსებობს დირექტივა, თუ გესვრიან, თქვენ არ უნდა ესროლოთ. არსებობს დირექტივა - მოკვდით!
----------------
შსს-ს ოფიციალური ინფორმაცია: შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული რამაზ დ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს მეშვიდე განყოფილების უმცროსი ინსპექტორის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 27 დეკემბერს, ღამის საათებში, ბათუმში, ერთ-ერთ კლუბში, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს ბათუმის საქალაქო სამმართველოს მეშვიდე განყოფილების უმცროს ინსპექტორს, 1992 წელს დაბადებულ თარაშ მ-ს, რომელიც არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. თარაშ მ. მიყენებული ჭრილობის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო რამაზ დ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას დააკავეს. სამართალდამცველებმა მკვლელობის იარაღი და მასრები ნივთმტკიცების სახით შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).
თუ, კიდევ ერთხელ, კარგად გადაიკითხავთ ამ ოფიციალურ ინფორმაციას, რომლის მომზადებაზე, ალბათ, დიდი შრომა და ჯაფა დახარჯეს შსს-ში, აუცილებლად გაგახსენდებათ ნოდარ დუმბაძის "თეთრი ბაირაღები": ჩვენ, ქართველებს, გვაქვს ერთი უცნაური გამოთქმა - შემომაკვდა, შემომეჭამა, შემომელახა, შემომეუპატიურა და ასე შემდეგ. იმას კი არ ვიტყვით, მე მოვკალიო, ან მე გავაუპატიურეო. რომ მოვკალი და გავაუპატიურე, იმის ბრალიაო, მოფიქრება არ უნდა ამას?
ანუ ცხადია, რომ შსს-ს რაღაც უნდა, როდესაც ხაზგასმით აცხადებს: რომელიც არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას.
როგორც იტყვიან, შუბი ხალთაში არ იმალება და ცხადი იყო, დღეს თუ ხვალ მეფეც გაშიშვლდებოდა. მაგრამ ამაზე ცოტა ქვემოთ.
----------------
იმას, რასაც ქვემოთ მოვყვები, შსს აუცილებლად უარყოფს, ისევე როგორც უარყო შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა უწყებიდან თანამშრომლის გიორგი ლომსაძის გაგდება და განმარტა - თავად დაწერა განცხადებაო. გინდ დამიჯერეთ და გინდ - არა, მაგრამ ლევან მაჭავარიანზე კარგის მეტი არაფერი გამიგია და წარმომიდგენია, რაოდენ მძიმე ვითარებაში იქნებოდა ეს ბატონი ამ ტყუილის გაჟღერებისთვის.
ალბათ, გახსოვთ გავრცელებული ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ ავტომანქანას, რომელშიც კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორის მოადგილე ზურაბ ბერიკაშვილი ზის, პატრული აჩერებს. პირი, რომელიც ავტომანქანას მართავდა, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ისევე როგორც თავად ბერიკაშვილი. ჩანაწერის მიხედვით, მას შემდეგ, რაც პატრულმა ავტომანქანა გააჩერა, ბერიკაშვილი გადმოვიდა და სცადა, პატრულისთვის აეხსნა, რომ ის ჩინით პოლკოვნიკია, რის გამოც უნდა გაუშვან. მას შემდეგ, რაც პატრულის თანამშრომელი გადაწყვეტს, რომ მაინც დააჯარიმოს, ბერიკაშვილი იღებს იარაღს. უკვე ამის მერე პატრული მას აკავებს და გადაჰყავს სამმართველოში.
შემდეგ მოვლენები ასე განვითარდა - პატრულის ერთ-ერთი თანამშრომელი გიორგი ლომსაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ის აიძულეს, წასვლის შესახებ განცხადება დაეწერა. რაც შეეხება ზურაბ ბერიკაშვილს, ის დააწინაურეს და დღეს კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორის მოადგილეა.
სწორედ ეს არის საქმე - მაჭავარიანმა სწორად ბრძანა, პირადი განცხადების საფუძველზეო, მაგრამ აქ საქმე ისაა, რომ დააწერინეს, დააწერინეს, ბატონო ლევან, და ამით კიდევ ერთხელ შეურაცხყვეს პოლიცია. ვინ? ისევ პოლიციელებმა - მაღალჩინოსნებმა, რომელთათვისაც ეს უწყება "მე ვარ და ჩემი ნაბადია". მაღალჩინოსნებმა, რომლებიც არაფრად დაგიდევენ, მუნდირისა და საკუთარი უწყების, საკუთარი თანამშრომლების არც ღირსებასა და არც სიცოცხლეს.
ცნობისთვის: შსს წარმოადგენს ქვეყნის სამართალდამცავ უწყებას. სამინისტროს უმთავრესი მიზანია სამართალდარღვევათა რიცხვის შემცირება, მოქალაქეთა მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უზრუნველყოფა, მათი უფლებების დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს სტანდარტების შესაბამისად დაცვა. ამ მიზნის მისაღწევად სამინისტროს ამოცანებს განეკუთვნება დანაშაულის პრევენცია, ეფექტიანი რეაგირება, ხარისხიანი მომსახურების გაწევა და საზოგადოებასთან მჭიდრო, ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების ჩამოყალიბება.
სამართალდარღვევათა რიცხვის შემცირებისა და მოქალაქეთა მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უზრუნველყოფისთვის მოწოდებული უწყება, საკუთარ თანამშრომელს რომ ვერ ამყოფებს მშვიდად და პოლიციის უფროსად არაერთხელ ნასამართლევ პირს დაგინიშნავს, როგორ უნდა გრძნობდე თავს ადამიანი უსაფრთხოდ და მშვიდად? ახლა ისევ აჭარას დავუბრუნდეთ.
---------
რამაზ დევაძის მიერ თარაშ მუკბანიანის მკვლელობამ აჭარის პოლიციის თანამშრომლების აღშფოთება გამოიწვია. მით უფრო ყველასთვის ცნობილი იყო და არის, რომ დევაძე კრიმინალური ავტორიტეტის, "ლავასოღლი ბატუმსკის" (მინდია გორაძე) თანამზრახველია. ბათუმში უკვე ყველამ იცის, რომ დევაძეს არა მხოლოდ "ლავასოღლი ბატუმსკის" ავტორიტეტი უმაგრებს ზურგს, არამედ კარგად იციან, რომ მას მფარველები, არც მეტი, არც ნაკლები, პოლიციის მაღალ ეშელონებში ჰყავს.
გავრცელებული ინფორმაციით: დევაძეს დიდი ხანია მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს ე.წ. კანონიერ ქურდ მინდია გორაძესთან.
2014 წლის 19 ივნისს "ლავასოღლი", კანონის დარღვევით, ბათუმში ერთი დღით იმყოფებოდა და მეგობრების წრეში, სასტუმრო "გოლდენ პალასში" ივახშმა, მას ბათუმში სწორედ დევაძე დააცილებდა.
მასთან ერთად, "BMW"-ს მარკის ავტომობილში, რომელიც ბათუმის ქუჩებში უპრობლემოდ გადაადგილდებოდა, მათი კიდევ ერთი მეგობარი - ფაღავა იჯდა.
გამოცემა "benewsbatumi"-ს ინფორმაციით, აღნიშნული პიროვნება საზოგადოებას გასულ ზაფხულს დაამახსოვრდა.
კერძოდ, 2014 წლის 26 ივნისს, როცა ბათუმის პოლიციის მე-5 განყოფილების თანამშრომელს პუშკინის ქუჩაზე სასტიკად გაუსწორდა. ამის შემდეგ კი, თავად მინისტრის დავალებით, თბილისიდან დასასვენებლად ბათუმში ჩასული პოლიციელები სასტიკად სცემა.
ორივე საქმეში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე და აჭარის შსს სამმართველოს უფროსი თამაზაშვილი ჩაერივნენ, რის შემდეგაც, 2000-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ, დევაძე გაათავისუფლეს.
"benewsbatumi"-ს ინფორმაციით, რამაზ დევაძეს კრიმინალურმა ავტორიტეტმა მინდია გორაძემ, იგივე "ლავასოღლიმ", "სპორტსმენ კრიმინალთა" (მოჭიდავეების) ჯგუფის შექმნა დაავალა, რომელიც დანაშაულებს დევაძის ხელმძღვანელობით სჩადიოდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ 27 დეკემბრის მკვლელობის შემდეგ დევაძე საქართველო-თურქეთის საზღვრის ქართველმა მესაზღვრეებმა დაუბრკოლებლად გაატარეს, ის ნეიტრალურ ტერიტორიაზე თურქმა მესაზღვრეებმა დააკავეს და ქართულ მხარეს გადმოსცეს.
მაგრამ, როგორც ცნობილი ხდება, ამ დაკავებაში საკუთარი წვლილი მუკბანიანის კოლეგებმა შეასრულეს, რომლებიც აღშფოთდნენ "ზემოდან" წამოსული ბრძანებით - დევაძის საზღვარზე უპრობლემოდ გადაყვანის შესახებ.
მუკბანიანის მკვლელობის შემდეგ რიგითი პოლიციელებისა და განსაკუთრებით კრიმინალური პოლიციის თანამშრომელთა განწყობა მყისიერად გახდა ცნობილი "ხელმძღვანელობისთვის". როგორც "პრემიერს" აჭარის შს სამმართველოს კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი უყვება, დევაძის დაკავების შემდეგ "ლავასოღლიმ" ჯერ სამმართველოს უფროსს დავით თამაზაშვილს აგინა და მერე ხელვაჩაურის მთავარ პოლიციელს ემზარ სურმანიძეს დაურეკა.
"სურმანიძეს პირდაპირ უთხრა "ლავასოღლიმ", მიდი თამაზაშვილთან, ამ საქმეს მოუაროს, როგორც საჭიროა, თორემ დედები არ გეყოლებათ არც ერთსო. ვინმე ცუდი თვალით შეხედავს ჩემს ბიჭებს და ქათმებივით დაგხოცავთ ყველას", - ამბობს კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი, რომელიც შემდეგ ასეთ ფრაზას წარმოთქვამს: "დედას და შვილებს გეფიცები, აჭარაში პოლიცია არ არსებობს. ყველაფერს შავები მართავენ და ჩვენ ყველაფერის უფლება წაგვართვეს".
"პრემიერი": რას გულისხმობ?
პოლიციელი: ამ ნაბოზარმა სურმანიძემ თათბირი ჩაატარა ამას წინათ. ნახე, რას ამბობს - მორიგეობას რომ მორჩებით, იარაღს დატოვებთო. კარგი, პატრული მორჩა მორიგეობას და დატოვა იარაღი. კრიმინალური პოლიციის თანამშრომელმა რა ქნას?
"პრემიერი": მანაც უნდა დატოვოს.
პოლიციელი: ჭკვიანი კაცი მგონიხარ, როგორ დატოვოს? ვთქვათ, მკვლელობის საქმე მაწერია, წავედი სახლში და უცებ რაღაც ინფორმაცია შემომდის ამ საქმეზე. ადგილზე უნდა გავიდე სადღაც და მანდ კიდევ ხაფანგია. ყვავილებით წავიდე? თუ პოლიციაში მივიდე და ვთქვა, ასეა, ბატონო, ინფორმაცია უნდა მომცეს ამან და ამან და იარაღი მინდა. ეს ხომ სურმანიძე-თამაზაშვილის გადამკიდე პოლიციის მხრიდან უმალ ეცოდინება ყველას?
"პრემიერი": როგორ?
პოლიციელი: რა როგორ, თავად მფარველობენ და აწვდიან ინფორმაციას. შავები უთანხმებენ ამათ, სად რა საქმე უნდა გააკეთონ, იმას თავი დავანებოთ, რომ ესენი თავად აძლევენ საქმეებს და წილში არიან. დანაშაულის ნახევარზე მეტი არ აღირიცხება. მოკლედ, შეკრულები არიან... უფრო სწორად ვიტყვი, აჭარაში შავები მართავენ პოლიციას.
"პრემიერი": ეს მძიმე ბრალდებაა.
პოლიციელი: რაღაც არ გჯერა ჩემი და ბარემ ამასაც გეტყვი. ამ სურმანიძემ იმავე თათბირზე რა თქვა, იცი?
"პრემიერი": რა?
პოლიციელი: მოჭიდავეებს მოერიდეთო. ანუ "ლავასოღლის" ხალხსო. თუ სადმე ნახავთ, თვალებში ნუ შეეჩეხებით. მოერიდეთ იმ მანძილზე, რომ არ გაღიზიანდნენო.
"პრემიერი": ანუ?
პოლიციელი: ანუ ის, რომ ჩმორებად იყავითო, და თუ ახლოს მიხვალთ, შარი ატყდა და ამას გართულება მოჰყვა, ჩემი ბრალი არ იქნებაო.
"პრემიერი": მოიცა, მოიცა, ანუ თუ მოგკლესო?
პოლიციელი: ნუ, ეგ სიტყვა არ უთქვამს, როგორც თქვა, გეუბნები, - შარი ატყდა და ამას გართულება მოჰყვაო, მაგრამ ეს იგივეა.
"პრემიერი": შენ იცი, ახლა რას ამბობ?
პოლიციელი: იცი, პოლიციაში მუშაობის რამდენი წლის სტაჟი მაქვს? თარგამაძის დროსაც კი სკანდალი იყო პოლიციელის მკვლელობა. ამათ კი რა ქნეს.
"პრემიერი": რა ქნეს?
პოლიციელი: გახსოვს, რა დაწერეს ოფიციალურ ინფორმაციაში მუკბანიანზე? - "სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდაო". ანუ ამ ბიჭს უნდა დააბრალონ, რომ მოკლეს, მისი ბრალიაო. და უფრო უარესი. მერე რა, რომ სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა. ქათამია? პოლიციელია, მოქალაქეა. დამიჯერე, ისე წაიყვანენ საქმეს, თითქოს თარაშმა დააშავა და იმან აფექტის მდგომარეობაში ესროლა. ამისთვის დასჭირდათ ეს, სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდაო, რომ თქვეს. თახსირები არიან...
ამ დიალოგის სტენოგრამას აქ შევწყვეტ, გარკვეული მიზეზების გამო.
ანუ ამ ყველაფრიდან რა გამოდის? ხელვაჩაურის პოლიციის უფროსი ემზარ სურმანიძე საკუთარ თანამშრომლებს ერთ შემთხვევაში, როდესაც მათ იარაღის ტარებას უკრძალავს, სასიკვდილოდ იმეტებს და მეორე შემთხვევაში, ეუბნება, არ მიეკაროთ "მოჭიდავეებს" და ისინიც კარგად იქნებიან, თქვენც ცოცხლები დარჩებით და მეც ვიჯდები ჩემს სკამზეო? ცხადია, რომ ეს არ იქნება სურმანიძის თვითშემოქმედება და ისიც ცხადია, რომ რეგიონში ყველას ასეთი დირექტივა აქვს.
---------
ჟურნალისტიკის წესები ითხოვს, რომ მეორე მხარესაც მოუსმინო, მაგრამ იმდენად ამაზრზენი და გულისამრევი იყო ის, რაც ამ პოლიციელისგან მოვისმინე, კაცურად დავით თამაზაშვილიც შემეცოდა და ემზარ სურმანიძეც, რომლებსაც "კრიმინალური ავტორიტეტის" დავალებების შესრულება უხდებათ. შემეცოდა ღირსებაშელახული პოლიცია და ამ უწყებაში დასაქმებულების თანაგრძნობის გამოსახატავად მხოლოდ ერთი ფრაზა წამომიტივტივდა თავში: "რას შვრებით, ხალხო, რას, რას ჰგავხართ, თუ ხედავთ ამას, ვინ ხართ, თქვე უბედურებო, რა ჯიშის ხართ, რა გიყოთ და რას დაგამსგავსათ მამაძაღლმა ....... და მოსასპობმა ........ არ ფიქრობთ, ვერ ხედავთ ამას?"
მოდით და ჩამქოლეთ ახლა...
------
და მაინც, ოფიციალურად რასაც იტყვით, ვიცი. ტყუილია!
არა, ბატონებო, ყველამ იცით, რომ ეს ყველაფერი ტყუილი არ არის. სიმართლეა, სრული სიმართლე და მართლა, როგორ არ გრცხვენიათ? ნუთუ, მართლა არავის შერჩა ღირსება, რომ საკუთარი თანამებრძოლის სახელი დაიცვას?
ამიტომაც არ მინდა არანაირი ოფიციალური კომენტარი. უბრალოდ, არ მჯერა იმ უწყების, რომელიც იტყუება, რომელიც საკუთარ თანამშრომელს ვერ იცავს და სასიკვდილოდ იმეტებს.
უარყავით ახლა ეს ყველაფერი. გამოფინეთ მორიგი ტყუილი მუნდირის ღირსების გადასარჩენად. იმ მუნდირის გადასარჩენად, რომელსაც ბოლო ორ წელზე მეტია, აწუწებენ, აფურთხებენ და რაც მთავარია, მუნდირს მიღმა მყოფ პერსონებს, არც მეტი, არც ნაკლები, ხოცავენ კიდეც.
პოლიციელს რომ გაგილახავს და გიგინებს, იმ პოლიციელს როგორ აწინაურებ?
პოლიციელისთვის ყველაზე აღმატებულ ეპითეტად "...ლე"-ს რომ იმეტებს, იმ ადამიანის ჭკუასა და "ხოშზე" როგორ დადიხარ?
მაგრამ ეს ყველაფერი იქით იყოს. თანამშრომელს რომ მოგიკლავენ და მკვლელს გადაეფოფრები, სამომავლოდ, პოტენციურ მკვლელებს სახეზე ცნობ და მათ უსაფრთხოებაზე დაიწყებ ზრუნვას, მე, მოქალაქეს, ხომ უნდა გამიჩნდეს, მინიმუმ, ეჭვი, რომ ცუდი კაცი ხარ, ცუდი ხელმძღვანელი თუ თანამშრომელი, და რაც მთავარია, შენ ჩემი დამცველი არ ხარ?
ქართული პოლიციის შემხედვარე ღმერთი ტირის. არ გჯერათ და გადამეტებულად მიგაჩნიათ? რატომ? იმიტომ რომ მოკლული და ღირსებაშელახული პოლიციელი თქვენი შვილი არ არის, თქვენი ძმა არ არის?
თუმცა კაცმა ღმერთის ტირილი რომ დაინახო და გესმოდეს, მაშინ არც არავის დააჩაგვრინებდი საკუთარ მოყვასს.
გაზეთი „პრემიერი", გოჩა მირცხულავა