საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე ნატოს შტაბ-ბინაში ალიანსის გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა. ორმხრივ შეხვედრაზე ნატო-საქართველოს ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებული არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის დეტალებზე და მიღწეულ პროგრესზე.
თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელება უწყების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მხარეებმა დაადასტურეს, რომ პაკეტის იმპლემენტაცია ხელს შეუწყობს საქართველოს თავდაცვის სისტემის ტრანსფორმაციის პროცესს, ალიანსთან თავსებადობის გაზრდას, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობით მიღებული გამოცდილების გაზიარებას და თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას.
შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები. ნატოს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ალიანსის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და აღნიშნა, რომ ალიანსისთვის მიუღებელია რუსეთსა და აფხაზეთის მარიონეტულ რეჟიმს შორის გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულება.
მხარეებმა თავდაცვის სფეროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმებიც განიხილეს. ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, ალიანსი დადებითად აფასებს და მხარს უჭერს საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს.
იენს სტოლტენბერგმა განსაკუთრებით აღნიშნა ის წვლილი, რომელიც საქართველოს შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. თავის მხრივ, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა წვლილი შეიტანოს ავღანეთში მიმდინარე ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის" ოპერაციაში და ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში.
„შედგა ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან საინტერესო შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივანთან. ვისაუბრეთ ნატო-საქართველოს მიმდინარე თანამშრომლობის საკითხებზე და სამომავლო გეგმებზე, რაც ძირითადად უკავშირდება არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესს. ნატო-საქართველოს კომისიის მთავარი განსახილველი საკითხი იქნება არსებითი პაკეტი. ჩვენ ვართ მოწოდებული, რომ მაქსიმალურად ეფექტურად და მოკლე დროში მოხდეს პაკეტის ცალკეული ინიციატივების იმპლემენტაციის დაწყება. ნატოს გენერალური მდივნის მხრიდან, ხელმძღვანელობის მხრიდან, არის სერიოზული მხარდაჭერა და მზაობა, რომ ხელი შეუწყონ ამ პროცესს.
ნატოს მუდმივი ჯგუფის დაკომპლექტება და მისი გამოგზავნა საქართველოში არის არსებითი პაკეტის ერთ-ერთი ინიციატივა. ივარაუდება, რომ წლის პირველ ნახევარში მოხდება ამ ჯგუფის გამოგზავნა საქართველოში. ძირითადად უკვე დაკომპლექტებულია და ველოდებით გარკვეულ პროცედურებს, მათ შორის ლეგალურ პროცედურებს, რომ მივიღოთ ეს ადამიანები საქართველოში.
წვრთნისა და შეფასების ცენტრი აამაღლებს ჩვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალების თავსებადობას ნატოს სტანდარტებთან და მოამზადებს ჩვენს ჯარისკაცებს სამშვიდობო ოპერაციებისთვის. ადგილი განისაზღვრება საბოლოოდ მას შემდეგ, რაც შემფასებელი ჯგუფი ჩამოვა საქართველოში. სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოს გვექნება ზუსტი ინფორმაცია ცენტრის ადგილსამყოფელის შესახებ" - განაცხადა მინდია ჯანელიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ხვალ, თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე მოხსენებით წარდგება. ვიზიტის დროს დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ალიანსის წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრებთან.