"მე როგორც დეპუტატს არანაირი რეკომენდაციის დაწერის უფლება არ მქონდა და არც არასდროს არ დამიწერია", -განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ყოფილმა დეპუტატმა ელენე თევდორაძემ ,,რუსთავი-2"-ის ეთერში ლევან გაბუნიას მიერ გაჟღერებული ბრალდების საპასუხოდ.
მისივე განცხადებით, იგი ური ვაზაგაშვილს 2006 წლამდე პირადად არ იცნობდა და მხოდოდ კორტბეის სპეცოპერაციის შემდეგ გაიცნო.
,,იური ვაზაგაშვილი ჩემთან მაშინ მოვიდა როცა კორტების ამბავი მოხდა, მანამდე ეს კაცი ჩემს კაბინეტში არ მინახია არასდროს. კორტების ამბავი როცა მოხდა მეუღლესთან და ადვოკატთან ერთად იყვნენ ჩემთან მოსული. ჩემთან ბევრი განცხადება სხვადასხვა ფაქტებთან დაკავშირებით შემოდიოდა, მე არ მახსოვს, ზურაბ ვაზაგაშვილის შესახებ რაიმე განცხადება, თუმცა შესაძლებელია იყო რაღაც განცხადება ყოფილიყო. თუმცა ერთადერთი რის უფლებაც მე მქონდა როგორც დეპუტატს მიმემართა პროკურატურისთვის, რომ გამოეძიებინათ საქმე სამართლიანად, სხვა უფლება მე არ მქონდა.ამიტომ მე არ ვიცი რაზეა ლაპარაკი და ფულზე მეცინება კიდევ. უბრალოდ თვითონ ვაზაგაშვილები შემეცოდნენ ძალიან", -განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში თევდორაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ „რუსთავი 2"-ის ეთერში ლევან გაბუნიამ განმარტა, რომ 2002 წელს ბექა პაპუაშვილი ზურაბ ვაზაგაშვილმა და მისმა მეგობრებმა მოკლეს, რისი მოწმეც მისი შვილი გიორგი გაბუნია იყო.
მისივე განმარტებით, იური ვაზაგაშვილმა ბექა პაპუაშვილის მკვლელობის გამო დაკავებული შვილისა და მისი მეგობრების თავისუფლების სანაცვლოდ 70 ათასი დოლარი გადაიხადა, თუმცა გაბუნიამ ასევე აღნიშნა, რომ ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ გააჩნია.
,,გამოძიება ბექა პაპუაშვილის მკვლელობაზე მაშინვე დაიწყო, იმ დღესვე იყო დაკავებული ზურაბ ვაზაგაშვილი და მისი მეგობრები. მაგრამ იმ დღესვე გაუშვეს, რადგან იური ვაზაგაშვილმა გადაუხადა 70 ათასი დოლარი ვაკე-საბურთალოს პროკურატურას, ამაზე საუბრობდა ყველა გამომძიებელი, ვისაც ჩემი შვილის საქმე ჰქონდა. გამომძიებლებსა და ვაზაგაშვილს შორის შუამავალი იყო და ზურაბ ვაზაგაშვილის გათავისუფლებაზე დიდი როლი ითამაშა ელენე თევდორაძის დახასიათებამ და რეკომენდაციამ. ასევე იმ დროისთვის თუ არ ვცდები, საბურთალოს რაიონის პოლიციის უფროსის ჩარევამ. არსებობს ელენე თევდორაძის რეკომენდაცია და ალბათ, მანაც მიიღო რაღაც", - განაცხადა ლევან გაბუნიამ.