სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" პროექტის _ "სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემის რეფორმირება არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისათვის საქართველოში" _ შუალედური შედეგების პრეზენტაცია გაიმართება.
როგორც არასაპატიმრო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ იობაძემ აღნიშნა, პრობაციის ეროვნული სააგენტო და გაეროს ბავშვთა ფონდი არასრულწლოვანების მიმართ სარეაბილიტაციო აქტივობების დაგეგმვაში და განხორციელებაში წამატებით თანამშრომლობს.
"ასაკიდან გამომდინარე 18 წლამდე პრობაციონერებთან მუშაობა განსაკუთრებულ მიდგომას მოითხოვს. ამის გათვალისწინებით პრობაციის ბიუროში დასაქმებულმა არასრულწლოვანმა მსჯავრდებულთა სპეციფიკურ საკითხებზე სპეციალური სასწავლო კურსი გაიარეს. ამასთან, თბილისის პრობაციის ბიუროში უკვე დაიწყო მუშაობა ბავშვთა ფსიქოლოგმა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში არასრულწლოვანებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს ატარებს", - განაცხადა იობაძემ.
ამასთან, იობაძის შეფასებით, მნიშვნელოვანია გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერა არასრულწლოვანი მსჯავრდებულების რისკებისა და საჭიროების შეფასების სისტემისა და სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის მეთოდოლოგიის შემუშავებაში.
"აუცილებელია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში არასრულწლოვანის მიმართ რესოციალიზაციის ინდივიდუალური გეგმა მისი საპრობაციო ვადის პერიოდში უნდა გაგრძელდეს",- აღნიშნა მან.
ორწლიან პროექტს საქართველოს მთავრობა და გაეროს ბავშვთა ფონდი, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.