რაულ ხაჯიმბა სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის წარმომადგენელსა და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეს ჰელბერტ ზალბერს შეხვდა.
შეხევდრაზე ჟენევის მოლაპარაკებებში აფხაზეთის მონაწილეობის პერსპექტივებსა და ევროკავშირის მხრიდან ოკუპურებულ აფხაზეთში ინფრასტრუქრურული პროექტებით შესაძლო დაინტერესებაზე ისაუბრეს.
ზალბერის თქმით, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ამ ჯერზე გალის რაიონის გარდა, სადაც ევროკავშირის დახმარებით განსახორციელებელი პროექტების მიმდინარეობას გაეცვნენ, გაგრა და ბიჭვინთაც მოინახულეს.
სპეცწარმომადგენელმა იმედი გამოთქვა, რომ აფხაზეთის ხელისუფლებასთან თანამშრომლობა უფრო გაღრმავდება და მომავალში ისეთი სფეროებიც დაფინანსდება, როგორის წვრილი და საშუალო ბიზნესია.
ევროკავშირის წარმომადგენლობა იზრუნებს ასევე ოკუპირებულ აფხაზეთში უცხო ენების შესწავლის საკითხზეც.
ზალბერმა აღნიშნა, რომ სასურველია სოხუმში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ოფისი გაიხსნას, რათა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლობასთან თბილისში მუდმივი კავშირი ჰქონდეთ.
ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა, თავის მხრივ, ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავების იდეას მიესალმა, თუმცა სტუმრებს მოუწოდა, აღიქვან და მიიღონ აფხაზეთი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო.
,,მე მესმის, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოსთან კავშირი, მაგრამ ჩვენთვისაც ძალზე მნიშვნელოვანია დასავლეთთან ურთიერთობა.
ამიტომ ეს ურთიერთობები საქართველოს ინტერესებზე მიბმის გარეშე უნდა ჩამოვაყალიბოთ.
დასავლეთმა უნდა გაიგოს, აფხაზეთი არის სახელმწიფო, რომელსაც უნდა ჩამოყალიბდეს და რომლის მიზანიც უახლოეს პერიოდში მსოფლიოსგან აღიარება კი არ არის, არამედ ჩვენი მიზანია, ეკონომიკური, ფინანსური და სამართლებრივი თვალსაზრისით ჩამოვყალიბდეთ შიგნით და ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ. მსოფლიო აღიარებისკენ კი ჩვენს ძალებს ამის შემდეგ მივმართავთ." - განაცხადა ხაჯიმბამ.
მასალის გამოყენების პირობები