თბილისი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით 7 წლის გიორგი იმერლიშვილის მკვლელობისათვის ჯემალ სამადაშვილს სამუდამო პატიმრობა, ხოლო მის არასრულწოვან შვილს კახა სამადაშვილს კი 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ჯემალ სამადაშვილის განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს გამოაცხადა. მამა-შვილმა სამადაშვილებმა 2009 წლის ივლისში მეზობლად მცხოვრები 7 წლის გიორგი იმერლიშვილი გაიტაცა და წამებით მოკლა. მკვლელი და მოკლული ფონიჭალაში ცხოვრობდნენ. ბავშვის ცხედარი სამართალდამცავებმა კუმისი ტბასთან ხევში იპოვეს.
ბოროტმოქმედებმა ბავშვი გამოსასყიდის მოთხოვნის მიზნით გაიტაცეს, ხოლო შემდეგ როდესაც გაიგეს, რომ ეს ინფორმაცია მოკლულის მშობლებმა სამართალდამცავებს შეატყობინეს მათ ბავშვი სასტიკად აწამეს და მოკლეს.
თავდაპირველად ბავშვი მამა-შვილმა სამადაშვილებმა დამარხეს საკუთარ სოფელში ხოლო შემდეგ ამოთხარეს და კუმისის ტბასთან ხევში ჩააგდეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ბავშვი სასტიკად იყო ნაწამები.
2009 წლის 16 ივლისს, დაახლოებით 12.00 საათზე კახა სამადაშვილი მამის დავალებით გარდაბნის რაიონის სოფელ მუხრანთელეთში წავიდა. ჯემალ სამადაშვილმა კი, ეზოდან გამოიყვანა და იმავე კორპუსში თავის საცხოვრებელ ბინაში აიყვანა ეზოში სათამაშოდ მყოფი მცირეწლოვანი გიორგი იმერლიშვილი, რათა ხელსაყრელ მომენტში სოფელ მუხრანთელეთში გადაეყვანა. ბავშვის მხრიდან შესაძლო ტირილისა და ხმაურის ატეხვის შემთხვევაში გამოწვეული საფრთხის თავიდან ასაცილებლად, ჯემალ სამადაშვილმა არასრულწლოვან გიორგი იმერლიშვილს ალკოჰოლური სასმელი მიაღებინა, დაელოდა ბავშვის თრობას და დაახლოებით, 14:00 საათზე, მობილური ტელეფონით გატაცებული ბავშვის მამას, გელა იმერლიშვილს მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა და კატეგორიულად გააფრთხილა, რომ ბავშვი მასთან იმყოფებოდა და პოლიციასთან დაკავშირების შემთხვევაში შვილს ვეღარ იხილავდა. ამასთან, შეტყობინების მიხედვით, იმერლიშვილების ოჯახი ორ დღეში შეატყობდა მძევლის გათავისუფლების სანაცვლო პირობას.
მას შემდეგ, რაც ჯემალ სამადაშვილმა შეიტყო, რომ გატაცებული მძევლის მშობლებმა დახმარებისათვის სამართალდამცველ ორგანოებს მიმართეს, ისარგებლა გიორგი იმერლიშვილის უმწეო მდგომარეობით და გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, განსაკუთრებული სისასტიკით ცემა მძევალს, რითაც მრავლობითი დაზიანებები მიაყენა სხეულის სხვადასხვა მიდამოებში, ხოლო შემდეგ ბლაგვი საგნის თავში ჩარტყმით მოკლა მცირეწლოვანი იმერლიშვილი.
გიორგი იმერლიშვილის მოკვლის შემდეგ, გამოძიებით დაუდგენელი პირი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო ჯემალ სამადაშვილმა აღნიშნული შეატყობინა შვილს, კახა სამადაშვილს და მისი დახმარებით გარდაცვლილის გვამი გარდაბნის რაიონის სოფელ მუხრანთელეთში მდებარე მათი საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა.
ჯემალ სამადაშვილი იმავე ღამეს დააკავეს შსს სოდ-ის თანამშრომლებმა.
სასამართლოს ინფორმაციით, ჯემალ და კახა სამადაშვილებმა თავი არ სცნეს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით: დაზარალებულ გელა იმერლიშვილის ჩვენებით, მოწმეთა ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით, შპს „მაგთი"-დან ამოღებული სატელეფონო ზარების დეტალური ნუსხით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად მიღებული მასალებით, საქმეზე ჩატარებული ქიმიური, ბალისტიკური, სასამართლო-სამედიცინო, ბიოლოგიური, ოდოროლოგიური, კომპლექსური და სხვა ექსპერტიზის დასკვნებით, ჯ. სამადაშვილის ეჭვმიტანილის სახით დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, ბინებისა და ავტომანქანის ჩხრეკის ოქმებით, დათვალიერების ოქმებით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებითა და საქმეში არსებული სხვა მასალებით, სრულად იქნა დადასტურებული ჯემალ და კახა სამადაშვილების მიმართ წარდგენილი ბრალდება.