საგამოძიებო ჯგუფმა, რომელიც პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავის კატასტროფას იძიებს, "შავი ყუთის" მონაცემების და ავიასამსახურებთან პილოტების საუბრის ჩანაწერების შესწავლა დაიწყო.
რუსეთის პროკურატურასთან არსებული საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლის ვლადიმერ მარკინის განცხადებით, მიმდინარეობს ჩანაწერების ექსპერტიზა და გაშიფვრა. ასევ მიმდინარეობს თვითმფრინავის ფრაგმენტების ამოღება.
ამასთან, საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ბასტრიკინის მითითების შესაბამისად, კატასტროფის ადგილის შესწავლა დღესაც გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავმა, რომელშიც, ბოლო მონაცემებით, 93 ადამიანი იმყოფებოდა, კატასტროფა 10 აპრილს, სმოლენსკთან განიცადა. ყველა მგზავრი დაიღუპა.
ლეხ კაჩინსკი სმოლენსკში კატინის მოვლენების 70 წლისთვისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე დასასწრებად მიდიოდა. კატინის ტრაგედიის დროს წითელმა არმიამ ათასობით პოლონელი დახვრიტა.