სახელმწიფოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და მუნიციპალიტეტების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მოქალაქეთა მიერ თვითნებურად დაკავების ფაქტების შემსწავლელმა შერეულმა სამთავრობო კომისიამ 53-ე სატანკო ბატალიონის და 25-ე სამხედრო ბატალიონის ყოფილ ტერიტორიაზე მოქალაქეთა მიერ თვითნებურად აგებული ხის ფიცრულების აღწერა დაასრულა.
რამდენიმე დღიანი მუშაობის შედეგად დადგინდა, რომ 53-ე სატანკო ბატალიონის ყოფილ ტერიტორიაზე ჩადგმულია 970 ხის ფიცრულ, ხოლო 25-ე სამხედრო ბატალიონის ყოფილ ტერიტორიაზე 383 ხის ფიცრული.
მეორე ეტაპზე კომისია აღნიშნულ ტერიტორიებზე მცხოვრები ოჯახების ინდივიდუალურ შესწავლას დაიწყებს.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ბრძანებით შერეული სამთავრობო კომისია 2014 წლის 5 დეკემბერს შეიქმნა, რომლის მიზანია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების თვითნებურად დაკავების ფაქტების შესწავლა და რეაგირების თაობაზე წინადადებების, დასკვნების და რეკომენდაციების მომზადება.
კომისიას ხელმძღვანელობს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე. კომისია დაკომპლექტებულია აჭარის მთავრობის აპარატის, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და აჭარის მუნიციპალიტეტების გამგეობების წარმომადგენლებით.
მასალის გამოყენების პირობები