სოხუმის აეროპორტის საფარი ყველა სახის სამოქალაქო თვითმფრინავის მიღების საშუალებას იძლევა. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ვიცე-პრემიერმა და ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრმა ვიქტორ ხილჩევსკიმ განაცხადა.
2014 წლის ნოემბრის თვიდან სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციისა და მისი ამოქმედების საკითხი ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლებამ დღის წესრიგში აქტიურად დააყენა.
ამ მიზნით, მათ მოლაპარაკებები რუსი ბიზნესმენის დერიპასკას კუთვნილ ბიზნეს-ჯგუფ ,,ბაზოვიი ელემენტის" შვილობილ კომპანია ,,აეროპორტ დეველოპმენტთან" აწარმოეს.
მოლაპარაკებების შედეგად აეროდრომისა და მისი ინფრასტრუქტურის, რადიონავიგაციის, კავშირგაბმულობის საშუალებების, ხელოვნური საფარის, ფრენების უსაფრთხოების, ტრანსპორტისა და სპეციალისტების მომზადების საკითხის მოგვარება აფხაზურმა მხარემ ითავა, დანარჩენი კომპლექის მშენებლობას კი, როგორიცაა ვაგზალი, სასტუმროები, მაღაზიები, რესტორნები და სხვა - კომპანია ,,აეროპორტ დეველოპმენტი" კისრულობს.
,,გეოგრაფიული და კლიმატური პირობები სოხუმის აეროპორტს ხელს უწყობს ფრენები ყველანაირ ამინდში შესრულდეს. ომამდე, მეტეოპირობების გამო, მთელი წლის განმავლობაში, აეროპორტი მხოლოდ ერთი დღით შეიძლებოდა დაკეტილიყო." - განაცხადა ვიქტორ ხილჩევსკიმ.
მისი თქმით, ხელახლა ამოქმედების შემდეგ აეროპორტში ორასამდე თანამშრომელი იმუშავებს.
,,სპეციალისტების ნაკლებობას ნამდვილად განვიცდით. კვალიფიციური მფრინავები, დისპეტჩერები და ინჟინრები ძალიან ცოტა გვყავს, ამიტომ სერიოზული კადრების მომზადება დაგვჭირდება. ამ საკითხზე მოლაპარაკებები უკვე გავმართეთ რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებთან და სამოქალაქო ავიაციის სპეციალურ სტრუქტურებთან." - აღნიშნა ხილჩევსკიმ.
სოხუმის არძინბას სახელობის აეროპორტის ამოქმედება 2 წელიწადში იგეგმება.
აფხაზი ჩინოვნიკის თქმით, ომამდე სოხუმის აეროპორტი საათში 600 მგზავრს ემსახურებოდა. ,,ორი წლის შემდეგ, ფრენების განახლებისთანავე, მგზავრთა ასეთი ნაკადის იმედი არ გვაქვს, მაგრამ მთავარია აეროპორტმა იარსებოს.
ფრენების ინტენსივობა შეზღუდული არ იქნება, ოღონდ კი მგზავრობის მსურველები იყვნენ." - მიიჩნევს ის.