მსოფლიო ოლიმპიური კომიეტეტის მიერ კოსოვოს ოლიმპიური კომიტეტის აღიარებამ სოხუმში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ოკუპირებულ აფხაზეთში იმედი გაუჩნდათ, რომ მათ სპორტსმენებსაც მიეცემათ მსოფლიო ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის შანსი, თუმცა ეჭვობენ, რომ ყველაფერს კვლავინდებურად პოლიტიკა გადაწყვეტს.
,,მსოფლიო ოლიმპიური კომიტეტის უკან ამერიკელები დგანან. ამერიკასა და ევროპას კი ორმაგი სტანდარტები ახასიათებთ. ის, რაც შეიძლება ერთი ქვეყნისთვის აკრძალული იყოს, მეორისთვის ნებადართულია. ასეა სპორტშიც. კი ამბობენ, რომ სპორტთან პოლიტიკა არაფერ შუაშია, თუმცა სპორტი და პოლიტიკა მაინც ერთმანეთშია გადაჯაჭვული." - აცხადებს ოკუპირებული აფხაზეთის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარეა ვალერი არშბა,
აფხაზურ საზოგადოებაში მიიჩნევენ, რომ მიუხედავად წინააღმდეგობისა, მიზნის მისაღწევად ყველა ღონეს უნდა მიმართონ. მათი აზრით, თუნდაც ორი სპორტსმენით რომ წარსდგნენ მსოფლიო ოლიმპიადაზე, ის ფაქტი, რომ ისინი აფხაზური დროშით გამოვლენ პუბლიკის წინაშე, უკვე დიდი მიღწევა იქნება.
ოკუპირებული აფხაზეთის ოლიმპიური კომიტეტი 2001 წელს დაარსდა და მისი წარმომადგენლები პირველივე დღეებიდან მსოფლიო ორგანიზაციას აღიარების თხოვნით წერილს წერილზე უგზავნიდნენ, თუმცა, კომიტეტის ერთ-ერთი დამაარსებლის, აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზკულტურის კათედრის გამგის რაფაელ ამპარის თქმით, მიღებული პასუხი იყო მოკლე და კონკრეტული.
,,გვწერდნენ, რომ აფხაზეთის რესპუბილკა მსოფლიო საზოგადოების მიერ აღიარებული არ არის და აქედან გამომდინარე, მსოფლიო ოლიმპიურ ორგანიზაციაში ვერ მიგვიღებდნენ." - აღნიშნა მან.
მიუხედავად ამისა, კოსოვოს მაგალითზე დაყრდნობით, აფხაზეთის ოლიმპიური კომიტეტი მსოფლიო ოლიმპიურ კომიტეტს კიდევ ერთხელ მიმართავს თხოვნით, აფხაზ სპორტსმენებს მსოფლიო სპორტულ ფორუმზე მონაწილეობის უფლება დართოს.
შეგახსენებთ, 8-9 დეკემბერს მონაკოში მსოფლიო ოლიმპიური კომიტეტის მორიგი სესია გაიმართა, სადაც კოსოვოს ოლიმპიურ კომიტეტს მსოფლიო ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის უფლება მისცეს.