სოხუმში ოკუპირებული აფხაზეთის ,,საზოგადოებრივი პალატის" მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც მოსახლეობაში გავრცელებული მანკიერი ტრადიციების აღმოსაფხვრელად სპეციალური კამპანიის ჩატარების აუცილებლობაზე ისაუბრეს.
,,პალატის" წევრებმა მრავალრიცხოვანი ქორწილებისა და ქელეხების გამართვის წინააღმდეგ ერთხმად გაილაშქრეს.
მათი თქმით, ეს ღონისძიებები ოკუპირებულ აფხაზეთში ყოველგვარი ნორმის დარღვევით იმართება და თავისი თავდაპირველი დანიშნულება, კარგა ხანია დაკარგა.
მოსახლეობა, მიუხედავად ფინანსური შესაძლებლობისა, ერთმანეთს ეჯიბრება მრავალრიცხოვანი ქორწილებისა და ქელეხების გადახდაში, რაშიც სრულიად უაზროდ ყრის თანხას.
,,ამას უმეტესად ის ადამიანები აკეთებენ, ვინც სამთავრობო წრეებში არიან მოკალათებულები და თავიანთი ფინანსური მდგომარეობის დემონსტრირება სურთ. მათ არ იციან, ფული სად წაიღონ. მისი ღარიბი ნათესავი ან მეზობელ კი იძულებულია, თავი არ სეირცხვინოს და ჩასაწერი ფული ისესხოს." - განაცხადა ,,პალატის" წევრმა ნათელა ჭამბამ.
,,საზოგადოებრივი პალატის" თავმჯდომარის, ნათელა აკაბას თქმით, ამ მრავალრიცხოვანი თავყრილობების დროს დახარჯული თანხის გამოყენება უფრო სასარგებლო საქმეში შეიძლება.
,,ჩვენ შეგვიძლია, ცალკეულ პიროვნებებს დავანახოთ, როგორ შეიძლება მათ მიერ ღრეობისთვის გადაყრილი ფულის სასარგებლო საქმეებში გამოყენება.
თუნდაც ეს იყოს მრავალშვილიანი ოჯახებისთვის მატერიალური დახმარების გაწევა."
- აღნიშნა აკაბამ.
პრობლემის მოსაგვარებლად, სხდომაზე სხვადსხვა წინადადება წამოაყენეს, ზოგის აზრით, მრავალრიცხოვანი თავყრილობების მომწყობთათვის საჭიროა, დაწესდეს გადასახადი, ზოგის აზრით - ფულის ჩაწერა უნდა აიკრძალოს, თუ მოწვეულთა რიცხვმა 500 ადამიანს გადააჭარბა.
თუმცა, საბოლოოდ მივიდნენ დასკვნამდე, რომ ამ მანკიერ ტრადიციებს იძულების გზით ვერ აღმოფხვრიან.
,, ჩვენს გაუკუღმართებულ ტრადიციებს უფრო ცივილური ხერხით უნდა მივუდგეთ, უმჯობესია, ჩამოვაყალიბოთ საზოგადოებრივი აზრი, ვაწარმოოთ სპეციალური კამპანია, ტელევიზიით გავუშვათ სოციალური სახის რეკლამები, სადაც ავტორიტეტული ადამიანები ტელეეკრანებიდან მოუწოდებს მოსახლეობას და ასწავლის, რა არის უკეთესი." - განაცხადა ,,საზოგადოებრივი პალატის" წევრმა ზურაბ აჩბამ.
შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ამ ეტაპისთვის ყველაზე ეფექტური იქნება, მპოსახლეობის სხვადსხვა ჯგუფთან სპეციალური შეხვედრები, ერთგვარი ,,მრგვალი მაგიდები" მოაწყონ და მრავალრიცხოვანი ქორწილებისა და ქელეხების გამართვის არამართებული ტრადიციები განიხილონ.
,,საზოგადოებრივი პალატის" წევრთა თქმით, საჭიროა ასევე, ამ საკითხებთან დაკავშირებული ტელეგადაცემების მომზადება.
შეგახსენებთ, ოკუპირებულ აფხაზეთში ქორწილზე მიწვეულ სტუმართა რაოდენობით ხუთასკაციანი სუფრა ყველაზე მინიმალურად ითვლება.
უფრო ხშირად 700-100 კაციანი ქორწილები იმართება.
იყო 1500 კაციანი ქორწილის შემთხვევებიც.
იგივე შეიძლება ითქვას ქელეხის სუფრებზეც.