სანაცვლოდ (ვიმეორებ) მოსკოვი იღებს აფხაზური «ბუს კვერცხებს»: არც მიწების თავისუფალ ყიდვა-გაყიდვას, არც უძრავი ქონების ბაზრის ლიბერალიზაციას, არც აფხაზური ჯარის შერწყმას რუსულ სამხედრო კონტინგენტთან, არც სასაზღვრო უწყებების გაერთიანებას და არც აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ქცევას რუსული МВД-ს ფილიალად (რაც ვლადისლავ სურკოვის თავდაპირველ ვარიანტში ეწერა) ხელშეკრულება არ ითვალისწინებს.
დიპლომატიური წარმატებაა, აბა რა არის?
თუმცა, ამჯერად სხვა რამ გვაინტერესებს. იმავე ინტერვიუში, ჩირიკბა სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც საქართველოს შესაბამის უწყებაში, როგორც ჩანს და როგორც წესია, მორცხვად ჩქმალავენ: თურმე ნუ იტყვით, ჟენევის ბოლო დისკუსიების დროს, აფხაზურმა დელეგაციამ მწვავედ დასვა სავიზო ბლოკადის მოხსნის საკითხი. ისინი ევროპელებისგან მოითხოვდნენ, პირველ ეტაპზე, თუ არა აფხაზური ან აფხაზეთში გაცემული რუსული პასპორტების, მაშინ ე.წ. «სასიცოცხლო ციკლის დოკუმენტთა» აღიარებას: დაბადების მოწმობების, გარდაცვალების მოწმობების და ასე შემდეგ.
იციან, რა უნდა მოითხოვონ: კარგი დიპლომატი ისაა, ვინც ზუსტად «წონის» თავის რესურსებს და ოსტატურად თამაშობს პარტნიორთა ინტერესებზეც. საქმე ის გახლავთ, რომ ხსენებული «სასიცოცხლო ციკლი» ევროპული ჰუმანისტური ცივილიზაციისათვის იმდენად წმიდაა, არ არის გამორიცხული, აქ მიაღწიონ კიდეც. და თუ აქ მიაღწიეს, მერე პასპორტების აღიარებაც აღარ იქნება შორს. ანუ, ეშმაკურად «აწვებიან» იქ, სადაც სისუსტეა და სადაც უარის თქმა საკუთარ ღირებულებათა შეურაცხყოფად აღიქმება.
მაგრამ ყველაზე მთავარი, რაც ჩირიკბამ თქვა, ამჯერად ამერიკელებს ეხება: «სწორედ ჩვენი დაჟინებული მოთხოვნების გამო, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელმა, ჟენევის შეხვედრისას, განაცხადა, რომ, ამიერიდან, ამერიკის მთავრობა ხსნის ყველა შეზღუდვას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლებისთვის, - ვისაც ამერიკაში მოგზაურობა უნდა - და გასცემს ვიზებს ამ რეგიონებში რუსულ პასპორტთა მფლობელთათვის. თანაც იმ პასპორტებზე, რომლებიც გაცემულია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის საელჩოების მიერ»
თუ სიმართლეა, ეს იცით რას ნიშნავს? ესაა სრული კატასტროფა და «დიპლომატიად» წოდებული ქართული «დოყლოპატიის» აბსოლუტური, საბოლოო კრახი!
რა თქმა უნდა იტყვიან, «ჩირიკბა იტყუება, ამერიკას არანაირი შეზღუდვა არ გაუუქმებია, ხოლო ამერიკის წარმომადგენელს მსგავსი არაფერი უთქვამს ჟენევაშიო» მაგრამ . . . . . . . ჩირიკბას განცხადებიდან უკვე რამდენიმე დღე გავიდა, თუმცა ყველა მხარე მრავალმნიშვნელოვნად სდუმს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მაინც ეჭვი მეპარება, ჩირიკბა მთლიანად ცრუობდეს. ყოველ შემთხვევაში, სრულიად უსაფუძვლოდ ის ასეთ რამეს არ იტყოდა. ანუ, რაღაც ნამდვილად მოხდა ბოლო «ჟენევაზე» ისეთი, რასაც გვიმალავენ და არ გვეუბნებიან.
თუ ეს სიმართლეა, გამოდის, საქართველოს მიმართ ამერიკის პოლიტიკა კარდინალურად იცვლება: ვაშინგტონი და მისი ევროპელი მოკავშირეები დღემდე უარს აცხადებენ გასცენ ვიზები ყირიმში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებზე, რადგან ეს ძალზე მნიშვნელოვანი აქტი იქნებოდა რუსული ანექსიის დე-ფაქტო და დე-იურე აღიარების თვალსაზრისით. საქართველოს მიმართ კი ეს თურმე უკვე ხდება. რატომ?
რა თქმა უნდა, ყველაზე საინტერესო კითხვა სწორედ ესაა - რატომ?
პირველ რიგში, ალბათ, ამერიკის ელჩ ნორლანდს უნდა ვკითხოთ «რა ხდება»: ათას ჩვენს შიდაპოლიტიკურ სისულელეზე აკეთებს ხოლმე კომენტარს რეაგულარულად და ამ საკითხზე რატომ არ უნდა გააკეთოს?
ოღონდ, ქართველი ჟურნალისტების პროფესიონალზმზეა დამოკიდებული, რამდენად მისცემენ საშუალებას ამ «ბებერ დიპლომატ მგელს», კონკრეტული პასუხისაგან თავი დაიძვრინოს და გაიმეოროს ბრტყელ-ბრტყელი ფრაზები «საქართველოს ტერიტირიული მთიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერის» შესახებ
«არა, თქვენო აღმატებულებავ, ამას კი არ გეკითხებით, გთხოვთ კონკრეტულად გვიპასუხოთ, თქვა თუ არა ამერიკის წარმოამდგენელმა ჟენევაში მსგავსი რამ და თუ თქვა, რატომ?»
იგივე კითხვის დასმა ჟენევის დისკუსიათა ქართველი მონაწილეებისათვის უაზრობაა, რაკი, ჯერ ერთი, მაინც არ დაადასტურებენ (ქართული «დოყლოპატიის» უნიათობის მეტისმეტად აშკარა წარმოჩენა იქნებოდა) და, გარდა ამისა, ქართველების თანდასწრებით შესაძლოა არც თქმულიყო: ჟენევის «გენიალური» ფორმატი ქმნის საშუალებას, სხვადასხვა მხარე, ვისკით ან აფხაზური ღვინით სავსე ჭიქით ხელში შეიკრიბოს დიპლომატიურ ბუდუარებში და რაზეც უნდა იმაზე ისაუბრონ. ვერც შეედავები: იქ ხომ ყველა მონაწილე თანასწორია და «ექსპერტის» სტატუსითაა ჩასული?
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
და მაინც, რითაა ვაშინგტონი უკმაყოფილო? ან რით შეიძლება იყოს (!) უკმაყოფილო? იქნებ იმით, რომ საქართველო ბოლომდე არ შეუერთდა ანტიირანულ სანქციებს? მაშინ, გამოდის, ჩვენი ამერიკელი მეგობრები და მოკავშირეები, რუსების მსგავსად, აფხაზეთთან დაკავშირებით სიტუაციის კიდევ უფრო დამძიმების მუქარასა და შანტაჟს იყენებენ, რათა გამოგლიჯონ თბილისს მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილებები?!!!
ამ მდგომარეობაში აღმოჩენის გამო კი, დიდი მადლობა, ზოგადად, ქართულ პოლიტელიტას, რომლის ბოლო 25 წლიანმა ჩლუნგმა და სწორხაზოვანმა «საგარეო პოლიტიკამ» მიგვიყვანა სწორედ ამ მდგომარეობამდე, როცა უკეთესი არჩევანი ქვეყანას მართლა აღარ დარჩა - არსებობს მხოლოდ არჩევანი «ცუდსა და უარესს შორის».
„ჯი-ეიჩ-ენი", მიხეილ გეწაძე