ყაზახეთის დედაქალაქ ასტანას პოლიციამ დააკავა საქართველოს მოქალაქე, რომელსაც 35 ათასი ევროს ქურდობა ედება ბრალად.
ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, ასტანას პოლიციას 28 ნოემბერს განცხადებით მიმართა პიროვნებამ, რომელსაც დედაქალაქის ერთ-ერთ კაფეში ჯიბიდან დიდი ოდენობის თანხა, 35 ათასი ევრო და 100 ათასი ყაზახური ტენგე ამოაცალეს.
შემთხვევის ადგილზე მისულმა ოპერატიული-სამზებრო განყოფილების თანამშრომლებმა კაფეში, ტანსაცმლის საკიდზე, პატრონის მიერ დატოვებული, მამაკაცის შავი პალტო აღმოაჩინეს. მოწმეების დაკითხვის და ვიდეოჩანაწერების ნახვის შემდეგ გაირკვა, რომ პალტო დაახლოებით 60 წლის მამაკაცს ეკუთვნოდა.
აღწერილობის მიხედვით სამართალდამცავები მის კვალზე მალევე გავიდნენ.
როგორც აღმოჩნდა, უცნობი მამაკაცი კაფედან პალტოს გარეშე გავიდა და ტაქსით მიიმალა, შემდეგ კი ასტანიდანაც გავიდა.
ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად ეჭვმიტანილი 3 დეკემბერს ყაზახეთში, ჟამბილსკის ოლქის კორდაის რაიონში დააკავეს.
,,პირადი მონაცემების მიხედვით, დაკავებულია საქართველოს 61 წლის მოქალაქე, რომელიც ამჟამად გადაყვანილია ასტანაში. ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მიმდინარეობს გამოძიება და დგინდება, აქვს თუ არა დაკავებულს მონაწილეობა მიღებული სხვა დანაშაულებრივ ქმედებებში." - ნათქვამია ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის განცხადებაში.