საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი ბრიუსელში, ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, როგორც თამარ ბერუჩაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსთვის პრიორიტეტულ საკითხებზე, განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებულ მოვლენებზე.
"საუბარი შეეხო რეგიონალური უსაფრთხოების გამოწვევების თემებს, კონკრეტულად, რუსეთის მიერ აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმთან ე.წ. ხელშეკრულების ხელმოწერის საკითხს. ის შეფასდა, როგორც ანექსიისკენ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც არის გამოწვევა ევროპული და ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის. ბატონმა გენერალურმა მდივანმა ძალიან კონკრეტულად ისაუბრა თავის გამოსვლაში, სადაც ახსენა, რომ უპირველეს ყოვლისა, ეს ყველაფერი ეწინააღმდგება იმ პრინციპებს, რომელზეც აგებულია ალიანსის ფარგლებში თანამშრომლობა", - განაცხადა ბერუჩაშვილმა შეხვედრაზე და აღინიშნა, რომ ამ თემებთან დაკავშირებით საქართველო იქნება განსაკუთრებული ყურადღების საგანი.
ბერუჩაშვილმა იენს სტოლტენბერგს მადლობა გადაუხადა აღნიშნულ საკითხზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადების გამო. მხარეებმა ისაუბრეს არსებით ღონისძიებათა პაკეტის იმპლემენტაციის საკითხებზე. განხილულ იქნა ამ პროცესის ფარგლებში დაგეგმილი კონკრეტული ღონისძიებები. აღინიშნა საქართველოს პროგრესი ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ნატოს გენერალური მდივნის მხრიდან, კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოს მნიშვნელოვან კონტრიბუციას გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში.
"ნატო-ს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველოს განსაკუთრებული წვლილი ალიანსის საქმიანობის ფარგლებში. განსაკუთრებულად აღინიშნა ის ძალისხმევა, რაც საქართველომ გამოიჩინა ISAF-ის ოპერაციაში და ასევე ავღანეთში ნატოს ახალი მისიის ფარგლებში საქართველოს კონტრიბუციასთან დაკავშირებით", - განაცხადა ბერუჩაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები