თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტნე გამსახურდიას საქმის განხილვის დასრულებასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაკეთდა.
"სასამართლომ ცოტნე გამსახურდია დამნაშავედ ცნო დავით ბაჯელიძის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში. დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - განაცხადა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სპიკერ-მოსამართლემ ეკა არეშიძემ.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ცოტნე გამსახურდიამ თავი დამნაშავედ არ ცნო, სასამართლოს მიერ მოკვლეული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ამსახველი მასალით, მოწმეთა ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო, ბალისტიკური, ქიმიური და ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, ცოტნე გამსახურდიას ბრალეულობა სრულად დადასტურდა.