დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟს, ცოტნე გამსახურდიას, 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
მოსამართლის გადაწყვეტილებას სასამართლო პროცესზე დამსწრეთა უკმაყოფილება მოჰყვა. გამსახურდიას მომხრეები პროტესტის ნიშნად აქციას სასამართლოს ეზოში მართავენ.
გამსახურდიას ადვოკატ ქეთი ბექაურის განცხადებით, აღნიშნული განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გასაჩივლებენ.
"თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო. ცოტნე გამსახურდიას დაპატიმრების საკითხს, საჭიროების შემთხვევაში, სტრასბურგის სასამართლოში გავასაჩივრებთ", - განაცხადა პროცესის დასრულების შემდეგ ბექაურმა.
შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდია ბრალდებულია განზრახ მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება. იგი 2009 წლის 27 ოქტომბერს დააკავეს.