საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უკანონოდ მიიჩნევს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსა და საქართველოს მთავრობის მიერ 2009-2010 წლებში უცხოურ ლობისტურ კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებების გასაიდუმლოებას.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ასოციაციიდან აცნობეს, ორგანიზაცია დაინტერესდა იმ ხელშეკრულებათა საჯაროობით, რომლებიც შეეხება საქართველოს მთავრობისათვის საკონსულტაციო და სხვა სახის მომსახურების გაწევას სხვა ქვეყნების მთავრობებთან, საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სფეროში. საიამ 2010 წლის 16 მარტს განცხადებით მიმართა საქართველოს მთავრობასა და ეროვნული უშიშროების საბჭოს და გამოითხოვა გაფორმებული ხელშეკრულებების ასლები, აგრეთვე ინფორმაცია ხელშეკრულებების დაფინანსების კონკრეტული წყაროს შესახებ.
ინფორმაციის გასაიდუმლოების უკანონობას ადასტურებს ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. კერძოდ, გამოთხოვილი ხელშეკრულებების ასლები სრულად არის ხელმისაწვდომი ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე: http://www.fara.goves ეს ინფორმაცია ასევე ხელმისაწვდომია ორგანიზაციის "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ვებ-გვერდზე. აღნიშნული კი გამორიცხავს ინფორმაციის გამჟღავნებით სახელმწიფო ინტერესისათვის ზიანის მიყენების საფრთხეს და უსაფუძვლოს ხდის მის სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნევას.