საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი დიმიტრი ლორთქიფანიძე სახალხო დამცველის პარლამენტში წარდგენილ ანგარიშს იწუნებს.
როგორც ლორთქიფანიძემ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ანგარიში რამდენიმე შეცდომას მოიცავს, რომელიც გამოსასწორებელია.
"დეპუტატები გუშინ ქალთა საპყრობილეში იმყოფებოდნენ, სადაც გადაამოწმეს ტუღუშის ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს ამ საპყრობილესთან არასრულწლოვან ქალთა საპყრობილეც არსებობს. ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც აღმოჩნდა, ქალთა საპყრობილეში იმყოფება მოზარდი გოგონა გვანხცა ყუფარაძე, რომელიც 14 წლიდან იხდის სასჯელს არა არასრულწლოვანთა საპყრობილეში, არამედ ზრდასრულთა საპყრობილეში. ამით ირღვევა გვანცა ყუფარაძის უფლება და ირღვევა გაეროს კონვენცია, ვინაიდან მას უნდა ჰქონდეს იმის საშუალება, რომ სასჯელი მოიხადოს არასრულწლოვანთა საპყრობილეში", - განაცხადა ლორთქიფანიძემ.
აღნიშნულ კონტექსტში, დეპუტატი სახალხო დამცველს მოუწოდებს, აღნიშნულ გარემოებაზე ყურადღება გაამახვილოს და ის საკანონმდებლო ორგანოში მისი აპარატის მიერ წარდგენილ ანგარიშშიც აისახოს.
სახალხო დამცველის 2009 წლის მეორე ნახევრის ანგარიში პარლამენტში რამდენიმე დღის წინ შევიდა, თუმცა ჯერჯერობით მისი განხილვა არ დაწყებულა. ანგარიშის საკომიტეტო განხილვა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, სავარაუდოდ, 20-22 აპრილისთვის მოხდება.