თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში 2010 წლის 4 აპრილს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე მოქალაქე ელთონ მამედოვისათვს ფულის გამოძალვის ფაქტზე. საქმე ეხება თაღლითობას, დანაშაულს გათვალიწინებული სსკ-ის 180-ე მუხლის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით _ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი მოძრავი ნივთის მოტყუებით დაუფლებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
წინასწარი გამოძიებით დადგინდა, რომ 2009 წლის იანვარში, მოქალაქე მანანა გედენიძემ გაიცნო მოქალაქე ელთონ მამედოვი და მისგან შეიტყო, რომ მისი ნათესავი ელდარ თოფჩიევი 12 წლიან სასჯელს იხდიდა. მ. გედენიძემ დაარწმუნა ე. მამედოვი, რომ სამართალდამცავი ორგანოების მაღალჩინოსნების დახმარებით შეძლებდა ელდარ თოფჩიევის შეწყალების გზით გათავისუფლებას, სანაცვლოდ კი 6.000 (ექვსი ათასი) ლარის გადახდა მოითხოვა.
ელთონ მამედოვი დათანხმდა მანანა გედენიძის წინადადებას და დასახელებული თანხიდან 2.850 ლარი წინასწარ გადაუხადა, დარჩენილ თანხას კი თოფჩიევის შეწყალების შემდეგ გადაიხდიდა.
2009 წლის დეკემბერში, მას შემდეგ, რაც ელთონ მამედოვმა დაჟინებით მოთხოვა მამანა გედენიძეს ელდარ თოფჩიევის გათავისუფლება, ან კუთვნილი თანხის უკან დაბრუნება, მანანა გედენიძე დაუკავშირდა ნაცნობს გია ღვინიანიძეს და სთხოვა, დახმარებოდა მას დარჩენილი 3.150 ლარის თაღლითურად დაუფლებაში. გარკვეული თანხის სანაცვლოდ გია ღვინიანიძე ჩაერთო მანანა გედენიძის თაღლითურ სქემაში და სცადა დაერწმუნებინა მამედოვი, თითქოსდა იგი სახელმწიფო კანცელარიის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი რომან გიორგობიანი იყო და რეალურად შეძლებდა ელდარ თოფჩიევის შეწყალებით გათავისუფლებას, თუ მამედოვი გადაიხდიდა 3.000 ლარამდე დარჩენილ თანხას.
მას შემდეგ, რაც თანხის გადახდის მიუხედავად, მსჯავრდებული ელდარ თოფჩიევი აპრილში შეწყალებისასაც არ გათავისუფლდა, ელთონ მამედოვი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ მანანა გედენიძე და გია ღვინიანიძე მას ატყუებდნენ და პროკურატურას მიმართა.
2010 წლის 6 აპრილს მანანა გედენიძეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის `ა" და `ბ~ ქვეპუნქტებით გათვალიწინებული დანაშაულისათვის, ხოლო გია ღვინიანიძეს _ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,24,180-ე მუხლის მეორე ნაწილის `ა" ქვეპუნქტით. ორივე მათგანს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა.
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, თაღლითებს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.