ბენდუქიძე თბილისში ჩამოსვლამდე ერთხელ უკვე იყო სააკაშვილთან შეხვედრილი 2004 წლის თებერვალში, როცა ახლად არჩეულმა სააკაშვილმა პირველი ვიზიტი მოსკოვში განახორციელა. სწორედ მაშინ ერთ-ერთ სადილზე სააკაშვილთან მიიწვიეს კახა ბენდუქიძეც.
"მიშა რომ ჩამოვიდა მოსკოვში, მოეწყო შეხვედრა ბიზნესმენებთან და იქ ვიყავით ერთ-ერთი ოლიგარქის მიღებათა სახლში. სადილი მოეწყო, თხუთმეტი კაცი იყო რაღაც სულ... მიშა მაშინ ვნახე პირველად, ვისაუბრე მოკლედ", - მითხრა ბენდუქიძემ მოგვიანებით.
როგორც აღმოჩნდა, არც სააკაშვილი იცნობდა კარგად ბენდუქიძეს და თურმე გაკვირვებული დარჩენილა იმით, რომ ბენდუქიძე ქართულად საუბრობდა.
"როგორც მიშამ მერე მითხრა, გაკვირვებული იყო, რომ მე საერთოდ ქართული ვიცოდი, ასე იცოდა, რომ მე ქართული არ ვიცი", - იხსენებს ბენდუქიძე.
სწორედ სააკაშვილის ამ ვიზიტს მოჰყვა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში ხანმოკლე დათბობა, რომელმაც, სულ რაღაც, ექვსი თვე გასტანა. ამ პერიოდში რუსი ბიზნესმენები არ მიიჩნევდნენ შეუძლებლად საქართველოში თავიანთი კაპიტალის დაბანდებას.
გავა რამდენიმე თვე და სააკაშვილი და პრემიერი ზურაბ ჟვანია გადაწყვეტენ, რუსი ბიზნესმენები საქართველოში დაპატიჟონ. იმ თვითმფრინავში ბენდუქიძე სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა, იმიტომ რომ თბილისში ჩამოსვლას იმ მომენტში არ აპირებდა და სრულიად სხვა გეგმები ჰქონდა.
"ბიზნესფორუმზე საკმაოდ შემთხვევით ჩამოვედი. ჯერ ვიღაცამ დამირეკა, ოღონდ არ ვიცი, ვინ, და უარი ვუთხარი. მერე კიდევ ვიღაც მოსკოველმა დამირეკა, ჩვენ მივდივართო, და მერე დამირეკა არკადი ვოლსკიმ, ცხონებულმა, კახაო, უხერხულიაო, საქართველოში მივდივართო, შენ უნდა წამოხვიდეო, კარგი სასტუმროები არის თბილისშიო, თვითმფრინავი, ჩარტერი შეკვეთილი გვაქვსო, ძაან კომფორტაბელური იქნებაო", - მითხრა ბენდუქიძემ.
ბენდუქიძე დასთანხმდა და წამოვიდა. მისი ჩამოსვლა ძალიან გაუხარდათ ოჯახში, განსაკუთრებით დედამისს, რომელიც შვილს მოსკოვში უფრო ხშირად აკითხავდა ხოლმე. აქ ხომ არც წყალი იყო, არც სინათლე, არც გაზი. ახლაც, როცა ბენდუქიძე სახლში მივიდა, დენი გაითიშა და გენერატორი დაქოქეს.
სააკაშვილი სულ რამდენიმე თვის მოსული იყო ხელისუფლებაში და ძველი პრობლემები ისევ მოუგვარებელი იყო, გზები ისევ დანგრეული და ენერგოკრიზისი - მძიმე.
ბენდუქიძე ფორუმზე წავიდა. მისი პერსონის მიმართ ყველა განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა. ქართულმა და თბილისში მომუშავე უცხოური მასმედიის წარმომადგენლებმა ის პირველად ნახეს და ხშირად აწუხებდნენ კიდეც კითხვებით.
"ჩემი წინადადებაა, რომ დამტოვოთ მარტო და სახლში გამიშვათ", - უთხრა ბიზნესფორუმის მსვლელობისას ბენდუქიძემ "იმედის" ჟურნალისტს.
"რა საკითხებზე მსჯელობას აპირებთ ხვალ", - ჰკითხა ბენდუქიძეს ჟურნალისტმა. "მოდით ხვალ და გეტყვით, რის განხილვას ვაპირებთ", - უპასუხა ბენდუქიძემ.
ამ ბიზნესფორუმის ბიზნესნაწილი ბენდუქიძეს მაინცდამაინც არ მოეწონა, მაგრამ ყურადღებით მოუსმინა პოლიტიკოსებს - პარლამენტის მაშინდელ სპიკერს ნინო ბურჯანაძეს, პრემიერ-მინისტრს ზურაბ ჟვანიასა და შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი ბარამიძეს.
"გია ბარამიძის გამოსვლა ძალიან მომეწონა, სხვათა შორის, ძალიან ისეთი იყო, კარგად ჩამოყალიბებული, გიამ კარგად იცის ლაპარაკი და მან ახსნა - არავითარი "კრიშები" არ იქნება და მთავრობა და სახელმწიფო არის ყველა ბიზნესისთვის "კრიშაო", - იხსენებს ბარამიძის გამოსვლას ბენდუქიძე.
ფორუმის დასასრულს ბენდუქიძეს შეატყობინეს, რომ მასთან პრემიერ-მინისტრს უნდოდა შეხვედრა. მანქანაც გამოუგზავნა და ბენდუქიძე სახელმწიფო კანცელარიაში მეათე სართულზე მივიდა ჟვანიასთან შესახვედრად. მანამდე ბენდუქიძეს მოკლე საუბარი ჰქონდა მიხეილ სააკაშვილის კაბინეტში, რომელმაც ჰკითხა, რა უნდა გავაკეთოთ, რომ ეკონომიკა განვითარდეს და იმუშაოსო? "მე ვუთხარი მარტივი კანონები და კარგი სასამართლო, სხვა არაფერი-მეთქი".
ჟვანიამ თავის კაბინეტში მიიღო ბენდუქიძეს და ძალიან ყურადღებით მოუსმინა.
"ჟვანიას დავუწყე მოყოლა, რა პრობლემებს ვხედავ საქართველოში, ვილაპარაკეთ დაახლოებით ორმოცი წუთი და მერე დაურეკა დანიელ კუნინს და უთხრა: დანიელ, მოუსმინე, რა საინტერესო რაღაცებს ყვება ბატონი კახაო", - მითხრა ბენდუქიძემ.
ჟვანიამ ბენდუქიძეს ისიც ჰკითხა, მოსწონდა თუ არა მას მთავრობის ეკონომიკური პროგრამა. ბენდუქიძემ მიუგო, რომ პროგრამა თავისთავად ცუდი არ იყო, მაგრამ ის არ ითვალისწინებდა საქართველოში არსებულ რეალიებს. ეს პროგრამა, ბენდუქიძის აზრით, კარგად იმუშავებდა აღმოსავლეთ ევროპის რომელიმე ქვეყანაში, მაგრამ საქართველოში, სადაც ეკონომიკურ პრობლემებს ცუდი გეოპოლიტიკური გარემო და კონფლიქტები ემატებოდა, საჭირო იყო ინვესტორებისთვის გაცილებით ხელსაყრელი ლიბერალური გარემოს შექმნა.
"ეს ცუდი პროგრამა არ იყო, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ ისე იყო დაწერილი, რომ "არც მწვადი დაგეწვა და არც შამფური", - თვლიდა ბენდუქიძე.
ჟვანიასა და ბენდუქიძეს ძალიან გაუგრძელდათ საუბარი.
"მერე ვლაპარაკობთ, ვლაპარაკობთ, სამ საათ-ნახევარი ვლაპარაკობთ, მე ვთქვი, რომ გადასახადები ასეთი უნდა იყოს, მერე ისევ მთავრობის პროგრამაზე ვილაპარაკეთ. იქ ეწერა, რომ უნდა გავაუმჯობესოთ სახელმწიფო საწარმოების მართვა და მე ვუთხარი, რა საჭიროა ეგ, უნდა მოხდეს პრივატიზაცია".
ჟვანიამ, რომელიც ძალზე გამოცდილი პოლიტიკოსი იყო, უეცრად დაუსვა შემოვლითი კითხვა ბენდუქიძეს.
"თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორი უნდა იყოს ეკონომიკის მინისტრი?"
"მე ვუთხარი, ეკონომიკის ცოდნა არ არის საჭირო-მეთქი, მთავარია თავისუფლების განცდა, მას არაფრის არ უნდა ეშინოდეს", - მითხრა ბენდუქიძემ.
შემდეგ ბენდუქიძემ ჟვანიას შესთავაზა საერთაშორისო ასპარეზზე ცნობილი ექსპერტებისგან პანელის შექმნა, რომელიც წელიწადში რამდენიმეჯერ შეიკრიბებოდა და საქართველოს მთავრობას რეკომენდაციებს გაუწევდა ეკონომიკის რეფორმირების საკითხებში.
უეცრად ჟვანიამ ბენდუქიძეს უთხრა:
"თქვენ რომ გახდეთ ეკონომიკის მინისტრი?"
"არასოდეს მიფიქრია ამაზე", - უპასუხა ბენდუქიძემ.
ამ მომენტისთვის ბენდუქიძე უკვე გადამდგარი იყო "ობედინენიე მაშონოსტროიტელნიე ზავოდის" გენერალური დირექტორის თანამდებობიდან.
"დირექტორი აღარ ვიყავი, ვერაფერს ახალს ვეღარ ვსწავლობდი, "ბორდში" დავრჩი მხოლოდ და ამ კომპანიის ყოველდღიურ მენეჯმენტს აღარ ვახორციელებდი", - მითხრა ბენდუქიძემ.
მან ჟვანიას უთხრა, რომ უკვე "პენსიაზე იყო გასული" და სადმე ესპანეთში ან საფრანგეთში აპირებდა ვილის ყიდვას და იქ ცხოვრებას.
"ზურას ვეუბნები, ახლა-მეთქი ორი კვირა დაკავებული ვიყავი იმით, რომ ვსწავლობდი, სად ჯობია კლიმატი-მეთქი, ესპანეთში თუ საფრანგეთში", - გაიხსენა ბენდუქიძემ.
"პენსიონერად ჯდომა ცუდია, გახდით მინისტრი", - აღარ მოეშვა ჟვანია.
"როგორც ჩანს, ავანტიურული მაქვს რაღაც, მერე მე ვუთხარი, კარგით, მაშინ გავხდები მინისტრი", - მითხრა ბენდუქიძემ.
ჟვანიამ ბენდუქიძე მაშინვე სააკაშვილთან აიყვანა სართულით ზევით.
"ბატონი კახა დავითანხმე, რომ გახდეს ეკონომიკის მინისტრი", - ეუბნება ჟვანია სააკაშვილს.
"ეს ძალიან კარგი რაღაცაა", - იყო სააკაშვილის პასუხი.
"რამე პრობლემები ხომ არ არის?", - შეეკითხა სააკაშვილი ჟვანიას.
"არა, უბრალოდ, ახლა ნათელაშვილი გამოვა და რაღაცას დაგვაბრალებს, ალბათ", - უპასუხა ჟვანიამ.
"ნათელაშვილი ისედაც დაგვაბრალებს რაღაცას. წავედით "პეროვსკაიაზე" და ვივახშმოთ, "სუში" ვჭამოთ", - დაამშვიდა სააკაშვილმა ჟვანია.
ჟვანიას ბენდუქიძემ უთხრა, რომ რამდენიმე თვე დასჭირდებოდა რუსეთში საქმეების მოსაგვარებლად და საქართველოში საცხოვრებლად გადმოსასვლელად.
"რას ამბობო, რა რამდენიმე თვე, მაქსიმუმ რამდენიმე დღე", - შეიცხადა ჟვანიამ.
ბენდუქიძემ მინისტრად დანიშვნის ამბავი არავის გაუმხილა. როცა მოსკოვში ბრუნდებოდა, რუს ბიზნესმენებსაც არ გაუგიათ მისი ამბავი.
ერთადერთი, ვისაც უთხრა, მისი და და დედა იყვნენ თბილისში.
"ერთი ჩემებს ვუთხარი სახლში. ნუნუს ვუთხარი, მგონი, დედაჩემსაც ვუთხარი. არანაირი რეაქცია მათგან. უკვე დაკარგული ჰქონდათ იმედი, რომ მე საქართველოში დავბრუნდებოდი, იმდენად არ დაიჯერეს", - მითხრა ბენდუქიძემ.
ბენდუქიძის საწარმოს დიდი რაოდენობით სახელმწიფო შეკვეთები ჰქონდა ყოველთვის და ამიტომ მას კარგი ურთიერთობები ჰქონდა რუსეთის მმართველ ელიტასთან, გარდა ამისა, ნაცნობობა აკავშირებდა პუტინთან.
მან სააკაშვილს სთხოვა, პუტინისთვის დაერეკა და შეეტყობინებინა ბენდუქიძის ეკონომიკის მინისტრად დანიშვნის შესახებ.
"არ მინდოდა, რომ პუტინს პრესიდან შეეტყო ეს ამბავი", - თქვა ბენდუქიძემ.
სააკაშვილმა მართლაც დაურეკა პუტინს და ბენდუქიძის ამბავი უთხრა.
"ოო, ცოტაც და ჩვენ დავნიშნავდით ბენდუქიძეს რუსეთის ეკონომიკის მინისტრადო", - გაეხუმრა პუტინი სააკაშვილს.
მოსკოვში ჩასულმა ბენდუქიძემ პრესკონფერენცია გამართა და იქაურ პრესას გაანდო თავისი გადაწყვეტილება, საქართველოში დაბრუნების შესახებ. პუბლიკა სახტად დარჩა, არავინ ელოდა ბენდუქიძის ამ განცხადებას.
ქართველი საზოგადოებისთვის და ჩემთვისაც ყოველთვის გამოცანად რჩებოდა ბენდუქიძის საქართველოში დაბრუნების მოტივები. ის იყო წარმატებული ბიზნესმენი რუსეთში, მილიონები დააგროვა და უცბად გადაწყვიტა, ჩამოსულიყო მართალია, თავის სამშობლოში, მაგრამ აბსოლუტურად სხვა მასშტაბის ქვეყანაში, მისთვის სრულიად ახალ და უცნობ ამპლუაში.
"ბატონო კახა, მაინც რა იყო ის, რამაც თქვენ აქ ჩამოგიყვანათ", - ვკითხე ბენდუქიძეს ივლისის ერთ ცხელ საღამოს.
"რა იყო, იცი? ძაან შემეცოდა ქვეყანა, რაც არ უნდა პათეტიკურად ჟღერდეს. რაღაც თან მშრალი მაისი იყო, მტვრიანი. აეროპორტის გზიდან დაწყებული... სასტუმრო "ივერია" ლურჯ-ყვითელი... სახლში მივედი დედაჩემთან, დენი გამოირთო, დაქოქეს "დვიჟოკი", "პლიტაზე" ამზადებდნენ საჭმელს, გზებზე სულ ორმოები", - მიპასუხა ბენდუქიძემ.
გაზეთი "პრემიერი", ნოკოლოზ მჭედლიშვილი