რესპოდენტის შესახებ
გაზეთ "პრემიერის" კითხვებს დიპლომატმა, ანალიტიკოსმა ნიკოლოზ ვაშაკიძემ უპასუხა:
- საქართველოს ხელისუფლება, ფაქტობრივად, არ რეაგირებს დასავლეთის განცხადებებზე. "მოქალაქემ" განაცხადა, რომ მათ არასწორ ინფორმაციას აწვდის "ნაციონალური მოძრაობა" და მწვავე შეფასებები სწორედ ამით არის გამოწვეული. თქვენ დიპლომატი ბრძანდებით, გთხოვთ, აგვიხსნათ, ასეთ "უპასუხისმგებლო" განცხადებას თუნდაც სახელმწიფო დეპარტამენტი ნაცების კარნახით აკეთებს და ბატონი ნორლანდი აქ ბუზებს ითვლის? თუ ისიც ნაციონალია?
- შემიძლია, ნახევრად ხუმრობით გიპასუხოთ, რომ ნორლანდი უფრო "ქოცია", ვიდრე "ნაციონალი". უფრო სერიოზულად რომ ვთქვათ, აშშ-ს მთავრობა დაინტერესებულია საქართველოს ხელისუფლების წარმატებით და ცდილობს, დაეხმაროს მას სტაბილური სახელმწიფოს აღმშენებლობაში. ანალოგიური მიდგომა აქვს ევროკავშირსაც. მაგრამ დასავლური გაგებით, რომელსაც მეც სრულად ვიზიარებ, სტაბილური და ნორმალური სახელმწიფოს აღმშენებლობა შეუთავსებელია იმ პოლიტიკურ ფილოსოფიასთან, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ხშირად ავლენს. ეს, პირველ რიგში, პოლიტიკურად ანგაჟირებულ სამართალს ეხება, რომლის მოწმენი არაერთხელ გავხდით. ცხადია, ეს იწვევს დამსახურებულ კრიტიკას დასავლეთის მხრიდან. ხელისუფლება, ასევე, სერიოზულად უნდა დაფიქრდეს, ზოგადად, იმ მიდგომაზე, რომელსაც ის მთავარი ოპოზიციური ძალის, "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ ავლენს. ბუნებრივია, "ნაციონალური მოძრაობა" მართლაც იმსახურებს მწვავე კრიტიკას, რომელიც მის მრავალ წარსულ თუ ამჟამინდელ ქმედებასთან არის დაკავშირებული, მაგრამ ის, რასაც ხელისუფლება აკეთებს, უბრალო კრიტიკა არ არის. მას ღიად და დაუფარავად აქვს გამოცხადებული "ნაციონალური მოძრაობის" სრული პოლიტიკური განადგურების ამოცანა. ეს შეუთავსებელია დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებთან და ამის უფლება ხელისუფლებას, უბრალოდ, არ აქვს. კატეგორიულად დაუშვებლად მიმაჩნია, მაგალითად, როცა პრემიერ-მინისტრი ღიად აცხადებს, რომ "ნაციონალებს" არ აქვთ პოლიტიკური არსებობის უფლება და ის მათ კრიტიკასა და არგუმენტებს არ მოუსმენს და არ მიიღებს. მას არ უნდა ავიწყდებოდეს, რომ ამ პარტიის უკან დგას მრავალრიცხოვანი ამომრჩეველი, რომელსაც ვალდებულია, პატივი სცეს, როგორც საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირმა, მით უმეტეს, რომ ამ შემთხვევაში ხშირად საქმე ეხება პარლამენტარებს. და სულაც, როცა შენ, როგორც ხელისუფლებას, ამ ორი წლის მანძილზე უკვე ამდენი ჩავარდნა, გადაცდომა და მოსახლეობის იმედგაცრუება გაქვს სახეზე, ელემენტარულად უფრო მეტი გაგებით უნდა მოეკიდო სხვის შეცდომებს.
იხ. სრული ვერსია http://premieri.ghn.ge/com/news/view/926