რესპოდენტის შესახებ
სომხური გამოცემა „ლრაგირი" აქვეყნებს ინტერვიუს სომეხ ქართველოლოგ ალიკ ეროიანცთან, რომელიც საქართველო-სომხერთის ურთიერთობაზე და გეოპოლიტიკურ საფრთხეებზე საუბრობს.
„ჯი-ეიჩ-ენი" გთავაზობთ ინტერვიუს შემოკლებულ ვარიანტს.
შეკითხვა: რუსულ მედიაში გამოქვეყნებული მასალების თანახმად, რუსეთ-აფხაზეთის და რუსეთ-სამხრეთ ოსეთის ხელშეკრულების პროექტით გათვალისწინებულია, რომ საქართველოს დესტაბილიზების შემთხვევაში რუსეთს, საქართველოს მოსახლეობის დაცვის მოტივით, სომხეთის საზღვრებამდე მისვლა შეუძლია. რამდენად რეალურია ეს სიუჟეტი და ხომ არ არის მიმართული სომხეთ-საქართველოს ურთიერთობის წინააღმდეგ?
ალიკ ეროიანცი: „ასეთი სურათი, რბილად რომ ვთქვათ, რამდენადმე ჰიპერტროფირებულია. რუსეთს ასეთი ამოცანა რომც ჰქონდეს, მისი რეალიზება ძალიან რთულია, რადგან ეს არამხოლოდ მოსკოვის, თბილისის და ერევნის საქმეა, არამედ მთელ რეგიონს ეხება. რა თქმა უნდა, მომავალში შესაძლოა სიტუაცია შეიცვალოს, ვთქვათ, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გათვალისწინებით, შეიძლება რუსეთმა თავისი ზეწოლა გააძლიეროს, მაგრამ ქართული ტერიტორიების ხელში ჩაგდება არაეალურია. ეს მხოლოდ რუსეთის სურვილზე არაა დამოკიდებული, რადგან არის აშშ-ისა და ევროკავშირის ფაქტორები, რომლებიც შემაკავებელ როლს ასრულებენ.
ზოგიერთებმა შეიძლება 2008 წლის აგვისტო გაიხსენონ და თქვან, რომ რუსეთი მაშინ საქართველოში ამგვარი ფორმით შევიდაო, მაგრამ დღეს ეს არარეალურია. სხვა საქმეა, რომ მოსკოვი ცდილობს საქართველოში თავისი გავლენა გაზარდოს. მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში თბილისი ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ გამოდიოდა, ახალ ხელისუფლებას კი მრავალვექტორული და დაბალანსებული პოლიტიკა აქვს: ერთი მხრივ, განაგრძობს სააკაშვილის კურსს დასავლეთისაკენ, მეორე მხრივ კი ცდილობს რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას. ასეთი საგარეო პოლიტიკა საქართველოს ინტერესებს ემსახურება, რადგან დასავლეთიც კი ურჩევს თბილისს მოსკოვთან დამოკიდებულების მოგვარებას".
შეკითხვა: საქართველო ევროკავშირის წევრობას ესწერაფვის, სომხეთმა კი თანხმობა განაცხადა ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებაზე. იქნება თუ არა ამ თვალსაზრისით პრობლემები ქართულ-სომხურ ურთიერთობებში?
ალიკ ეროიანცი: არც ევროკავშირი და არც ევრაზიული კავშირი საქართველოსთან ურთიერთობებში სომხეთის საკითხს არ ეხება. შეიძლება პრობლემები გაჩნდეს ეკონომიკურ ურთიერთობებში, მაგრამ თბილის-ერევნის მაღალი დონის კავშირები ამ რისკებს გაანეიტრალებენ. არ ვფიქრობ, რომ რუსეთს საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობის გამწვავება სურს, ეს მხოლოდ შეიძლება მომგებიანი იყოს მხოლოდ თურქეთისა და აზერბაიჯანისათვის. მინდა ვთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლების დაბალანსებული პოლიტიკის გატარებისას თბილისი იმასაც ამჩნევს, რომ საქართველოში ბოლო დროს თურქეთისა და აზერბაიჯანის გავლენა მატულობს, თუმცა, ალბათ, ისიც ესმით, რომ ასეთი სიტუაცია პრობლემებს შექმნის. ამიტომაც საქართველო სომხეთთან ურთიერთობას არ გააუარესებს.
შეკითხვა: „საქართველოში პოლიტიკური კრიზისია: ისინი, ვინც მმართველი კოალიცია დატოვა, ამტკიცებენ, რომ მთავრობა ევროპულ გზას საფრთხის ქვეშ აყენებს. ამას ბრიუსელიც და ვაშინგტონიც ეთანხმება. თქვენც ასე მიგაჩნიათ?
ალიკ ეროიანცი: ის, რომ საქართველოს თითქოსდა ევროპული კურსის შეცვლა და ევრაზიულისკენ შემობრუნება შეუძლია, ასეთი მსჯელობა გადაჭარბებულია, თუმცა შიდაპოლიტიკური მოვლენები მოწმობს, რომ ევროინტეგრაციული პროცესები ცოტა შეყოვნდება. ამას არა მარტო ვაშინგტონსა და ბრიუსელში ამბობენ, არამედ თბილისელი ჩინოვნიკებიც, პრეზიდენტის ჩათვლით. ეს არის 2012 წელს საქართველოს ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილის მოსვლის შედეგი, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთთან ურთითიერთობის მოგვარება აუცილებელიაო. ამ თეზისს ისიც ამტკიცებს, რომ ირაკლი ალასანია თანამდებობიდან სწორედ ამ კონტექსტით გადააყენეს. იგი ევროპაში ვიზიტით იმყოფებოდა და საქართველოს პრემიერთან შეთანხმების გარეშე საფრანგეთთან და გერმანიასთან მოლაპარაკებას აწარმოებდა იარაღის შესყიდვაზე. შესაძლოა, სწორედ ეს გახდა ირაკლი ალასანიას თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი. „თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი გარკვეულწილად დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებდა და ბევრ საკითხს პრემიერ-მინისტრს არ უთანხმებდა ხოლმე. იგივე შეიძლება ითქვას საგარეო საქმეტა უწყების ხელმძღვანელ მაია ფანჯიკიძეზეც. ცხადია, სიტუაცია საკმაოდ რთულია, სახეზეა შიდასამთავრობო უთანხმოება. ამასთან, ზოგადად, მე მაინც ვერ ვიტყვი, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისია. დიახ, რომელიღაც მინისტრები გადადგნენ, მაგრამ მათ ადგილზე სხვები ინიშნებიან, ანუ ხელისუფლება სიტუაციას აკონტროლებს.
შეკითხვა: მიხეილ სააკაშვილის პარტიამ მზადყოფნა გამოხატა ირაკლი ალასანიასტან ურთიერთობაზე „ევროპული კურსის სახელით", თუმცა „თავისუფალი დემოკრატები" წინადადებიაზე თანხმობას აყოვნებენ. რამდენად შესაძლებელია ოპოზიციის გაძლიერება და ვადამდელი არჩევნების ჩატარება?
ალიკ ეროიანცი: მთავრობაში მომხდარი გადადგომების შემდეგ წარმოიქმნა საკითხი საპარლამენტო უმრავლესობის შენარჩუნების თაობაზე, თუმცა მალე ცხადი გახდა, რომ უმრავლესობა უმცირესობად არ გადაიქცევა - კოალიციაში სხვა პარტიები რჩებიან. აი, თუ რესპუბლიკელები და „თავისუფალი დემოკრატები" „ნაციონალებს" შეუერთდებიან, მაშინ კრიზისი გართულდება. ბევრი რამ თვით „ქართულ ოცნებაზეა" დამოკიდებული, როგორ ნაბიჯებს გადადგამს სამომავლოდ".