ENG / RUS       12+

რუსეთი და საქართველო: ნდობის დეფიციტი

როგორც ცნობილია, 2014 წლის დასაწყისში იყო შესაძლებლობა, რომ რუსეთისა და საქართველოს ლიდერები ერთმანეთს შეხვედროდნენ: გვახსოვს ვლადიმერ პუტინის განცხადება სოჭში, როცა მან არ გამორიცხა თავის კოლეგასთან შეხვედრის ალბათობა. გვახსოვს ისიც, როგორ პერიოდში გაიჟღერა ამ განცხადებამ - უკრაინის მოვლენები სულ უფრო ღრმავდებოდა... მას შემდეგ არც პუტინს და არც მედვედევს მსგავსი რამ აღარ უთქვამთ, წერს „ნოევ კოვჩეგიში" ანდრეი სუშენცოვი.
ნატოს სამიტის წინ რამდენიმე ხნით ადრე საქართველოს იმედი ჰქონდა, რომ უელსში ალიანსი თბილისს რაღაც კარგს შესთავაზებდა, ვთქვათ, „მაპ"-ში ჩართვას, ან უფრო უკეთესს. ამას დაემატა ხელმოწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზეც.. მთელი გაზაფხულისა და ზაფხულის განმავლობაში საქართველოში ეს ოპტიმისტური ხმები მუსირებდა და ამ ფონზე კვლავ გამოცოცხლდა „რუსული მუქარის" გამოძახილი: მკვეთრად ანტისრული განცხადებებით გამოდიოდნენ არამარტო პარლამენტის წევრები ორივე ბანაკიდან, არამედ პრეზიდენტი და მთავრობის წევრებიც, განსაკუთრებით ირაკლი ალასანია, რომელიც აშშ-ში ვიზიტის დროს ამერიკას საქართველოს ტერიტორიით სარგებლობას სთავაზობდა რუსეთის წინააღმდეგ.
„რთული წარმოსადგენია, როგორ განვითარდებოდა მოვლენები, ეს სცენარი რომ განხორციელებულიყო. არ დავმალავ, მოსკოვში ექსპერტები შეშფოთებით ადევნებდნენ თვალს თბილისის პოლიტიკურ მანევრებს. საქართველოს მცდელობა იმ მიზნით, რომ თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობაში შექმნილი დაძაბულობა, განიხილებოდა მოსკოვის წინააღმდეგ მიმართულ მტრულ ქმედებად, ხოლო ანტირუსული კურსის რესტავრაცია - მნიშვნელოვან საფრთხედ. საბედნიეროდ, ვაშინგტონში, ბრიუსელსა და თბილისში საღმა აზრმა გადასძალა. დასავლეთისათვის რუსეთთან კონფრონტაცია სტრატეგიულ არჩევნად არ იქცა. საქართველოსტან დაპირისპირებისკენ ამისთვის არც მოსკოვი არ მიისწრაფვოდა, რომელიც სულ სხვა პრობლემით - ყირიმსა და უკრაინაში თავისი ინტერესების დაცვით იყო დაკავებული.. პრემიერ-მინისტრმა, რომელმაც შეატყო, რომ ატლანტიკურ ინტეგრაციაში არავითარი გარღვევა არ მოხდებოდა, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საკმაოდ საღი შეფასებებით გამოდიოდა (ეს ირაკლი ღარიბაშვილს არ უნდა დავუკარგოთ) - ამბობდა, რომ უკრაინის მოვლენებს თბილის-მოსკოვის კონტაქტებზე გავლენას ვერ მოახდენდა. ირაკლი ღარიბაშვილის გათვლები დადასტურდა - საქართველომ ნატოს სამიტზე „მაპ"-ი ვერ მიიღო. როგორც ჩანს, მთავრობის მეთაურის ასეთი პრაგმატული მიდგომა მოსკოვშიც შეამჩნიეს - ორი ქვეყნის ურთიერთობის ნორმალიზება მეტ-ნაკლებად კვლავ მნიშვნელოვანი ინციდენტების გარეშე გრძელდებოდა...
თუმცა, აშკარაა, რომ უახლოეს პერსპექტივაში მოსკოვისა და თბილისისათვის ერთმანეთთან ურთიერთობა პრიორიტეტული აღარ იქნება და მეორე პლანზე გადავა. ამას თავისი მიზეზები აქვს: 2013-14 წლების განმავლობაში მხარეებმა გააცნობიერეს, რომ ურთიერთობის ნორმალიზების ჩარჩოები მნიშვნელოვნადაა შეზღუდული, რაც არა მარტო აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის სტატუსის პრობლემასთან არის დაკავშირებული - კომპრომისი აქ, პრინციპში, შესაძლებელია. მთავარი ისაა, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში შენარჩუნებულია ის სიღრმული განსხვავება, რაც ჯერ კიდევ გამსახურდიასა და შევარდნაძის საგარეო პოლიტიკიდან მომდინარეობს: საქართველო თავის თავს ხედავს მხოლოდ ისეთ პროექტებში, რომელნიც რუსეთსგარეშენი არიან და საკუთარი პრობლემების მოგვარებას რუსეთთან თანამშრომლობით არ ცდილობს. საქართველოსთვის უცხოა სომხეთისა და ყაზახეთისათვის დამახასიათებელი მრავალვექტორული პოლიტიკა. თბილისს შეუძლია არ შეამჩნიოს მისთვის სასარგებლო კავშირები რუსეთთან, თუ დარწმუნებულია, რომ მათ გარეშეც გაძლებს. აშკარად ჩანს, რომ საქართველო ატარებს რუსეთთან თავისი დამოკიდებულების შემცირებისკენ მიმართულ პოლიტიკას და ამ მხრივ მნიშვნელოვან წარმატებებსაც მიაღწია. დრეს არსებული კონტაქტების ფორმატი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დაადგინა, პოლიტიკური პრობლემების განხილვას არ ითვალისწინებს, ამ სფეროში საქართველო უფრო დასავლეთს ენდობა.
ამგვარი სიტუაცია მკვეთრად ზრდის საქართველოს მიმართულებით წამოსული რუსეთის საინიციატივო პოლიტიკის ღირებულებას. მოსკოვს არ შეუძლია თბილისს ენდოს იმიტომ, რომ თბილისს არ სურს მოსკოვისადმი ნდობა. ისეთი ურთიერთნდობა და ღრმა თანამშრომლობა, როგორიც რუსეთსა და სომხეთს შორისაა ჩამოყალიბებული, თბილისსა და მოსკოვს შორის შეუძლებელია. თანაც ამ ვითარების შეცვლის სიმპტომების გაჩენა უახლოეს პერსპექტივაში მოსალოდნელი არ არის.
რასაკვირველია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ორი სახელმწიფო ერთმანეთისაგან კედლით იქნება გამიჯნული. პირიქით, იმ საკითხების გადაჭრაში, რომლებიც აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკების ფორმატში განიხილებოდა, მნიშვნელოვანი წარმატებებია მიღწეული: ვაჭრობის ტემპები განუხრელად იზრდება, რუსი ტურისტების ნაკადი მატულობს, მალე განახლდება ავიამიმოსვლა, არის პერსპექტივები სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტების რეალიზების თვალსაზრისით... არაა გამორიცხული ამ პროექტებში ანკარისა და ბაქოს მონაწილეობის შესაძლებლობა...
რეზიუმეს სახით შეიძლება ითქვას:
ალბათ, უახლოეს თვეებში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა ახალი თემატიკით გაფართოვდება, ყოველ შემთხვევაში, სიტუაცია ამას გვაიძულებს. შესაძლოა ამას ხელი შეუწყოს უკრაინის კონფლიქტის ჩაწყნარებამ, როცა კვლავ შეიქმნება შესაფერისი სიტუაცია რუსეთისა და საქართველოს ლიდერების შეხვედრისათვის, მაგრამ ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებას მკვეთრად გამოხატული ჩარჩოები აქვს. საქართველოს გლობალური სტრატეგი ისევ ძველებური რჩება - დასავლეთთან დაახლოება, მისი რესურსების გამოყენება, რათა რუსეთი აიძულოს უარი თქვას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისადმი დახმარებაზე. საქართველოს შეუპოვრობა და ერთგულება არჩეული სტრატეგიისადმი მხარეებს იმის ნებას არ აძლევს, რომ არსებული ვითარება გადაიხედოს და ერთობლივად განისაზღვროს ალტერნატიული მომავალი.
----------------
ანდრეი სუშენცოვი არის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტის („მგიმო") უფროსი მასწავლებელი, პოლიტიკურ მეცნიერებათა კანდიდატი.
ავტორი: . .