ENG / RUS       12+

საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი - დიდი პრობლემა ევროკავშირისათვის

„თბილისის ისტორიულ ცენტრში მდებარე კაფეში ვზივართ და პიტნის არომატიან ლიმონათს ვსვამთ. მოპირდაპირე მხარეს კი, ძველი, ოდნავ გადახრილი შენობის ხის მხატვრულ აივანზე, რაც ესოდენ დამახასიათებელია საქართველოს დედაქალაქისათვის, აგვისტოს პაპანაქების გამო წელს ზემოთ შიშველი სამი მამაკაცი დგას და მკერდზე ჯვრები ჰკიდიათ. ეს სურათი ჩვენს თემას სავსებით შეესაბამება", - წერს ავსტრიელი ჟურნალისტი იოზეფ კირხენგასტი „სტანდარდი" გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელშიც სამხრეთკავასიური სახლმწიფოების, მათ შორის, საქართველოს ამჟამინდელი პოლიტიკური სიტუაციაა გადმოცემული.
„არის თუ არა შეუქცევადი საქართველოს დასავლური კურსი, ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების ხელშეკრულების გათვალისწინებით? ჩემი რუსი კოლეგა, რომელიც უკვე რამდენიმე წელია თბილისში ცხოვრობს, ამაში დარწმუნებული არ არის. საქართველოს ეკლესიით განპირობებული „ტრადიციული ქართული აზროვნება" ადამიანის უფლებათა დაცვის დასავლურ სტანდარტებს არ შეესაბამება. კვლავ გვახსენდება ჰომოსექსუალისტების წინააღმდეგ მიმართული დემონსტრაციები. „ქართველთა უმრავლესობა, როგორც ჩანს, ევროპისკენ მიილტვის, მაგრამ მათ არ ჰგონიათ, რომ ტოლერანტობა სექსუალურ მცირესობაზეც უნდა გავრცელდეს. ვინც ამაში დარწმუნდა და გააცნობიერა, ისინი ევროპას ზურგს აქცევენ", - აღნიშნულია პუბლიკაციაში.
ამასთან ერთად, როგორც ავტორი წერს, ბოლო ხანს თბილისში თავის ორიენტაციაზე უშიშრად სულ უფრო მეტი ჰომოსექსუალისტი საუბრობს, მიმდინარეობს მათი „აღიარების" ერთგვარი პროგრესული პროცესი. თუმცა ჩემთან მოსაუბრე იმასაც ამბობს, რომ ინტელექტუალებსა და ახლგაზრდებში სხვა პროცესიც შეინიშნება, რომლის [იდეური] გმირი ყველაზე სახელგანთქმული ქართველია - იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილი, იგივე სტალინი. სწორედ იგი უწევდა წინააღმდეგობას ებრაელთა და მასონების „შეთქმულებებს", დასავლეთევროპულ დეკადენტური იდეოლოგიას. დღეს ვლადიმერ პუტინიც იგივე მისიას ახორციელებს.
მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში, ბალტიისპირა ქვეყნების გამოკლებით, საქართველო ყველაზე დემოკრატიულ სახელმწიფოდ ითვლება. ალბათ, უნდა დავუჯეროთ საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძეს, რომელიც ამას წინათ თავის ავსტრიელ კოლეგას საქართველოს დასავლური კურსის ერთგულებასა და სიმტკიცეში არწმუნებდა. შესაძლოა, ეს მართლაც ასეა, მაგრამ კითხვები მაინც ჩნდება: რუსეთი ჯერ-ჯერობით საქართველოს ყველაზე მსხვილ ეკონომიკურ პარტნიორად რჩება, ჯერ-ჯერობით მხოლოდ მოსკოვი ყიდულობს საქართველოს სოფლის მეურნეობის თითქმის საექსპორტო მთელ პროდუქციას და ჯერ-ჯერობით მხოლოდ რუსეთი აკონტროლებს ამბოხებულ რეგიონებს - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეწყვეტილია, მოსკოვმა თბილისში საკონსულოსთვის ახალი დიდი შენობა ააგო, სადაც საქართველოს მოქალაქეებს თავიანთი რუსული წარმომავლობისა და რუსული ენის ცოდნის დაფიქსირება შეუძლიათ - რუსეთის პასპორტების მიღების მიზნით. რასაკვირველია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ კრემლი თბილისის მიერ არჩეულ დამოუკიდებელ პროდასავლურ გზას შეურიგდა. უკრაინის მიმართ ვლადიმერ პუტინის მიერ განხორციელებული მეტ-ნაკლებად წარმატებული სტრატეგიის შედეგები თავის გავლენას, ალბათ, სამხრეთ კავკასიაზეც მოახდენს, ანუ ევროკავშირის „აღმოსავლური პარტნიორობის" პროექტზე. არა, ისე ნუ ვიფიქრებთ, რომ სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკების დასავლეთთან კოოპერაციას გადახედვა ან შეწყვეტა ემუქრება: უბრალოდ, არჩევანის „ან ევროპა, ან რუსეთის" ნაცვლად პრაგმატული „ორივე ერთად". მით უმეტეს, რომ რეგიონის სამი რესპუბლიკას - საქართველოს, სომხეთს და აზერბაიჯანს - ერთმანეთისაგან განსხავებული გეოპოლიტიკური და ეკონომიკური წინამძღვრები აქვთ.
პოსტსააკაშვილის პერიოდის საქართველო სწორედ ამ გზით („ორივე ერთად") სიარულს ცდილობს. მიუხედავად იმისა, რომ თბილისს ნატოში გაწევრიანებაც სურს, რუსეთთან დიალოგს აწარმოებს და პანიკურად გაურბის ისეთის ნაბიჯების გადადგმას, რომელიც შეიძლება მოსკოვმა პროვოკაციულად შეაფასოს. ასეთი ეკვილიბრისტული ბალასირების ფასი იოლი მისახვედრია - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საბოლოო დაკარგვა. ამიტომაც, უკრაინის შემხედვარე, საქართველო შედარებით უფრო იოლადაა გადარჩენილი.
სომხეთის მდგომარეობა უფრო რთულია. ეს სამხრეთკავკასიური ქვეყანა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მძევალია. 1994 წლის დაზავების შემდეგ, საკუთრივ მთიანი ყარაბაღის გარდა, სომხეთს დამატებით ოკუპირებული აქვს აზერბაიჯანის ტერიტორიის კიდევ 20%. სომხეთი ტრადიციულად რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური მოკავშირეა და შესაბამისად, მის ტერიტორიაზე რუსული არმიის სამხედრო ბაზაა დისლოცირებული. ვლადიმერ პუტინის ზეწოლის შედეგად სომხეთი იძულებული გახდა ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებულიყო. აქედან გამომდინარე, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე მიმდინარე მოლაპარაკება გაიყინა.
რაც შეეხება აზერბაიჯანს, აქაური რეჟიმის ავტორიტარული ხასიათი ნავთობისა და გაზის სიმდიდრითაა გადაფარული. ადამიანის უფლებების სფეროში არსებულ დარღვევებს ხელისუფლება მიზნობრივი კონტრშეტევებით პასუხობს. ბაქო ევროკავშირს გულგრილად უყურებს: „რა? ასოცირების ხელშეკრულება? არა, დიდი მადლობა. ენერგეტიკის დარგში სტრატეგიული პარტნიორობა გინდათ? კი, მაგრამ ჩვენი პირობების გათვალისწინებით", - ასე შეიძლება იქნეს გაგებული [საგარეო საქმეთა მინისტრის ელმარ] მამედიაროვის განცხადება.
მოკლედ, დღევანდელი სამხრეთკავკასიული პოლიტიკური ლანდშაფტი ასეთია: ავტორიტარული მეთოდებით მართული ჯიბესავსე ქვეყანა (აზერბაიჯანი), ისტორიულად რუსეთის შემყურე ჯიბეცარიელი ქვეყანა სომხეთი), ნეოიმპერიისაგან გაქცეული პროდასავლური ქვეყანა (საქართველო). აი, ასეთი ჭრელი პეიზაჟი სამხრეთ კავკასიაში მოჯადოებულ წრეს წააგავს. ვინც ამის გარღვევა მოისურვებს, ფრთხილად უნდა იყოს, რომ ახალი კონფლიქტის პროვოცირება არ გამოიწვიოს. აქ საჭიროა ღრმად გააზრებული, კონსტრუქციული სტრატეგია, - ნათქვამია სტატიაში.
ავტორი: . .