ENG / RUS       12+

მორიგ ``ვარდების რევოლუციამდე`` არც ისე დიდი დრო დარჩა!

"რთული პრობლემის იოლად გადაწყვეტის" სინდრომი ხელისუფლებასა და ქვეყანას ძალიან ძვირად დაუჯდება


ქუთაისში, "ახალგაზრდობის გამზირზე" ჩაცხრილული 21 წლის მირზა გოჩუაძის ამბავი, გარდა იმისა, რომ საშინელი ტრაგედიაა, მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენაც გახდა და ხელისუფლება მძიმე არჩევანის წინაშე დააყენა.
როგორც ჩანს, ხელისუფალთ ჰგონიათ, იოლი გამოსავალი იპოვეს პოლიციელის დაპატიმრებით, მაგრამ ამაში ნამდვილად ცდებიან და ეს ტრაგიკული ისტორია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რა რთული ფენომენია სახელმწიფო, სახელმწიფოს მართვა და პოლიტიკა, როგორც ასეთი, რომელსაც არ გააჩნია "იოლი გამოსავალი" და რომელიც მუდმივად მხოლოდ "ცუდსა და უარესს შორის" გვთავაზობს არჩევანს.
თუმცა, მივყვეთ თანმიმდევრობით: გარდაცვლილის ახლობელთა ვერსიით, მირზა გოჩუაძეს არავითარი მონაწილეობა ქურდობაში არ მიუღია, პოლიცია შეცდომით დაედევნა, მას შეეშინდა, გაეჩერებინა, რაკი მართვის მოწმობა არ ჰქონდა და (ალბათ) სხვის მანქანაზე იჯდა (თუმცა, ერთმა ისიც თქვა, "მანქანით საერთოდ არ ყოფილა _ ფეხით იყოო") და ამიტომ არ გაუჩერა პოლიციას მანქანა. მერე ჩიხში მოიმწყვდიეს, ესროლეს და მოკლეს.
თავიდანვე უნდა ითქვას, რომ თუნდაც სრულიად ყალბი იყოს ეს ვერსია, თუ პოლიციის მოტივი მხოლოდ დაკავება იყო, "გასროლას" არანაირი გამართლება არ აქვს: ბოლოს და ბოლოს, სად გაიქცეოდა 21 წლის ბიჭი? სახელი იცოდნენ, გვარი იცოდნენ, ახლობელი ვისი იყო, იცოდნენ, ღამეს სად ათევდა, იცოდნენ და სულ მალე დააკავებდნენ მაინც, იმ მომენტში რომც გაქცეულიყო. ანუ, ნამდვილად არაფერი დაშავდებოდა, თუ იმ სიტუაციაში პოლიცია არ ესროდა და 21 წლის ახალგაზრდას სიცოცხლეს არ მოუსპობდა.
თუმცა, აქაც არის ერთი "მაგრამ": პოლიციის ვერსიით, ეჭვმიტანილი არა უბრალოდ გარბოდა, არამედ, როცა ჩიხში მანქანით შევარდა, ცდილობდა უკუსვლით გამოსულიყო და პოლიციელებს დაჯახებას უპირებდა, ანუ სწორედ მაშინ ესროლეს, როცა უშუალოდ პოლიციელის სიცოცხლეს დაემუქრა.
მაგრამ რაკი ხელისუფლებას შეეშინდა, რომ ზუსტად ისევე დაუწყებდნენ "დამუნათებას", როგორც თვითონ "ამუნათებდა" წინა ხელისუფლებას "ვაზაგაშვილისა და გამცემლიძის საქმეებზე", შინაგან საქმეთა სამინისტროს ხმა მაშინვე ჩააკმენდინეს, ხოლო ტელეეთერში მხოლოდ ერთმნიშვნელოვანი არგუმენტები ისმის: "ზადნით დაჯახება არ ხდება, უკნიდან არის ნასროლი..."; ან "როგორ დააჯახებდა ახლა პოლიციას ან ვინმეს მანქანას?"; "მკვდარი რომ არ შეურაცხყონ, ის მაინც გააკეთონ..."
ეს ბოლო არგუმენტი განსაკუთრებით საინტერესო და ნიშანდობლივია: "მკვდრის შეურაცხყოფად" ის ჩაითვლებოდა, თუ პოლიციას საშუალება ექნებოდა, თავდაპირველი ვერსია (ქურდობა, გაქცევა და პოლიციელისთვის ხიფათის შექმნა) განევითარებინა და თავისი არგუმენტები მოეყვანა. ამიტომ, პოლიციას ხმა მაშინვე ჩააკმენდინეს ("აბა, ჩვენც მიშასავით ხომ არ მოვიქცევით?!"), შესაბამისად, მხოლოდ ერთი ვერსია ისმის, თუმცა "სათქმელი" ორივე მხარეს აქვს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ასეთი ექსცესები, სამწუხაროდ, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ხდება. გავიხსენოთ თუნდაც ამერიკულ ქალაქ ფერგიუსონში დატრიალებული ტრაგედია. მაგრამ რაკი "ოცნება", ოპოზიციონერობისას, აქტიურად იყენებდა ამგვარ შემთხვევებს პოლიტიკური მიზნით, ახლა ეშინია, "ვაიმე, მიშას მეთოდები არ დამაბრალონო". ამდენად, ყველანაირად ცდილობს, სხვაგვარად იმოქმედოს, რაკი ჰგონია, ამგვარი მოქმედება უფრო ჭკვიანურია, ხოლო მიშა (საწყალი, "იდიოტი მიშა") მისი სიბრიყვის გამო ვერ ხვდებოდა, რა იოლად გადაჭრიდა პრობლემას, თუ გამცემლიძის მკვლელს (დაახლოებით ასეთი შემთხვევა იყო), ან ვაზაგაშვილის მკვლელ პოლიციელებს უმალვე დააპატიმრებდა და პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს "სათქმელს" არ მისცემდა
იუსტიციის მინისტრმა წულუკიანმაც  განაცხადა: ხომ ხედავთ ჩვენ რით განვსხვავდებით მიშასგან _ პოლიციელი მაშინვე დავაპატიმრეთო.
რა ადვილი ყოფილა ყველაფერი არა? ის "გიჟი და დებილი მიშა" კი ვერ ხვდებოდა, რასაც ესენი ხვდებიან თავიანთი მაღალი ინტელექტით.
სინამდვილეში, მიშა, როგორც უკვე ბევრჯერ ითქვა, "გიჟი" კი იყო, თუმცა სულელი და დებილი ნამდვილად არ ყოფილა. ის გრძნობდა: ასეთ შემთხვევაში ხელისუფლებას უხდება არჩევანის გაკეთება "ცუდსა და უარესს შორის". მიშამ იცოდა, რომ პოლიცია განსაკუთრებული კორპორაციაა (მით უმეტეს საქართველოში, თუმცა არა მხოლოდ საქართველოში), რომელიც მოქმედებს კორპორაციული ინტერესებიდან და "დათქმებიდან" გამომდინარე! როცა პოლიციელი ისჯება, ძალიან მნიშვნელოვანია, მისი კოლეგა პოლიციელები გრძნობდნენ, რომ იგი სამართლიანად ისჯება და არა იმიტომ, რომ "გაწირეს" და "ჯოხი მასზე გადატეხეს", რაკი ხელისუფლებას ოპოზიციის შეეშინდა!
თუ ამ კორპორაციამ ჩათვალა, რომ ხელისუფლებამ პოლიციელი იოლად გაწირა, მასზე ჯოხი უსამართლოდ გადატეხა, პოლიციას უბრალოდ "ხელი შეაწმინდა" მაშინ, როცა პოლიციელი იძულებული იყო ესროლა და სხვა გზა მართლა არ ჰქონდა _ ეს აუცილებლად გამოიწვევს პოლიციის, როგორც ინსტიტუტის დადამბლავებას და ხელისუფლებასაც ძალიან ძვირად დაუჯდება!
რასაკვირველია, დღესვე ვერ იგრძნობენ, რა "ღირს" პოლიციის, როგორც კორპორაციის, ასე "დაჩმორება", ამდენად, კიდევ შეუძლიათ ბრიყვული სიამაყით ილაპარაკონ: "ხომ ხედავთ, ჩვენ რა კარგები ვართ და მიშა რა ცუდი იყო, ხომ ხედავთ მიშასგან რით განვსხვავდებით _ პოლიციელი მაშინვე დავაპატიმრეთო". მაგრამ... რთული პრობლემის "იოლი გადაწყვეტის" შედეგებს უმალვე იწვნევენ, როგორც კი პოლიცია დასჭირდებათ!!!
2016 წლის არჩევნებამდე არც ისე დიდი დრო დარჩა. "ნაციონალური მოძრაობა" აშკარად ემზადება მორიგი "ვარდების რევოლუციისთვის". ეს ყველაფერით ჩანს. მათ შორის იმ ახალგაზრდული "ზონდერჯგუფების" აღდგენით, რომლებმაც 2003 წელს გადამწყვეტი როლი შეასრულეს.
"არჩევნების გაყალბების" საბაბი (რომც არ გაყალბდეს, მაინც იტყვიან, გაყალბდაო) შესანიშნავი "სათქმელი" იქნება, ხოლო ალტერნატიული "ზონდერჯგუფების" შექმნა ხელისუფლებას ვერ უშველის მორიგი ოპოზიციური ამბოხისას, როგორც მიშას ვერ უშველიდა, _ რომ არა პოლიციის მხარდაჭერა.
მიშა რომ ასე ადვილად არ "წირავდა" პოლიციას, იმიტომაც იყო პოლიცია მისი ულაპარაკოდ ერთგული (დღესაც ჩუმად სვამენ "ვანოს სადღეგრძელოს") და ხელისუფლების ყველა ბრძანებას ასრულებდა. ხოლო "ოცნებამ" რომ ასე იოლად "ჩააბარა" პოლიციელი და ასე სწრაფად "დააჩმორებინა" პოლიცია ("ზადნით" დაჯახება არ ხდებაო"), იმიტომაც დარჩება სისხლმოწყურებული მტრების პირისპირ მაშინ, როცა თუნდაც ყველაზე გამჭვირვალედ და პატიოსნად ჩატარებულ არჩევნებს "გაყალბებულად" გამოუცხადებენ ("სათქმელი" და "შარის მოსადები" ყოველთვის მოიძებნება არჩევნებისას, მთავარია ხელისუფლება იყოს მოყანყალებული) და სულ იოლად დაამხობენ _ პოლიციის გულგრილობისა და ჩაურევლობის ფონზე.
მერე იძახონ: "სამაგიეროდ, ჩვენ ხომ კარგები ვართ, მიშასავით არ მოვიქეცით _ პოლიციელი იოლად გავწირეთ, პოლიციას ხმა ჩავაკმენდინეთ, ანუ მათი არგუმენტების გაჟღერებაც კი ავუკრძალეთ და პრობლემაც მაშინვე მოგვარდაო".
ზოგადად, რთული პრობლემის იოლად გადაწყვეტის ილუზია (თურმე რა ადვილი ყოფილა არა? _ დაიჭერ პოლიციელს და მორჩა) პრიმიტივიზმის პირველი ნიშანია!
ამ დილემის წინაშე ყველაზე ძლიერი, ყველაზე დალაგებული და აწყობილი ქვეყნებიც ხშირად დგებიან: იმავე ამერიკულ ფერგიუსონში, ხელისუფლება, მასობრივი პროტესტების პასუხად, იძულებული გახდა, ზომები მიეღო. ოღონდ განსხვავება იცით, რა არის? ჯერ ერთი, ის პოლიციელი არ დაუპატიმრებიათ, მხოლოდ იმიტომ, რომ ასე მოითხოვა ფერგიუსონის მოსახლეობამ, არამედ სამსახურიდან დაითხოვეს. ისიც დროებით, ანუ გამოძიების დასრულებამდე.
ჩვენს ხელისუფლებას ამის შეეშინდა, რაკი, თუ პოლიციელს არ დაიჭერდნენ, "მხოლოდ სამსახურიდან დროებით ჩამოშორება" საკმარისი არ იქნებოდა ოპოზიციური "სათქმელის" საწინააღმდეგოდ.
გარდა ამისა, ამერიკაში არავის მოუვიდოდა აზრად ამ შინაარსით ეთქვა: "მიცვალებულს ნუ შეურაცხყოფთო" (ანუ, მეორე მხარეს ხმა ჩააკმენდინეთო) და რომც მოსვლოდა, ვერავინ აუკრძალავდა პოლიციას, გაეგრძელებინათ თავდაპირველი ვერსიის მტკიცება, რომ ფერგიუსონში პოლიციელმა მხოლოდ მას შემდეგ ისროლა, რაც ის შავკანიანი ახალგაზრდა პოლიციელებს თავს დაესხა ან თავდასხმა სცადა.
ხოლო ამგვარი "იოლი გამოსავალი" მდგომარეობიდან, _ როგორიც პოლიციის "დაჩმორება" და ყველა საკამათო შემთხვევაში პოლიციელის გაწირვაა, _ ხელისუფლებას რა დაუჯდება, სულ მალე გამოჩნდება:
მომავალ არჩევნებამდე, ესე იგი, მორიგ "ვარდების რევოლუციამდე", არც ისე დიდი დრო დარჩა!

"ჯი-ეიჩ-ენი", გიორგი ლეჟავა

ავტორი: . .