2010 წლის 1 აპრილს გაიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მონაცემთა გაცვლის სააგენტოს პრეზენტაცია.
მონაცემთა გაცვლის სააგენტო 2010 წლის იანვარში შეიქმნა. სააგენტოს მიზანს წარმოადგენს საქართველოში ელექტრონული მმართველობის განვითარების საკითხების კოორდინირება, მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურის შექმნა, ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის ჩამოყალიბება და მისი გატარება.
„საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ელექტრონული მმართველობის განვითარებას. ამ მიმართულებით იუსტიციის სამინისტრო ჭეშმარიტად ნოვატორი უწყებაა, სადაც ტექნოლოგიური სიახლეები უკვე არაერთი სფეროში წარმატებით დაინერგა, ამ მხრივ მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ეფექტიანი ფუნქციონირება საკვანძო საკითხს წარმოადგენს", - თქვა მისასალმებელ სიტყვაში საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ჯაბა ებანოიძემ.
მონაცემთა გაცვლის სააგენტოს მიზნებისა და ამოცანების შესახებ პრეზენტაცია გააკეთა სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი გვენეტაძემ. „სააგენტოს ერთ-ერთი უპირველესი ამოცანაა მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება, რადგან სწორედ ეს წარმოადგენს ელექტრონული მმართველობის ხერხემალს. გარდა ამისა დიდ ყურადღებას დავუთმობთ ინფორმაციულ უსაფრთხოებას, კერძოდ, კიბერ უსაფრთხოების საკითხებს", - თქვა მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი გვენეტაძემ.
პრეზენტაციას დაესწრნენ საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესის, საჯარო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.