უკრაინის მოვლენების ფონზე, რომელიც რუსეთისა და დასავლეთის კონფრონტაციითაა გამოწვეული, სულ უფრო მეტი რისკია იმისა, რომ სიტუაცია საქართველოშიც გამწვავდეს. ისევე როგორც უკრაინაში, საქართველოშიც აშკარაა, რომ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისა და ეთნიკური ჯგუფების ერთმანეთთან კონკურირება დაკავშირებულია რუსეთ-დასავლეთის დაპირისპირებასთან. თუ დიალოგი არ იქნება, კონფლიქტი საქართველოშიც შეიძლება დაიწყოს. ეს ძალიან ცუდ გავლენას მოახდენს რეგიონულ უსაფრთხოებაზე, ამიტომ სიტუაციას ყურადღება უნდა მიექცეს, - წერს ამერიკულ გამოცემა „ნეიშენში"აშშ-ის მიჩიგანის უნივერსიტეტის ასპირანტი პიეტრო შაქარიანი.
„ჯი-ეიჩ-ენი" სტატიის მოკლე შინაარს გთავაზობთ:
საქართველო აღმოსავლეთ-დასავლე-თის მნიშვნელოვან სტრატეგიულ გზაჯვარე-დინზე მდებარეობს. აშშ-სათვის საქართველო ის ტერიტორიაა, რომელზეც ცენტრალური აზიისა და კასპიის ენერგიის სატრანზიტო მილსადენებია განლაგებული, რუსეთისათვის კი - ყოფილი საბჭოთა ტერიტორია, რომელსაც მოსკოვი თავისი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელოვან კომპონენტად განიხილავს და ერთმორწმუნე ქრისტიანული ქვეყანა, რომელთანაც ფართო ისტორიული და ტრადიციული ურთიერთობები აკავშირებს.
2003 წელს საქართველოში „ვარდების რევოლუციის" შედეგად პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლება დაემხო და მის ნაცვლად ქვეყნის მეთაურის პოსტზე აშშ-ში განათლებამირებული, პროდასავლური მიხეილ სააკაშვილი აირჩიეს. იგი მიისწრაფოდა, რომ საქართველო ნატოსა და ევროკავშირის წევრი გამხდარიყო, გამოირჩეოდა ანტირუსული მკვეთრი რიტორიკით. მოსკოვთან თბილისის სურთიერთობა სწრაფად უარესდებოდა, რამაც 2008 წლის აგვისტოში სამხედრო კონფლიქტი გამოიწვია. საქართველომ თავისი ჯარები შეიყვანა სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში, რომელსაც რუსი მშვიდობისმყოფლები იცავდნენ. ამის საპასუხოს რუსეთმა კონტრშეტევა განახორციელა, ქართველებს უკან დაახევინა და აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. მიხეილ სააკაშვილმა რუსეთთან დიპურთიერთობ გაწყვიტა, რომელიც დღემდე აღდგენილი არ არის.
საქართველო-რუსეთის 2008 წლის აგვისტოს ომი ერთგვარი პრელიუდია იყო რუსეთ-უკრაინის კონფლიქტისათვის. აქაც და იქაც საკითხი ეხება ნატოს გაფართოებას და აშშ-ის მცდელობებს რეგიონზე გავლენის მოხდენის მიზნით. ორივე შემთხვევაში მოსკოვისადმი ანტაგონისტურად განწყობილმა უკრაინისა და საქართველოს პროდასავლურმა ხელისუფლებამ ხელი შეუწყო ხანძრის გაღვივებას, მოსკოვიც, თავის მხრივ, მტკიცედ იდგა თავისი ინტერესების დაცვის სადარაჯოზე.
საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება 2008 წელს რუსეთთან მომხდარი კონფლიქტის შემდეგ თანდათან სუსტდებოდა. 2012 წლის ოქტომბერში მმართველმა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" საპარლამენტო არჩევნები წააგო, ხელისუფლებაში მოვიდა კოალიცია „ქართული ოცნება", ქარიზმატული მილიარდერის ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით. ბიძინა ივანიშვილის გამარჯვება საქართველოსთვის ახალი ეპოქის დადგომას მოასწავებდა. ამას მოწმობდა მისი გაწონასწორებული მოქმედება და პრაგმატიზმი, მიხეილ სააკაშვილის ემოციური ხასიათისაგან განსხვავებით.
ბიძინა ივანიშვილი არ იყო არც პრორუსული და არც პროდასავლური ლიდერი. მან კარგად გააცნობიერა რუსეთთან ურთიერთობის სიკეთე და განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებდა რუსეთთან ურთიერთობის აღსადგენად, დიპლომატიურის ჩათვლით. იგი ასევე ეძებდა სეპარატისტულ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან შეხების წერტილებს, დაუშვა აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის შესაძლებლობა. იგი თანახმა იყო ნატოსთან და ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავებაზეც, ფიქრობდა აფხაზებთან და ოსებთან მშვიდობიან მოლაპარაკებაზეც, არ გამორიცხავდა ევრაზიულ კავშირში შესვლასაც.
ამასთან, ბიძინა ივანიშვილის რეფორმისტული განწყობებისა და მისი პოლიტიკური სტატუსის მიუხედავად, იგი მაინც შეზღუდული იყო სიტუაციის მკვეთრად შეცვლის საკითხში, რადგან მიხეილ სააკაშვილი ისევ სახელმწიფოს მეთაურად რჩებოდა. 2013 წელს კი, როცა მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის პოსტიდან წავიდა, ბიძინა ივანიშვილმა, პრემიერ-მინისტრობიდან თავის გადადგომამდე, ხელისუფლებაში ორი თავისი კანდიდატი მოიყვანა: პრეზიდენტად - ფილოსოფოსი და ბონვივანი („კარგი ცხოვრების მოყვარული") გიორგი მარგველაშვილი და პრემიერად - 31 წლის ახალგაზრდა ირაკლი ღარიბაშვილი. გაჩნდა იმედი, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა საბოლოოდ აღდგებოდა. ამ იმედების განხორციელებისათვის „ვარსკვლავური საათი" სოჭის ოლიმპიური თამაშების დროს დადგა, როცა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავისი ქართველი კოლეგა გიორგი მარგველაშვილი პირადად მიიწვია პირისპირ შეხვედრაზე, თუმცა, იმ დროს ყველას ყურადღება კიევის „მაიდნისკენ" იყო მიპყრობილი და შეხვედრის სურვილი განუხორციელებლი დარჩა.
რამდენადაც უკრაინის კრიზისი სულ უფრო ღრმავდებოდა, იმდენად აშშ და ევროკავშირის სულ უფრო მეტ ძალისხმევას ახმარდნენ თავიანთი გეოპოლიტიკური გავლენის გაძლიერებას პოსტსაბჭოთა სივრცეში: ამერიკელი ჩინოვნიკები ხაზს უსვამდნენ საქართველოს ნატოსთან ინტეგრაციის მნიშვნელობას და სულ უფრო მეტ მხარდაჭერას პირდებოდნენ თბილისს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხში, ევროკავშირმა ასოცირების შეთანხმებიც ხელმოწერაც კი დააჩქარა და ამ მიზნით ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის პრომოსკოვური ლიდერი ევროკავშირის სიკეთეში დაარწმუნა. რადგან საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობა არ არსებობდა, რუსეთმა ჯეროვანი წინააღმდეგობა ვერ გაუწია დასავლეთის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს.
იყო შიდაპოლიტიკური პრობლემებიც: მმართველ კოალიციაში შეიქმნა ორი დაჯგუფება - „პრაგმატისტების" (პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გუნდი) და „ქორების" (პარლამენტის სპიკერის დავით უსუფაშვილის მხარდამჭერები) იმასთან მიმართებით, თუ როგორი ურთიერთობა უნდა ყოფილიყო რუსეთთან. უთანხმოება დაიწყო თვით პრაგმატიკოსების ბანაკშიც - ირაკლი ღარიბაშვილსა და გიორგი მარგველაშვილს შორის. ჯერ ამის მიზეზი ის გახდა, თუ ვინ უნდა შეხვედროდა ვლადიმერ პუტინს - პრემიერ-მინისტრი თუ პრეზიდენტი, შემდეგ კი - ვის უნდა მოეწერა ხელის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე. მათ შორის დაპირისპირება დღესაც გრძელდება, რომელიც გაეროს გენასამბლეაზე წასვლა-არწასვლის საკითხშიც გამოვლინდა. ორივე ცდილობდა ნიუ-იორკში გამგზავრებას, საბოლოოდ კი პრეზიდენტმა პოზიციები დათმო. ნიშანდობლივია, რომ ბიძინა ივანიშვილმა გიორგი მარგველაშვილის კრიტიკა დაიწყო.
ყოფილმა პრემიერმა ამას წინათ გაზეთ „კვირის პალიტრასათვის" მიცემულ ინტერვიუში უკრაინის კრიზისზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთი უკან არ დაიხევს: „საშინელებაა ის, რაც იქ ხდება, პირადად მე მხარს ვუჭერ უკრაინას და მშვიდობის აღდგენას".
უკრაინის საკითხში ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის პოზიცია კონტრასტულია ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოზიციისაგან, რომელიც თავიდანვე კიევის ხელისუფლების აქტიური მხარდამჭერი და პოსტ-მაიდნური მთავრობის არაოფიციალური მრჩეველიც კი იყო. საქართველოს ექს-ლიდერის უკრაინულ მოვლემებში მონაწილეობამ უარყოფითი რექცია გამოიწვია როგორც რუსეთში, ასევე აფხაზეთსა და სომხეთში - მიხეილ სააკაშვილის მოქმედებას სომხური ტელევიზიის კომედიურ გადაცემაში დასცინეს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დაგმო პეტრო პოროშენკოს მრჩევლად მიხეილ სააკაშვილის მიწვევის ფაქტი, ხოლო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკრაინის პრეზიდენტს „მეგობრული რჩევა" მისცა „სააკაშვილი გვერდით არ გაიკაროს". საბოლოოდ, პოროშენკომ თვაის მრჩევლად სააკაშვილის თანამოაზრე კახა ბენდუქიძე დანიშნა.
ამჟამად მიხეილ სააკაშვილი „ნებაყოფლობით დევნილია" და ნიუ-იორკში, ბრუკლინში ცხოვრობს, საქართველოში კი ძებნილის სტატუსი აქვს.... მას სისხლის სამართლის ბრალდებები აქვს წაყენებული თანამდებობის ბოროტად სარგებლობისა და სახელმწიფო სახსრების გალანგვის მუხლებით... იგი ამ ბრალდებებს უარყოფს. გარდა ამისა, ჯერ კიდევ აპრილში და ახლაც ექს-პრეზიდენტი საქართველოში დესტაბილიზაციის შექმნის მომზადებაში დაადანაშაულეს.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილი პოპულარობა უკიდურესად დაბალია და მის რეჟიმს ბრალი მრავალი დანაშაულის ჩადენაში მიუძღვის, უცხოელი პოლიტიკოსები მის დაცვას მაინც ცდილობენ, მაგალითად, ამერიკელი სენატორები, რომლებმაც საქართველოს ხელისუფლების მოქმედების გამო „შეშფოტება გამოხატეს' და „ექს-პრეზიდენტის სამართლებრივი დევნა „პოლიტიკურ შურისძიებად" შეაფასეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მათ ასეთი პასუხი გასცა: „არავის არ აქვს უფლება, რომ ჩვენგან რომის პაპზე უფრო მეტი კათოლიკობა მოითხოვოს". როცა საქართველოს ხელისუფლების კრიტიკაში შვედეთისა და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრები კარლ ბილდტი და ლინას ლინკევიჩიუსი ჩაერთვნენ, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ „მათი რეაქცია გასაკვირი არაა, რადგან ისინი მიხეილ სააკაშვილის ფან-კლუბის წევრები არიან. სამწუხაროდ, მათ არ იციან, თუ რა საშინელებები ხდებოდა საქართველოში წლების განმავლობაშიო". კარლ ბილდტმა ამის საპასუხოდ ტვიტერში ჩაწერა: „თუ საქართველოს პრემიერ-მინისტრს არ სურს თავისი ქვეყნის საუკეთესო მეგობრებს მოუსმინოს, ეს მისი არჩევანია".
მოსკოვი საკმაოდ შეშფოთდა ამ რამდენიმე თვის მანძილზე მომხდარი მოვლენებით, რომლებიც საქართველოს უკავშირდება:
პირველი - ესაა ზემოთ უკვე ნახსენები ასოცირების შეთანხმება ევროკავშირთან, რომელზეც მოსკოვმა მკვეთრი რეაგირება მოახდინა და განაცხადა, რომ შეაჩერებს 1994 წელს დადებულ რუსეთ-საქართველოს ორმხრივ ხელშეკრულებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. არადა, ბიძინა ივანიშვილის მიერ სავაჭრო ურთიერთობების აღდგენის კვალობაზე, 2013 წელთან შედარებით, 2014 წლისათვის ორმხრივმა ვაჭრობამ 35%-ით მოიმატა და თუ მოსკოვი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას მართლაც შეაჩერებს, ეს საქართველოს ეკონომიკისათვის ზარალის მომტანი იქნება. ევროკავშირისაკენ გადახრა და ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერაც საქართველოს სერიოზულ ეკონომიკურ რისკებს უმზადებს. რამდენადაც ევროზონა სერიოზული სავალუტო კრიზისის შემდეგ ჯერ მთლიანად გონზე ვერ მოსულა, საეჭვოა, რომ საქართველოსთვის მიცემული ყველა დაპირება შესრულდება. თვით ევროკავშირის შედარებით ახალმა აღმოსავლეთევროპელმა წევრებმაც კი (რუმინეთმა, ბულგარეთმა და ხორვატიამ) თითქმის შეწეყვიტეს თავიანთ დასავლეთევროპელ კოლეგებთან ურთიერთობა. მოიმატა მოსახლეობის მიგრაციამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან დასავლეთში (ასევე სამხრეთ ევროპიდანაც). ისეთი ქვეყნისათვის კი, როგორიც საქართველოა და სადაც მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე წელიწადში მხოლოდ 6 ათასამდე დოლარია, ხანგრძლივი სიღარიბისა და გაუსაძლისი ცხოვრების ფონზე, განსაკუთრებით სოფლის მეურნების რაიონებში, ევროკავშირის წევრობა მაინც და მაინც დიდ სასიკეთო ცვლილებებს ვერ გამოიწვევს და გრძელვადიან პერსპექტივაში, შეიძლება მოსახლეობა მმართველი პოლიტიკური ელიტის წინააღმდეგაც კი აამხედროს.
მეორე - მოსკოვისათვის უფრო მეტად შემაშფოთებელია საქართველოს სწრაფვა ნატოს სამხედრო ბლოკში გასაწევრიანებლად. უკრაინის გაგანია კრიზისის დროს ქართველი ქორები იმედოვნებდნენ, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უელსის სამიტზე საქართველო „მაპ"-ს („გაწევრიანების სამოქმედო გეგმას") მიიღებდა. ვაშინგტონის მხარდაჭერის მიუხედავად, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ეს საკითხი მის სერიოზულ განხილვამდე დახურა. „მაპ"-ის ნაცვლად თბილისმა „ნატოს განსაკუთრებული პაკეტი" მიიღო, რომლის თანახმად, ალიანსი საქართველოში სამხედრო მომზადების რეგიონულ ცენტრს შექმნის და სამხრეთ კავკასიაში „ზოგჯერ" წრთვნებსაც ჩაატარებს. რასაკვირველია, მოსკოვისათვის ეს შედარებით ნაკლებადაა საფრთხის მომტანი, ვიდრე „მაპ"-ში ჩართვა, მაგრამ კრემლმა მაინც მიიღო ზომები და ლაპარაკი დაიწყო აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთთან ერთიანი თავდაცვითი სამხედრო სივრცის შექმნაზე. თავის მხრივ, თბილისში ჩავიდა აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ჩაკ ჰეიგელი, რომელმაც საქართველოს დახმარება აღუთქვა. ამრიგად, იზრდება კავკასიის რეგიონის მილიტარიზაციის დონე, რომელსაც შეუძლია ნეგატიური გავლენა მოახდენოს ეროპულ და ახლოაღმოსავლურ უსაფრთხოებაზე.
რა უნდა გაკეთდეს ასეთ სიტუაციაში?
საქართველო და რუსეთი მოლაპარაკების მაგიდას უნდა მიუსხდნენ და პოლიტიკური კონტაქტები უნდა განაახლონ. ლიდერები ერთმანეთს დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის გარეშეც კი უნდა შეხვდნენ. პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიწვევა თავის ქართველ კოლეგა გიორგი მარგველაშვილისადმი ჯერ კიდევ ღიად რჩება. თუ მათი შეხვედრა გაიმართება, ამას შედეგად მოჰყვება დადებითი და უფრო თბილი ურთიერთობის განვითარება, შესაძლოა დაიწყოს აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის ძველი პრობლემის მოგვარების პროცესიც, ფედერაციული თუ კონფედერაციული ურთიერთობის ხაზით.
ამასთან, დასავლეთმა უნდა აღიაროს, რომ ნატოსა და ევროკავშირის გაფართოების მცდელობები სასარგებლო არ იქნება [და ხელს შეუშლის] მშვიდობის დამყარებას. ბრიუსელს თუ დადებითი შედეგის მიღწევა სურს, მან ყველა მხარესთან უნდა ითანამშრომლოს - მშვიდობიანად, მეგობრულად და უშუალოდ. საქართველოსა და რუსეთს, მათთან ერთად კი აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს შეუძლიათ დასავლეთის პარტნიორები იყვნენ როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით. აი, სწორედ მაშინ იქნება გასაგები გაერთიანებული ევროპის ხედვა, გამმიჯნავი კედლების გარეშე, ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე. სწორედ ასეთ ევროპას შეუძლია კოლექტიური უსაფრთხოების განმტკიცება და ისეთი გლობალური პრობლემების გადაწყვეტა, როგორიცაა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობა, წყლის რესურსების შემცირება, სურსათის ნაკლებობა, შიმშილობა, ეპიდემიების გაფართოების საფრთხე და ბოლოს, „ისლამური ხალიფატის" წინააღმდეგ ბრძოლა.
ამ ვარიანტის ალტერნატივაა ნატოს გაფართოება პოსტსაბჭოთა სივრცეში და რუსეთის შიშების ზრდა, რომ ნატოს ბაზები მისი საზღვრებს უახლოვდებიან. საბოლოო კოშმარი კი ბირთვული იარაღიანი სამხედრო ქვედანაყოფების გამოჩენა იქნება. გამორიცხული არაა ახალი ცივი ომის დაწყება, უფრო გამწვავებული ფორმით, რადგან გამმიჯნავი ხაზი არასტაბილურ კავკასიაზე გაივლის. თუ დასავლეთი ამ რეგიონში გაფართოებას გააგრძელებს, ასეთი მოქმედება კარგი იქნება იმისთვის, რომ საქართველო უკრაინად გადაიქცეს.