საქართველოს ევროპული კავშირების ბედი სასწორზე დევს. ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერების მიმართ აღძრულმა სისხლის სამართლის საქმეებმა ევროკავშირი გააღიზიანა - ბრიუსელი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური ნიშნით დევნიან. მიხეილ სააკაშვილი ის პიროვნებაა, რომელმაც რუსეთის წინააღმდეგ ომს აწარმოებდა და აშშ-ისა და მისი მოკავშირეებთან ურთიერთობას უფრთხილდებოდა მანამ, სანამ იგი მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლებას არ ჩამოაშორა, წერს ჰელენა ბედველი „ბლომბერგში" გამოქვეყნებულ სტატიაში.
„ჯი-ეიჩ-ენი" გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:
ევროპასთან კავშირების განმტკიცების შემდეგ, საქართველოს ახალი ალიანსები კვლავ სასწორზე დევს. შავი ზღვის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის წინაშე მდგარი რისკები, რომელიც ხელს უშლის მის ტრანსფორმაციას საბჭოური ერიდან ევროკავშირში, თბილისს აიძულებს გეზი ისევ რუსეთისკენ აიღოს, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ დასავლეთს უკრაინაში, თავისი ყოფილი ფავორიტი ქვეყნის ტერიტორიაზე დაუპირისპირდა. საფრთხის ქვეშაა ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება, რომელიც საბოლოო ჯამში ბლოკის 28 ქვეყანამ უნდა მოახდინოს.
„ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, მას პრაქტიკულად შეიძლება შერჩევითი სამართალი ვუწოდოთ. ასეთი მოქმედება ევროპულ სტანდარტებში არ თავსდება", - გვითხრა ტელეფონით საუბრისას იაცეკ სარიუშ-ვოლსკიმ, ევროპარლამენტის წევრმა ევროპის სახალხო პარტიიდან, რომელიც ამ საკანონმდებლო ორგანოში ყველაზე მსხვილ ფრაქციას წარმოადგენს, - მე შემიძლია ვივარაუდო, რომ ეს ყველაფერი სერიოზულ კითხვის ნიშანს დასვამს ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციის დროს როგორც ევროპარლამენტში, ასევე თითოეული წევრი სახელმწიფოს პარლამენტებშიც".
მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებაში 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ აირჩიეს და ექს-საბჭოთა ქვეყანა აშშ-სთან და ევროპასთან დაახლოვა, დღეს შიდაძებნილთა სიაშია. უფრო მეტიც, პროკურატურა ცდილობს საერთაშორისო ორდერის გაცემას მისი დაპატიმრებისათვის. ექს-პრეზიდენტისადმი წაყენებული ბრალდებები მოიცავს სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად სარგებლობას, 2007 წლის ნოწემბრის ანტისამთავრობო მიტინგის დარბევას და ტელეარხ „იმედის" - აწ გარდაცვლილი მილიარდერის ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ტელესადგურის უკანონო „კონფისკაციას". მიხეილ სააკაშვილი ამ ბრალდებებს უარყოფს.
ცუდ დღეში არიან ჩავარდნილნი ექს-პრეზიდენტის თანამოაზრეებიც: დაპატიმრებულია ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი, რომელსაც ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი სახელმწიფო სახსრების არასწორად გამოყენების გამო და გიგი უგულავა - თბილისის ექს-მერი, მიხეილ სააკაშვილის პარტიის „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერეთი ლიდერი, რომელიც ასევე საპყრობილეში ზის და სასამართლოს ელოდება ფულის გათეთრების ბრალდებით. ორივე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.
იმ დროს, როცა ქართველი ჩინოვნიკები ამბობენ, რომ სამართლებრივ დევნას პოლიტიკასთან არაფერი საერთო არ აქვსო, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური საქმიანობის სამსახურმა „შეშფოთება" გამოთქვა. ეს ორგანო ადრეც გამოხატავდა ხოლმე თავის განსაკუთრებულ დაინტერესებას იმ შემთხვევებში, როცა თვლიდა, რომ სამართლებრივი დევნა პოლიტიკით იყო განპირობებული, მაგალითად, უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის იულია ტიმოშენკოს პატიმრობასთან დაკავშირებით.
თუ ცალკეული ქვეყნები საქართველოს დემოკრატიული ფასულობებით უკმაყოფილო იქნებიან, მაშინ მაშინ მათ შეუძლიათ შეთანხმების რატიფიკაციის ვადები გააჭიანურონ, როგორც ეს წარსულში ზოგიერთ შემთხვევაში მოხდა, - განაცხადეს ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხების კომისრის ოფისში.
უბრალოდ, საქართველომ არ უნდა იფიქროს, რომ რადგან უკვე ხელმოწერილია ასოცირების შეთანხმება (რომელიც თავისუფალ ვაჭრობასაც ითვალისწინებს), ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი დანარჩენი თავისთავად მოგვარებულად იგულისხმება, - აღნიშნა ფილიპ დიმიტროვმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.
ქართული ვალუტა - ლარიც სუსტდება. ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით თითქმის 2%-ით გაუფასურდა გასული წლის ნოემბრიდან, ასოცირების ხელშეკრულების პარაფირების შემდეგ. ეს მეტია, ვიდრე სომხური დრამისა (1,1%) და აზერბაიჯანული მანათის (ო,1%) გაუფასურება. ამგვარი სიტუაცია რისკების ქვეშ აყენებს ქვეყნის რეპუტაციას, რომელიც ბიზნესის ადვილად წარმოების საერთაშორისო რეიტინგით მერვე ადგილი უკავია 189 ქვეყანას შორის.
საქართველოს ამბებით უკმაყოფილოა ამერიკის შეერთებული შტატებიც, თბილისის ყველაზე ერთგული მხარდამჭერი „ვარდების რევოლუციის" პერიოდიდან. „ჩვენ შეშფოთებულნი ვართ იმ სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების გაგრძელებით, რომლებიც ოპოზიციის წინააღმდეგაა აღძრული და იმ პოლიტიზებული სასამართლო გან-ხილვებით, რომლებიც საქართველოში დემოკრატიას ემუქრებიან", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივნის მოადგილემ მარი ჰარფმა 12 სექტემბერს.
საქართველომ, რომლის მოსახლეობა 4,5 მილიონი მცხოვრებია, აშშ-საგან ბოლო 20 წლის განმავლობაში სამი მილიარდი დოლარი მიიღო, პლუს ერთი მილიარდი დოლარი სამხედრო დახმარების სახით. გასულ თვეში საქართველოს ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ კიდევ 140 მილიონი დოლარი მისცა, განათლების დონის გასაუმჯობესებლად.
ამასთან, საქართველოს მთავრობა გამომწვევად იქცევა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მან ამერიკელ სენატორებს, მათ შორის, მარკ რუბიოსა და ჯონ მაკკეინს, პირველ აგვისტოს გაგზავნილ წერილში აუხსნა, რომ მათ არასწორი მონაცემები აქვთ, თითქოსდა სამართლებრივ დევნას პოლიტიკური ელფერი აქვს. მან ევროკავშირი „მიხეილ სააკაშვილის მეგობრების კლუბად" მონათლა.
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც აგვისტოში განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი პროკურატურაში დაკითხვაზე გამოუცხადებლობით ქვეყნის რეპუტაციას ზიანს აყენებსო.
ამ ფონზე საქართველომ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა თავისი ურთიერთობები მოსკოვთან, რომელიც ყველაზე დაბალ დონეზე იყო სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით 2008 წელს მომხდარი ხუთდღიანი ომის შემდეგ და რომელიც მიხეილ სააკაშვილმა წააგო. მისი თანამდებობიდან წასვლის შემდეგ რუსეთმა გააუქმა ქართულ პროდუქციაზე ადრე შემოღებული სავაჭრო ემბარგო, მათ შორის ღვინოზე და მინერალურ წყალზე.
მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ნატოში გაწევრიანების სურვილით გააღიზიანა, საქართველოს ხელისუფლების მოქმედებას „ფარსი" უწოდა და განაცხადა, რომ რომ მთავრობა ამას რუსეთის მოსაწონებლად აკეთებს. ბიძინა ივანიშვილი კი, რომელმაც თავისი 5,8 მილიარდიანი სიმდიდრის დიდი ნაწილი რუსეთის საბანკო სფეროსა და მეტალურგიულ მრეწველობაში დააგროვა, ამ ბრალდებას უარყოფს.
საქართველოს გარდაცვლილი ექს-პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ყოფილი მრჩევლის ლევან ალექსიძის განცხადებით, რუსეთი რაიმეს იღონებს იმისთვის, რომ საქართველო ნატოსა და ევროკავშირში ვერ გაწევრიანდეს. საქართველომ, ბლოკთან სააკაშვილის გამო დაპირისპირებით, ევროკავშირთან ურთიერთობები არ უნდა დაძაბოს (უნდა შეინარჩუნოს მეგობრული ურთერთობები), რადგან ასოცირების შესახებ შეთანხმების ბედი რისკის ქვეშაა, -განაცხადა მან.
„თუ ჩვენ გავაგრძელებთ ასეთი კურსით სვლას და ასეთი სიტყვებით საუბარს ჩვენს მეგობრებთან და პარტნიორებთან, მათ შესაძლოა მოთმინება დაკარგონ, ჩვენ კი ვერაფერს მივიღებთ", - განაცხადა ალექსიძემ, - „ჩვენი ქმედებები კარგად უნდა ავწონ-დავწონოთ".