ENG / RUS       12+

ამერიკის დახმარება რუსეთის დაუცველ მეზობელს

„ნიუ-იორკ თაიმსის" სარედაქციო სტატიაში მიმოხილულია საქართველოში აშშ-ის თავდაცვის მინისტრის ჩაკ ჰეიგელის ვიზიტის შედეგები, დადებითადაა შეფასებული საქართველო-აშშ-ის სამხედრო თანამშრომლობა, ნატოსთან ურთიერთობა და გამოხატულია ოპტიმიზმი, რომ აშშ-ის დახმარებით საქართველოს უსაფრთხოება განმტკიცდება.
გთავაზობთ მცირე შემოკლებით:
აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ჩაკ ჰეიგელის ვიზიტი თბილისში ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის - საქართველოს დასაიმედებლად გამოხატულ გამამხნევებელ ჟესტს წარმოადგენს, რომელმაც შეერთებულ შტატებს კონფლიქტებში დახმარება გაუწია და სულ უფრო მეტადაა შეშფოთებული რუსული ექსპანსიონიზმით.
საქართველოს დიდი ხნის მცდელობები ნატოში გასაწევრიანებლად სავსებით გასაგებია. რუსეთმა საქართველოსთან ომის დროს, 2008 წელს, ამ ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 20% ოკუპირება მოახდინა. მას შემდეგ, რაც რუსეთმა მარტის თვეში უკრაინის ნაწილის - ყირიმის ანექსია განახორციელა, ქართველი ლიდერები შიშობენ, რომ აგრესიული მეზობელი საქართველოს საზღვრების გასწვრივ ტერიტორიებს მიისაკუთრებს.
შეერთებული შტატები და მისი ნატოელი მოკავშირეები ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისათვის სამხედრო დახმარების გაწევის მცდელობისას ხისტი ბალანსირების პრობლემას აწყდებიან: ისინი პარტნიორები კი არიან, მაგრამ ნატოს წევრები არ არიან. ალიანსის წევრებად საქართველოსა და უკრაინის უმოკლესი გზით მიღებას შესაძლოა რუსეთისაგან სერიოზული პასუხი მოჰყვეს იმ დროს, როცა დასავლელი ლიდერები რეგიონში დაძაბულობის შენელებას ცდილობენ. აღნიშნული ქვეყნების ნატოში ინტეგრირებას ასევე შეუძლია ალიანსის ჩათრევა შეიარაღებულ კონფლიქტებში, რომელიც დაუშვებელია ერაყსა და სირიაში არსებული უდიდესი პრობლემების ფონზე. ამის გათვალისწინებით, ბარაკ ობამას ადმინისტრაცია გონივრულ და გამოზომილ ნაბიჯებს დგამს საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას დასაიმედებლად.
ჩაკ ჰეიგელის ვიზიტი თბილისში, რომელიც პირველი იყო ბოლო ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, სწორედ რომ გამამხნევებელი ტონით განხორციელდა: „რამდენადაც საქართველო შეერთებული შტატების ერთგული და საიმედო პარტნიორია, - თქვა მან, - ჩვენ გვსურს გავაგრძელოთ საქართველოს დახმარება მისი ევროატლანტიკური მიზნების განხორციელებაში, ნატოში გაწევრიანების ჩათვლით".
საქართველო, რომლის ჯარისკაცები ერაყში, აშშ-ის მიერ შექმნილ კოალიციურ ძალებში მსახურობდნენ, ერთ-ერთი მსხვილი მონაწილე გახდა ავღანეთის ოპერაციებისაც, მაშინ როცა ამერიკის მოკავშირეები თავიანთი ჯარების კონტინგენტს ამცირებენ ან იქიდან საერთოდ გაჰყავთ.
საქართველოს მიერ შეტანილი წვლილი ამ კამპანიებში გათვლილი იყო იმაზე, რომ ეს ქვეყანა ნატოს წევრი გახდებოდა. სამწუხაროდ, მისი მცდელობები გერმანიის მხრიდან წინააღმდეგობას აწყდება, თუმცა გასულ კვირას, ნატოს სამიტზე თბილისმა მნიშვნელოვანი დამამშვიდებელი პრიზი მიიღო: ალიანსის ლიდერებმა საქართველო ხუთ ქვეყანას შორის ბლოკის ერთ-ერთ უპირატეს პარტნიორად დაასახელეს, რომლებთანაც ნატო გაფართოებულ თანამშრომლობას აპირებს.
საქართველოსათვის ახალი სტატუსის მინიჭება უზრუნველყოფს დასავლეთთან სადაზვერვო მონაცემების გაზიარებას და სამხედრო მომზადების ფართო შესაძლებლობებს. ნატოს წევრები შეთანხმდნენ აგრეთვე საქართველოში სიმბოლურ მცირე საწრთვნელი ცენტრის გახსნაზეც.
შეერთებულ შტატებს უფრო მეტის გაკეთება შეუძლია. საქართველო ცდილობს თავისი შეაიარაღებული ძალების მოდერნიზება განახორციელოს, მაგრამ როგორც თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, წლების განმავლობაში თბილისის თხოვნები [იარაღის მიწოდებაზე] ამერიკელი თავდაცვითი კონტრაქტორების მხრიდან უპასუხოდ რჩებოდა. ჩაკ ჰეიგელის ვიზიტის შემდეგ კი ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ „ჩუმი ემბარგო" როგორც ჩანს, უკვე მოიხსნა.
საერთოდ, ცნობილია, რომ პენტაგონის საგარეო გაყიდვების სისტემა საკმაოდ ნელა მუშაობს, მაგრამ განსაზღვრული გარემოებების დროს მას სწრაფი მოქმედებაც შეუძლია. საჭიროა აჩქარება, რათა საქართველოს შეკვეთა დროულად შესრულდეს.
ავტორი: . .