ENG / RUS       12+

საქართველოსა და უკრაინის შედარება: იძულება დასაზავებლად

„პატარა მოგებული ომი" კარგია, სანამ იგი პატარაა და მოგებული
"ნოვაია გაზეტას" მიერ სტატიაში საუბარია „უკრაინა-რუსეთის ომზე", რომელიც შედარებულია 2008 წლის აგვისტოში მომხდარ საქართველო-რუსეთის ომთან (ავტორი - იულია ლატინინა, ოპოზიციური ჟურნალისტი).
გთავაზობთ შემოკლებით;
„პირველი რუსეთ-უკრაინის ომი დასრულდა. ვინ იმას ფიქრობს, რომ ეს ჯერ დასასრული არ არისო, დავარწმუნებ - სწორედაც რომ დასრულდა და დიდი ხნის განმავლობაში არაფერი აღარ მოხდება.
რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთ-საქართველოს ომის მსგავსად დასრულდა. კონკრეტულად: ღარიბ-ღატაკი და კრიმინალური ანკლავის შექმნით იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, რომელსაც კრემლი მტრად მიიჩნევს. ამ ანკლავის ძირითადი ფუნქციაა ბრძოლა „უკრაინელი ფაშისტების წინააღმდეგ".
საერთოდ, ორივე ომი სრულიად ერთნაირად მიმდინარეობდა. ორივე შემთხვევაში კრემლის განრისხება რევოლუციებმა გამოიწვია, რომლებიც, იგივე კრემლის აზრით, ამერიკამ მოაწყო. ორივე შემთხვევაში რუსეთის სამოქმედო ინსტრუმენტებს კრიმინალურ-ტერორისტული ანკლავები წარმოადგენდა. ორივე შემთხვევაში რუსეთი აცხადებდა, რომ მოვლენებს ვერ აკონტროლებდა, თუმცა მოსკოვის მხარდაჭერის გარეშე ვერც ოსური და ვერც დონეცკური „ჰამასელები" ერთ დღესაც ვერ გაძლებდნენ. ორივე შემთხვევაში რუსეთი, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს იარაღის ტარებას უკრძალავს, საზღვარზე უამრავ იარაღიან „მოხალისეებს" უშვებდა, რომელთა დიდი ნაწილი შეიარაღებული კრიმინალური ბანდიტები იყვნენ. ორივე შემთხვევაში საქმეში არმია იქნა ჩართული, თანაც რუსეთის არმიის უპირატესობა ორივე მომენტში დომინირებდა. საქართველო-რუსეთის ომის ღია ფაზა ხუთი დღე გრძელდებოდა, უკრაინა-რუსეთის კი - დაახლოებით ათ დღეს, თუ არ ჩავთვლით 24 აგვისტოს, როცა რუსეთის არმიის მე-8 და მე-9 მოტომსროლელი ბრიგადის, აგრეთვე 98-ე და 106-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიების ქვედანაყოფებმა რუსეთ-უკრაინის სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთეს და ილოვაისკს დაარტყეს.
რატომ დათანხმდა უკრაინა ზავს?
პირველ რიგში იმიტომ, რომ ილოვაისკთან უკრაინის არმიამ 1000 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. დემოკრატიულ სახელმწიფოს არ შეუძლია ასეთ დანაკარგებზე წავიდეს. რუსეთის დანაკარგებიც შესაბამისი იყო, მაგრამ რუსეთი ხომ არადემოკრატიული სახელმწიფოა.
მეორე - ლუგანსკსა და დონეცკში რუსეთის ჯარების შესვლის შემდეგ ნათელი გახდა, რომ უკრაინა ამ ქალაქებს ვეღარ დაიბრუნებდა. დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც ევროპისაკენ მიისწრაფვის, ვერ წაართმევდა მილიონიან ქალაქს კბილებამდე შეიარაღებულ მოწინააღმდეგეს, რომელიც ომის წესებს არ იცავს და ადგილობრივი მოსახლეობა წინ ჰყავს აფარებული. უკრაინას რომ ბრძოლა გაეგრძელებინა, რუსეთი მშვიდობიანი ადამიანების მსხვერპლს „უკრაინელ ფაშისტებს" მიაწერდა.
მესამე - არსებობდა იმის საფრთხე, რომ კრემლი მარიუპოლს დაიპყრობდა და შავი ზღვის სანაპიროს („ნოვოროსიას") მთლიანად ხელში ჩაიგდებდა.
მეოთხე - ევროპა პეტრე პოროშენკოზე ზეწოლას ახდენდა, იქნებ ამით ვლადიმერ პუტინი დამშვიდდესო. შემთხვევითი არაა, რომ დაზავება კიევში ანგელა მერკელის ვიზიტის შემდეგ მოხდა. ამით ისიც ნათელი გახდა, რომ ევროპა მზადაა „ბოინგის" ჩამოგდების ფაქტიც არ გაამწვავოს. მოკლედ, უკრაინა - ეს 1938 წლის ახალი ჩეხოსლოვაკიაა, პეტრე პოროშენკო კი ახალი ედუარდ ბენეში.
რატომ დათანმხდა ზავს ვლადიმერ პუტინი?
პირველი - მან შეასრულა თავისი პროგრამა-მინიმუმი, შექმნა კრიმინალური ანკლავი უკრაინის ტერიტორიაზე. ასეთ ქვეყანას ვინღა მიიღებს ან ევროკავშირში და ნატოში? და თუ მიღებას დააპირებენ, ანკლავი სროლას დაიწყებს, ტერაქტებს განახორციელებს...
მეორე - თუ ომი გაგრძელდებოდა, სანქციები გამკაცრდებოდა.
მესამე - ამ ომის შედეგები გაურკვეველი იყო - რუსეთის არმიამაც განიცადა დანაკარგები, უკრაინელებმა თავდაცვა ისწავლეს, რუსებმა მარიუპოლის აღება ვერ შეძლეს.
პუტინის ფრაზის მიუხედავად, „კიევს ორ კვირაში ავიღებო", კითხვა მაინც ჩნდება: რა იქნებოდა, თუ რუსეთის არმია კიევს ვერ აიღებდა? „პატარა მოგებული ომი" კარგია, სანამ იგი პატარაა და მოგებული. მაგრამ თუ ომი დიდ ხანს, ვთქვათ, ერთ თვეს გაგრძელდებოდა და რამდენიმე ათასი ადამიანი დაიღუპებოდა, მაში რუსული საზოგადოება გამოფხიზლდებოდა...
ასე რომ, შეიძლება ომის შედეგებზე ვისაუბროთ:
პირველი - ვერავითარი „ნოვოროსია" ვლადიმერ პუტინმა ვერ მიიღო. პროექტი დაიხურა. „ლუგანდონის რესპუბლიკა" ისე განსხვავდება „ნოვოროსიისაგან", როგორც ვალდიმერ პუტინი ეკატერინე მეორისაგან.
მეორე - უკრაინა, ისევე როგორც საქართველო, ე.წ. „რუსული სამყაროდან" სრულიად ამოვარდა.
მესამე - რამდენიმე წლის შემდეგ რუსეთში ეკონომიკური კრიზისი დაიწყება, რომლის შედეგად მთელი სიმდიდრე პუტინის ახლობლების ხელში გადანაწილდება.
მეოთხე - რუსეთი ჩინეთს მიეყიდება, რომელიც თავის მოქმედებას უკვე ამჟღავნებს.
ავტორი: . .