ENG / RUS       12+

The National Interest: რატომ არ უნდა ლობირებდეს ამერიკა საქართველოს ნატოში გაწევრიანებას

ვრცელ ანალიტიკურ სტატიაში „ნეიშენელ ინთერესთ" (აშშ), რომლის ავტორია აშშ-ის „კატონის ინსტიტუტის" უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი დაგ ბენდოუ, განხილულია ნატოს როლი საბჭოთა კავშირის დაშლამდე და დაშლის შემდეგ, მასში გაკრიტიკებულია როგორც აშშ-ის დამოკიდებულება ნატოს მიმართ, ასევე ვაშინგტონის მხარდაჭერა საქართველოსადმი ალიანსში გაწევრიანების მიზნით.
"ჯი-ეიჩ-ენი" გთავაზობთ სტატიის შემოკლებულ შინაარსს:
ცივი ომის დასრულების შემდეგ, რუსეთმა ყოფილი საბჭოთა კავშირის მოსახლეობის მესამედი დაკარგა, მისი სამხედრო ძალებიც შესუსტდა და ეფექტურობა შემცირდა, ევროპა კი ეკონომიკურ წარმატებებს და პოლიტიკურ კონსოლიდირებას განიცდიდა. ევროკავშირი რვაჯერ აღემატებოდა რუსეთს ეკონომიკის მოცულობით და სამჯერ - მოსახლეობის რაოდენობით. ევროპას ამერიკის სამხედრო მფარველობა აღარ სჭირდებოდა, მაგრამ ვაშინგტონმა, გაითვალისწინა რა აღმოსავლეთ ევროპის, განსაკუთრებით კი ბალტიისპირა ქვეყნების უსაფრთხოების გამოწვევები, ნატოს გაფართოებაზე ზრუნვა დაიწყო. ამასთან, არც ვაშინგტონი და არც ბრიუსელი არასდროს სერიოზულად არ განიხილავდნენ იმ შესაძლებლობას, რომ ნატოში ახალი წევრების მიღებას შეიძლება რუსეთთან ომი მოჰყოლოდა. ბოლო ხანებში, უკრაინის მოვლენების ფონზე, პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები აშშ-საგან უფრო მეტ დაცვას მოითხოვენ, მათ სურთ თავიანთ ტერიტორიებზე ნატოს მუდმივი სამხედრო გარნიზონები ჰყავდეთ, რომლებიც, რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, ამ ქვეყნების დაცვის გარანტები იქნებიან. ნატოს გენმდივანმა საპასუხოდ განაცხადა, რომ „ალიანსი თავის მოკავშირეებს ყველა შემთხვევაში დაიცავს". ეს ნიშნავს, რომ ამერიკა მზადაა რუსეთთან, ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოსთან, ომის დაწყება გარისკოს იმ ქვეყნების დასაცავად, რომლებსაც თვით აშშ-ის უსაფრთხოებისათვის მიზერული მნიშვნელობა აქვთ.
ამის მიუხედავად, ნატოს გაფართოებაც კვლავ გრძელდება - ბოსნიას და ჰერცეგოვინას, მაკედონიას, ჩერნოგორიას და საქართველოს ალიანსში გაწევრიანება სურთ. მათ შეიძლება უკრაინაც შეუერთდეს, თუმცა ეს მისი სტატუსის ცვლილებაზეა დამოკიდებული. პირველ სამს ნაკლები მნიშვნელობა აქვთ, ისინი პატარა ქვეყნები არიან, მათ არავინ ემუქრება და შესაბამისად, აშშ-ის უსაფრთხოებასთან მაინც და მაინც დიდი კავშირი არ აქვთ.
უფრო მეტად პრობლემატურია საქართველოს კანდიდატურა. თბილისი დიდი ხანია ნატოს გარშემო ტრიალებს, მას თავისი ქვედანაყოფი ჯერ კიდევ კოსოვოს მისიაში ჰყავდა გაგზავნილი. „ვარდების რევოლუციის" შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ ნატოსთან თანამშრომლობა გააქტიურა და ლობისტად ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი დაიქირავა. ბუქარესტში 2008 წელს გამართულ სამიტზე ნატოს წევრი ქვეყნების მეთაურები დათანხმდნენ, რომ საქართველო საბოლოო ჯამში ალიანსის წევრი გახდებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესი კინაღამ ჩაიშალა საქართველო-რუსეთის ომის გამო, თბილისი წინსვლას მაინც განაგრძობდა. ალიანსის ბოლო სამიტის წინ ქართველი დიპლომატი არჩილ გეგეშიძე აცხადებდა, რომ „ამერიკამ და ნატომ მხარი უნდა დაუჭირონ საქართველოს ევროატლანტიკურ სწრაფვას და ნატოში გაწევრიანების ნათელი გზა უზრუნველყონო". აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც ქართველ პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას ნატოს კურსის მქონე თბილისის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა.
მართალია, უელსის სამიტზე ბლოკის წევრებმა საქართველოს „მაპ"-ში ჩართვას მხარი არ დაუჭირეს, მაგრამ „გაძლიერებულ თანამშრომლობას" დათანხმდნენ და თბილისს „საუკეთესო პარტნიორის" სტატუსი შესთავაზეს, რაც, გენმდივან ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, ხელს შეუწყობს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას. გარდა ამისა, აშშ-ის ადმინისტრაციამაც გამოაცხადა, რომ საქართველოსადმი ამ საკითხში დახმარებას გააქტიურებს.
ასეა თუ ისე, ეს ყველაფერი ნატოს წევრობასთან შედარებით მაინც მეორეხარიხოვანია. თბილისი იძულებულია რეალობას შეეგუოს. როგორც ირაკლი ალასანიამ განაცხადა, „ჩვენ ზოგადად იმედგაცრუებულნი ვართ, რადგანაც ალიანსისათვის ჩვენ უფრო მეტი გავაკეთეთ, ვიდრე ნატოს ზოგიერთმა წევრმა". საქართველოს მხარდამჭერებიც, მათ შორის „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის" თანამშრომელი ლიუკ კოფი წერს, რომ „რადგანაც საქართველო ალიანსის მკაცრ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, ამიტომ მისი მომავალი ნატოშია".
ამის მიუხედავად ვაშინგტონში, როგორც ჩანს, არავის არ ებადება მნიშვნელოვანი კითხვა: თბილისი რომ ნატოს წევრი გახდეს, განა ამით ამერიკის უსაფრთხოება საერთაშორისო დონეზე უფრო განმტკიცდება?
სამხედრო ბლოკები საზოგადოებრივი ორგანიზაციები და კლუბები არ არის, სამხედრო ბლოკები თავიანთი წევრების უსაფრთხოების გაზრდას ემსახურებიან. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ შეერთებული შტატები დათანხმდება [ნატოში] ახალი წევრის მიღებას და მას თავის კმაყოფაზე აიყვანს, ეს ნაბიჯი ამერიკის ინტერესების დაცვას უნდა ემსახურებოდეს, საქართველოს მიღებით კი ვაშინგტონი ვერაფერს მოიგებს.
აშშ-სთვის საქართველო სტრატეგიული ინტერესის ობიექტს არ წარმოადგენს. ეს ქვეყანა რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო. ვაშინგტონს არასოდეს არ ჰქონია იმის საჭიროება, რომ ხელი შეეწყო საქართველოს დამოუკიდებლობისათვის. აშშ-საქართველოს ამასწინანდელი თბილი შეხვედრები არ ნიშნავს იმას, რომ ამერიკისთვის ამ ქვეყნის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა გაიზარდა. თბილისის ურთიერთობა რუსეთთან უფრო ჰუმანიტარულ ხასიათს ატარებს, ვიდრე სტრატეგიულს. ვაშინგტონისთვის უკეთესი და სასარგებლო იქნებოდა, რომ შავ ზღვაზე მოკავშირედ სხვა მეგობრული რეჟიმი ჰყოლოდა.
არჩილ გეგეშიძე ამბობს, რომ „საქართველოს ნატოში გაწევრიანება რეგიონში სტაბილურობასა და უსაფრთხოებას განამტკიცებსო". ეს სწორი იქნებოდა, თუ რუსეთი თავს შეიკავებდა სამხედრო ზომების მიღებისაგან, ომის ასიმეტრიული ფორმების ჩათვლით, რომელსაც მოსკოვი უკრაინაში იყენებს. სამწუხაროდ, ისტორია სავსეა ისეთი კავშირებითა და ალიანსებით, რომლებიც აგრესორს ვერ აკავებენ.
საქართველოს მიმართ რუსეთის ინტერესები ყოველთვის იქნება აშშ-ის ინტერესებზე უფრო მეტი, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს გამო მოსკოვი უფრო მეტად გარისკავს, ვიდრე ვაშინგტონი. საეჭვოა, რომ ამერიკა მზად იქნება ომში ჩაბმისათვის. არადა, აშშ-ის მხარდაჭერამ საქართველო შეიძლება ისე გაათამამოს, რომ არაა გამორიცხული თბილისმა მოსკოვი გამოიწვიოს... და კონფლიქტში, ძალიან დიდი ალბათობით, შეიძლება ამერიკაც იქნეს ჩათრეული.
საქართველოს სასარგებლოდ აცხადებენ, რომ თბილისმა დიდი წვლილი შეიტანა ავღანეთსა და ერაყში მიმდინარე კოალიციის ოპერაციებშიო. მაგალითად, ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის ყოფილი თანაშემწე დეიმონ უილსონი და იგივე ლიუკ კოფი აცხადებენ, რომ „საქართველომ ამერიკის მხარდაჭერა დაიმსახურა" და რომ „ჩვენ საქართველოზე ხელები არ უნდა შევიწმინდოთო".
მაგრამ საქართველოს წვლილი - ცხადია, მას უნდა მივესალმოთ - არ ნიშნავს იმას, რომ აშშ ვალდებულია თბილისს დაცვის გარანტიები მისცეს. ავღანეთში დისლოცირებული ქართული კონტინგენტი, რასაკვირველია, ძალიან დიდია ისეთი პატარა ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, მაგრამ ამერიკისათვის ის მაინც ნაკლები სარგებლობის მომტანია ომის შემთხვევაშიც კი. (...)
საქართველო შესაძლებლად მიიჩნევს, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე (ანუ იმ სეპარატისტულ ტერიტორიებზე, რომელებსაც მოსკოვი მხარს უჭერს) ნატოს წესდების მე-5 მუხლი არ გავრცელდეს. მაგრამ თუ აშშ საქართველოს მფარველობას დაპირდება, იგი რთული საერთაშორისო კონფრონტაციის დროს თავის სიტყვას უკან ვეღარ წაიღებს. წარმოიდგინეთ როგორი ყვირილს ატეხს სამხედრო ლობი - ამერიკამ თავისი მოკავშირე გაჭირვებაში მიატოვაო.
და მაინც თბილისელი პოლიტიკოსები საქართველოსთვის შეთავაზებულ უსაფრთხოების გარანტიებს გადაჭარბებულად აფასებენ. მოსკოვთან კონფრონტაციით შეშფოთებულმა ზოგიერთმა პირმა ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნება", რომელმაც მიხეილ სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებას ჩამოაშორა, პრორუსულ ძალად შერაცხა. იმ ფონზე, როცა უნგრეთში და ევროპაში ნაციონალისტური პარტიები (ე.წ. „მეხუთე კოლონები") ძლიერდებიან, განა საჭიროა კიდევ ერთის დამატება?
გარდა ამისა, შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და მისი თანაგუნდელების მიმართ წაყენებული სისხლის სამართლის ბრალდებების გამო (თანამდებობის ბოროტად სარგებლობა). ამ ბრალდებისათვის პოლიტიკური სარჩულის დადება შეიძლება მოჩვენებითი იყოს, შეიძლება თვით ბრალდებაც უსაფუძვლოა, მაგრამ ასეთი ბრალდებების წაყენება პოლიტიკურ მოუმწიფებლობას და არასტაბილურობის პოტენციალს გულისხმობს, რაც ალიანსის პარტნიორისათვის არასასურველი მახასიათებლებია.
ასეა თუ ისე, ჩვენ ვიცით ქართული უგუნურების კიდევ ერთი მაგალითი - რუსეთთან დამოკიდებულება: 2008 წლის ომი. ვინაა მართალი ამ კონფლიქტში, ძნელი სათქმელია, რადგან საქართველოსა და სამხრეთ ოსეთ-აფხაზეთს შორის დიდი ხანია ანტაგონიზმი ბატონობს. ცხადია, რომ რუსეთმა ერთი მხრივ თბილის-ცხინვალსა და მეორე მხრივ - თბილის-სოხუმს შორის არსებული დაპირისპირება თავის სასარგებლოდ გამოიყენა, თუმცა ეს საქართველოს მოქმედებას არ ამართლებს.
აშკარაა, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მზად იყო აღნიშნული ტერიტორიები ძალის გამოყენებით დაებრუნებინა. მისმა ჩინოვნიკებმა აღნიშნეს, რომ რუსეთის ჩარევის შემთხვევაში იგი ამერიკისაგან მხარდაჭერას ელოდებოდა. საქართველოს როლი ამ კონფლიქტში დაადასტურა ევროპის საგამოძიებო კომისიამაც. როგორც „შპიგელი" იტყობინებოდა, „კომისიის წევრთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ომი პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო სამხრეთ ოსეთზე თავდასხმით 2008 წლის 7 აგვისტოს... შეკრებილი ფაქტები უარყოფენ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ იმ დღეს საქართველო „რუსული აგრესიის" მსხვერპლი გახდა". გადამდგარმა ბრიტანელმა პოლკოვნიკმა ქრისტოფერ ლენგტონმა ასეთი [დასკვნა გააკეთა]: „საქართველოს [გაერთიანების] ოცნებები დაიმსხვრა, მაგრამ ამაში ქვეყანამ საკუთარი თავი უნდა დაადანაშაულოს".
აშკარაა, ნატოს რაღაც ეჭვები უკვე ჰქონდა. იგივე „შპიგელი" იტყობინებოდა: „ნატოს შტაბ-ბინის ოფიცრები... ჯერ ფიქრობდნენ, რომ კონფლიქტი ქართველებმა დაიწყეს და რომ მათი მოქმედება იყო თავდაცვითი და პასუხი რუსეთის პროვოკაციაზე. მოგვიანებით ნატოს ჩინოვნიკები დარწმუნდნენ, რომ საქართველოს თავდასხმა სამხრეთ ოსეთზე წინასწარ გათვლილი შეტევა იყო...". და ამ დროს ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციამ ყველაფერი იცოდა. როგორც სახელმწიფო მდივნის მოადგილემ დენიელ ფრიდმა აღნიშნა, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „კონტროლიდან გამოვიდაო". წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, როგორი იქნებოდა მისი მოქმედება, საქართველო რომ ნატოს წევრი ყოფილიყო.
არის იმის საფუძველი, რომ ვაღიაროთ - საქართველოს ეროვნული ყოფა მართლაც აღტაცების მომგვრელია: ისტორიისა და ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, საქართველოს არსებობა იოლი არასდროს ყოფილა, მაგრამ... ბუნებრივი თანაგრძნობა ნატოში გაწევრიანების არგუმენტად ვერ გამოდგება. ვაშინგტონი ისეთ ქვეყნებს უნდა დაპირდეს მათი გულისთვის ომის დაწყებას, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამერიკის უსაფრთხოებისათვის. საქართველო იმ ქვეყნების რიცხვში არ შედის.
ისიც საკითხავია, რატომ აგრძელებს ვაშინგტონი მჭიდროდ დასახლებულ და ეკონომიკურად ძლიერ ევროპელ მოკავშირეთა უსაფრთხოების დაცვას, რომლებმაც, მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობისა და მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, ამერიკა თვითონ უნდა დაიცვან. ყველა შემთხვევაში, შეერთებულმა შტატებმა არ უნდა იკისროს ისეთი ქვეყნის რჩენა, როგორიც საქართველოა, რომელიც უსაფრთხოების დონეს უფრო შეასუსტებს, ვიდრე გეოპოლიტიკურ უპირატესობას უზრუნველყოფს.
ავტორი: . .