მთავარ პროკურატურაში პროკურორთა ტესტირება ჩატარდა. პროკურატურის თანამშრომელთა ტესტირებას იუსტიციის სასწავლო ცენტრი ახორციელებს. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ტესტირება უტარდებათ იმ თანამშრომლებს, რომლებმაც იუსტიციის სასწავლო ცენტრში პროკურორთა გადამზადების კურსი გაიარეს. ხსენებული კურსი სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსის იმპლემენტაციის პირველი ეტაპია.
აღნიშნული კურსის განმავლობაში პროკურორები გაეცნენ სისხლის სამართლის ახალ საპროცესო კოდექსს და მასთან დაკავშირებულ საკითხებს. ძირითადი ყურადღება გამახვილდა იმ ძირეულ სიახლეებზე, რომელიც სისხლის სამართლის ახალ საპროცესო კოდექსშია მოცემული, კერძოდ, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტზე, დაცვის სპეციალურ ღონისძიებებზე, მტკიცებულების ახალ სტანდარტებზე, დევნის დისკრეციულ საკითხებზე და სხვა.
კურსის სასწავლო გეგმაში სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსის გარდა, შედის ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, შიდა სახელმძღვანელო მითითებები, საერთაშორისო თანამშრომლობა და სხვა საკითხები. აღნიშნული გადამზადების კურსი აშშ იუსტიციის დეპარტამენტის დახმარებით ხორციელდება და უშუალოდ უცხოელი ექსპერტები მონაწილეობდენ აქტიურად ტრეინინგის პროცესში.
აღნიშნული კურსი პროკურატურის ყველა თანამშრომელმა გაიარა. მათ ნაწილს ტესტირება ჩაუტარდა 15 თებერვალს, ხოლო ამჟამად ტესტირებას გაივლის 263 თანამშრომელი.
სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსის იმპლემენტაციის მეორე და მესამე ეტაპი განხორციელდება ივნისსა და ივლისში. პროკურორები ტესტირებას გაივლიან სასამართლო უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და სამართლებრივი წერის უნარების დახვეწაში.
მასალის გამოყენების პირობები