"ჯი-ეიჩ-ენი" გთავაზობთ „ნეიშენელ ინთერესთში" გამოქვეყნებლ სტატიას. (მასალის გამოქვეყნებისას გთხოვთ მიუთითოთ წყარო)
1738 წელს სპარსეთის მმართველმა ნადირ-შაჰმა ავღანური ქალაქი ყანდაარი დაიპყრო, შემდეგ კი მან თავისი არმიის ინდოეთში ლაშქრობისთვის, მომზადება დაიწყო - დიდ მოგოლთა იმპერიის ხელში ჩასაგდებად. ნადირ-შაჰის არმიაში იმ დროს ქართველთა რაზმიც იბრძოდა.
სინდისკენ მიმავალ გზაზე, რომელიც დღეს პაკისტანის ერთ-ერთი პროვინციაა, ნადირ-შაჰის არმიამ დაინახა ქვის სვეტი წარწერით, რომლის თანახმად, სიკვდილი უწევდა ყველას, ვინც ამ სვეტს გვერდს აუვლიდა და წინ წავიდოდა. სპარსელთა არმია დაიზაფრა, ახალგაზრდა ქართველმა მეფისწულმა ერეკლე მეორემ კი გამოსავალი მონახა: ქვის სვეტი სპილოზე დატვირთეს და ლაშქარს წინ გაუმძღვარეს. საბოლოო ჯამში, სპარსელებმა სინდი დაიმორ-ჩილეს, ნადირ-შაჰმა კი მოხერხებუ-ლობისა და ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის ერეკლე მეორეს კახეთის სამეფო უბოძა. ნაწილობრივ ამ ფაქტმაც შეუწყო ხელი ერთიანი სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესს, რომელსაც დღეს საქართველო ჰქვია.
ამჟამად ქართველი მებრძოლები ისევ ავღანეთში და ისევ ყანდაარში იმყოფებიან - 750 ქართველი ჯარისკაცი ნატოს სამხედრო ძალებში მსახურობს. რა ჯილდოს მიიღებენ ისინი თავიანთი სამსახურისათვის?
აშკარაა, რომ საქართველო ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმას („მაპ") ვერ მიიღებს. ამის თაობაზე ჯერ კიდევ ივნისში განაცხადა ალიანსის გენმდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა, რომელიც თავის პოსტს სულ მალე დატოვებს. „მაპ"-ის ნაცვლად თბილისს [5 სექტემბერს] დამამშვიდებელ პრიზს - „გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტს" შესთავაზებენ, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ალიანსში ინტეგრირებას.
გარდა ამისა, ამერიკამ და ნატოს სხვა წევრებმა, საქართველოსადმი მხარდაჭერის დემონსტრირებისათვის სამი რაღაც უნდა გააკეთონ:
პირველი - ვაშინგტონმა ყველაფერი უნდა იღონოს, რომ სამიტის დეკლარაციაში ნათლად დაფიქსირდეს: ა) სანამ საქართველო ზუსტად ასრულებს ყველა ვალდებულებას, მას ნატოში გაწევრიანება უზრუნველყოფილი ექნება და ბ) ვერცერთი ქვეყანა, რომელიც ნატოს წევრი არ არის (მათ შორის რუსეთიც), საქართველოს გაწევრიანებას ხელს ვერ შეუშლის. ყველასათვის ცნობილია, რომ საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მიღება ჯერ კიდევ 2008 წელს აღუთქვეს, ნატოს ბუქარესტის სამიტზე, მაგრამ მოგვიანებით ზოგიერთმა წევრმა ამ დაპირებას უღალატა. პირველ რიგში ეს ეხება ბლოკის იმ წევრებს, რომლებსაც რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებთ. მათი მოქმედება გარკვეულ უხერხულობას ქმნის და შეშფოთებას ბადებს. ახლა ამ ქვეყნებმა თავიანთი სიტყვა უნდა თქვან [საქართველოს სასარგებლოდ];
მეორე - ამერიკამ და ნატოს სხვა წევრებმა საქართველოს თავდაცვითი იარაღი უნდა მიაწოდონ - ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო აღჭურვილობა. ყოველ ქვეყანას აქვს თავდაცვის უფლება და თუ იარაღი თავდაცვითი იქნება, მაშინ მის მიწოდებაზე უარის თქმის საფუძველი არ არსებობს;
მესამე - ამერიკამ და ნატოს სხვა წევრებმა საქართველოსთან ერთობლივი სამხედრო სწავლებები უნდა გააგრძელონ, ავღანური ოპერაციის დასრულების შემდეგაც. რაც უფრო დიდხანს იფრიალებს ნატოს დროშა საქართველოს თავზე, ქართველი ხალხი მით უფრო მეტ ერთგულებას გამოიჩენს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.
ნათლად, მკვეთრად და არაორაზროვნად უნდა გაცხადდეს: საქართველომ ეს მხარდაჭერა დაიმსახურა.
როცა რუსეთი 2008 წლის აგვისტოში საქართველოში შეიჭრა, შემდეგ კი მისი ტერიტორიის 20%-ის - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ოკუპირება მოახდინა, თბილისმა თავისი შეიარაღებული ძალების რეფორმირება განახორციელა. დღეს საქართველო მხარს უჭერს და მონაწილეობს ალიანსის მიერ დაგეგმილ თითქმის ყველა ოპერაციებში... საქართველომ თავისი მებრძოლები გაგზავნა ერაყსა და ავღანეთში, ასობით მშვიდობისმყოფელი - კოსოვოში, ახლა კი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. თქვენ წარმოიდგინეთ, საქართველო ამას აკეთებს ისე, რომ ნატოს წევრიც არ არის! თბილისი მოქმედება ბევრი ევროპული ქვეყნისათვის სამაგალითოა.
ნატოს ზოგიერთ წევრს იმის შიში აქვს, რომ თუ საქართველო ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის წევრი გახდება, ეს ავტომატურად გამოიწვევს რუსეთთან ომს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამო. ქართველი ხელმძღვანელები კერძო საუბრებში აცხადებენ, რომ ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში ისინი თანახმა იქნებიან, რომ მე-5 მუხლის ძალა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გავრცელდეს მანამ, სანამ ეს პრობლემა მშვიდობიანი გზით არ გადაწყდება.. ამ საკითხზე თავისი მზადყოფნის დემონსტრირება რომ მოეხდინა, თბილისმა ცალმხრივად აიღო ვალდებულება ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სამხედრო ძალის არგამოყენების თაობაზე, რაც რუსეთს არ გაუკეთებია.
ქართველებმა ბრძოლებში თავიანთი სიქველე დაამტკიცეს. ისინი ახორციელებენ თავდაცვის სფეროს გარდაქმნას, რომელიც სამაგალითოდ ითვლება ნატოსთვის. დღეს დაწყებული უელსის სამიტი ალიანსს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ დაადასტუროს თავისი განაცხადი ამ ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანების შესახებ და ამ მიზნით საქართველოს სამხედრო პოტენციალის გაძლიერება დაიწყოს. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობას განმტკიცებას.
ალიანსმა თავისი 2008 წლის დაპირება უნდა შეასრულოს და ხელი შეუწყოს საქართველოს წინსვლას ნატოში გაწევრიანების მიზნით.