ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადების ფაქტზე სამი პიროვნება დააკავეს.
სამართალდამცავების განცხადებით, ძმები რამინ და როლანდ გაბლაიები ე.წ ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, „რკინისა და ხის ბაზრობაზე“ მათსავე კუთვნილ საამქროში სხვადასხვა მეწარმე სუბიექტებზე წერდნენ ყალბ ზედნადებებს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მათ 800 ლარის სანაცვლოდ ერთ-ერთ მოქალაქეს გამოუწერეს ყალბი სასაქონლო ზედნადები 7 000 ლარის ღირებულების ხის მასალაზე.
ასევე დაკავაებულია ინდივიდუალური მეწარმე გივი ბახტაძე, რომელიც ყალბ ზედნადებებს თავისი მამის სახელით წერდა. სამართალდამცველებმა იგი მაშინ დააკავეს, როცა მან ერთ-ერთ მოქალაქეს 300 ლარის სანაცვლოდ გამოუწერა ყალბი ზედნადები 8 000 ლარის ღირებულების პირველი ხარისხის პურის ფქვილზე.
მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე და პირველი ნაწილებით, რაც შესაბამისად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე და ორიდან ოთხ წლამდე ვადით.
მასალის გამოყენების პირობები