ENG / RUS       12+

საქართველო და უკრაინის კრიზისი: ორ სკამზე ჯდომის პოლიტიკა?

დღეს საქართველოს ხელისუფლება „ორ სკამზე ჯდომის" პოლიტიკას ატარებს - სხვას ვერაფერს დაარქმევ იმ მოქმედებას, რომელიც ერთდროულად უკრაინის დასახმარებლად დასავლეთის ძალისხმევის მხარდაჭერასა და რუსეთთან კონსტრუქციული დიალოგის შენარჩუნებაში გამოიხატება, - წერს „ვესტნიკ კავკაზა".

გამოცემა აღნიშნავს, რომ თბილისს ბრიუსელთანაც სურს კარგი დამოკიდებულების შენარჩუნება და მოსკოვთანაც. საქართველო ფრთხილ სოლიდარობას უცხადებს კიევს, თან შიშობს, რომ მოსკოვთან ეკონომიკურად ძალზე მომგებიანი კონტრუქციული სავაჭრო დიალოგი არ ჩაიშალოს.

„მართალცდა საკვირველია, რომ რუსეთმა, რომელმაც დასავლეთს (ევროკავშირის წევრებს) და პროდასავლურ ქვეყნებს (მაგალითად, მოლდოვას), საპასუხო სანქციები გამოუცხადა, ამ ფონზე ქართულ პროდუქციას ემბარგო კი არ დაუწესა, არამედ ქართველებს შესთავაზა მეტი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია შეიტანონ რუსულ ბაზარზე. 2006-2012 წლების აკრძალვების შემდეგ საქართველოს ხელისუფლება, უბრალოდ, ბედნიერია, რომ კვლავ სეუძლია რუსეტში ტრადიციული საექსპორტო საქონლის - ღვინის, მინერალური წყლის, ხილის, ბოსტნეულის და ციტრუსების გატანა და „ყურადღებას არ აქცევს" ბრიუსელის მოწოდებებს რუსეთთან ვაჭრობის შემცირების თაობაზე", - ნათქვამია სტატიაში.

ავტორი ყურადღებას ამახვილებს საქართველიოს ხელისუფლების დამოკიდებულებაზე ევროკავშირის რეკომენდაციის მიმართ.
„მაგალითად, 15 აგვისტოს განცხადებაში ევროსაბჭომ „პარტნიორ ქვეყნებს" სთხოვა, რომ არ ისარგებლონ შექმნილი ვითარებით და არ დაიკავონ რუსულ ბაზარზე „ევროპული ნიშა", რომელიც მოსკოვის წინააღმდეგ გამოცხადებული სანქციების სემდეგ წარმოიქმნა. ამის მიუხედავად საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ თავის რუს კოლეგებთან წარმატებით ჩაატარა მოლაპრაკებები, რის შედეგად რუსეთი დათანხმდა ქართული პროდუქციის ექსპორტის გაზრდაზე. „ჩვენი ექსპორტი რუსეთში იმდენად მიზერულია, რომ ევროკავშირის მოწოდებები არ გვეხებაო", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. აშკარაა, საგარეო საქმეთა მინისტრი ან ძალიან დიპლომატიურობას ამჟღავნებს, ან ცბიერობს: საქმე ხომ იმდენად მიწოდებებს არ ეხება, რამდენად თვითონ პრინციპს - ივაჭროს თუ არა საქართველომ რუსეთთან. მით უმეტეს, რომ ამას წინათ მაია ფანჯიკიძემ ანტირუსულ სანქციებს „ნაკლებად პროდუქტიული" უწოდა, ხოლო საპარლამენტო უმრავლესობამ უარყო უმცირესობის („ნაციონალების') წინადადება ანტირუსული სანქციების გამკაცრების თაობაზე. როგორ არ ცდილობდა ოპოზიცია, მაგრამ მაინც ვერ დაითანხმა უმრავლესობა, რომ განცხადებაში სიმკაცრე შეეტანა. საბოლოო ჯამში უკრაინის მოვლენებთან გაკეთებულ განცხადებაში გამოიხატა მხოლოდ „შეშფოთება" და „ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა, სიტყვა „აგრესორს" კი დოკუმენტში ვერ ნახავ", - ნათქვამია სტატიაში.

ავტორის მოსაზრებით, დასავლეთთან ურთიერთობის გაფუჭება საქართველოს ხელისუფლებას ნამდვილად არ სურს, ამიტომაც უკრაინასთან სოლიდარობისათვის რაღაც სიმბოლური ნაბიჯები მაინც იდგმება - „აგერ, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგიენკო კიევში ჩავიდა, თავის უკრაინელ კოლეგას მოელაპრაკა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისათვის დახმარების გაწევის საკითხში... თუმცა ეს ის მაქსიმუმია, რაც დღეს საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია. ბევრმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ „მაიდნისშემდგომ" უკრაინაში არცერთი მინისტრი არარ ჩასულა. ერთადერთი გამონაკლისი გიორგი მარგველაშვილის ყოფნაა თავისი უკრაინელი კოლეგის ინაუგურაციაზე, მაგრამ მაშინ კიევში არჩასვლა სკანდალის ტოლფასი იქნებოდა. ყველა სხვა შემთხვევაში ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობა ძალიან ფრთხილობს, თუმცა კიევი ელოდა, რომ თბილისიდან თუ თავდაცვის მინისტრი არა, ევროინტეგრაციის მინისტრი მაინც ეწვეოდა".
ავტორი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობის წევრები კიევში ჩაუსვლელობას საქართველოს შიდაპოლიტიკური სიტუაციით ამართლებენ.

„გავიხსენოთ შს მინისტრის განცხადება თბილისში მოსალოდნელი „ადგილობრივი მაიდნის" შესახებ. დამკვირვებლები მიიჩნევენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ეშმაკობს და სურს ამით შენიღბოს უკრაინის მიმართ გამოჩენილი ფრთხილი დამოკიდებულება: თბილისს ნამდვილად არ სურს ისევ გაფუჭდეს რუსეთთან ძლივს აწყობილი ეკონომიკური ურთიერთობა - ვაითუ, კვლავ ემბარგო დაგვიწესოს, ან უფრო უარესი გამწვავება არ მოხდეს კონფლიქტებთან მიმართებითო.
თბილისი ხედავს, რომ დასავლეთი უფრო სუსტი აღმოჩნდა, ვიდრე ეს ქართულ პოლიტიკურ კლასს ეგონა ბოლო 25 წლის მანძილზე. ზოგადად ეს დასკვნა „უკრაინის კრიზისის" ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგია საქართველოსთვის. პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ მკვეთრად „მოაკეტინა" „ევროსოლიდარობის" ზედმეტად მოყვარულებს და აუხსნა, რომ „მეტი რაღა გინდათ, საქართველომ რუსეთს უკვე გამოუცხადა ყველაზე უმკაცრესი სანქცია - დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტაო". მინიშნება გასაგებია: დასავლეთის არცერთ სახელმწიფოს, რუსეთთან [სამკვდრო-სასიცოცხლოდ] მებრძოლ უკრაინაზე რომ არაფერი ვთქვათ, მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობა არ გაუწყვეტია, პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ კი მინსკის სამიტზე თვითონვე განაცხადა, უკრაინას საბაჟო კავშირის ქვეყნებთან (ანუ რუსეთთან) სავაჭრო ურთიერთობის შენარჩუნება უნდაო", - წერს ავტორი.
გამოცემა ყურადღებას ამახვილებს მიხეილ სააკაშვილის პოზიციაზეც.

„მხოლოდ საქართველოს ექს-პრეზიდენტი ამჟღავნებს რადიკალიზმისადმი ერთგულებას: მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაქოქილივით დარბის, თავბრუდამხვევ ვირაჟებს აკეთებს კიევიდან ხარკოვში, ხარკოვიდან დნეპროპეტროვსკში, ლვოვში და უკრაინელებს „პუტინის წინააღმდეგობისკენ" მოუწოდებს, დასავლეთს რუსეთის წინაშე კაპიტულაციას საყვედურობს, ხოლო ქართულ ხელისუფლებას კი „სირცხვილის გრძნობას უღვივებს". მაგრამ ექს-პრეზიდენტის ამ ეპატაჟურ განცხადებებს თბილისის სტრატეგიაზე გავლენის მოხდენა უკვე აღარ შეუძლია. „ქართული ოცნება" უარს არ ამბობს ევროინტეგრაციაზე, კვლავ ისწრაფვის ნატოსაკენ, მაგრამ იმავდროულად „უკრაინის კოცონზე ზედმეტ შეშას არ აყრის". აბა რა, როცა დასავლეთი დაბნეულია და არ იცის, რით უპასუხოს უკრაინის გამოწვევას, ქართველები თავიანთ ქვეყანას ხომ არ დაწვავენ?", - წერს გამოცემა.

ავტორი: . .