რუსული გამოცემა „კომერსანტი" საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის მზარდი დაპირისპირების შესახებ წერს და პრეზიდენტს ბოლო ფუნქციებსაც ართმევენ: გიორგი მარგველაშვილი თურქი კოლეგის ინაუგურაციაზე არ გაუშვეს. ამავე სათაურით გამოქვეუნებულო სტატიაში აღნიშნულია, რომ ქვეყნის კონსტიტუციით, შესაბამისი უფლებამოსილება სწორედ პრეზიდენტს აქვს.
„საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის მზარდი დაპირისპირების მორიგ დადასტურებად შეიძლება მივიჩნიოთ ის ფაქტი, რომ თურქეთის პრეზიდენტის რეჯებ ერდოღანის ინაუგურაციაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კი არ წავიდა, არამედ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. არადა, ქვეყნის კონსტიტუციით, შესაბამისი უფლებამოსილება სწორედ პრეზიდენტს აქვს", - აღნიშნულია სტატიაში.
საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს პრეზიდენტის ჩანაცვლება პრემიერით ასე განუმარტა: „მარგველაშვილი უკვე იყო თურქეთში ვიზიტით, იგი ასევე შეხვდა თბილისში ჩამოსულ თურქეთის წინა პრეზიდენტს აბდულა გიულს. ამიტომაც ახლა უფრო უკეთესი თურქეთში ირაკლი ღარიბაშვილის წასვლა იქნება, რომელიც ჯერ-ჯერობით იქ ნამყოფი არ არისო". სამთავრობო არგუმენტაცია თურქეთში საქართველოს ელჩმა ლევან ცინცაძემაც თავისებურად გააძლიერა: „ინაუგურაციის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებას გამართავსო".
თუმცა, როგორც „კომერსანტთან" საუბარში ქართული ყოველკვირეული გაზეთის „პრემიერის" მიმომხილველმა ზურაბ ღოღობერიძემ აღნიშნა, „ცერემონიალური ღონისძიებების დროს სერიოზული მოლაპარაკებები არ იმართება", ხოლო სიმბოლური შეხვედრისათვის სახელმწიფოს მეთაური უფრო გამოდგებოდა, ვიდრე პრემიერ-მინისტრი: „ბოლოს და ბოლოს, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ერთაერთი, რაც რჩებოდა მისი უფლებამოსილებების პერმანენტული შეკვეცის შემდეგ, ეს წარმომადგენლობითი ფუნქციები იყო", - აღნიშნა „კომერსანტთან" მოსაუბრემ, რომელსაც მხედველობაში ჰქონდა პრეზიდენტისა და პრემიერის კონფლიქტი ეროვნული უშიშროების საბჭოს სტატუსის, გენშტაბის უფროსის დანიშვნის და სხვა საკითხებთან დაკავშირებით.
თბილისში თვლიან, რომ უთანხმოება გიორგი მარგვეაშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის განსაკუთრებით გაძლიერდა იმ დოკუმენტების განსაიდუმლოების (განსაჯაროების) შემდეგ, რომლებიც ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხარჯებს ეხება. ბატონ ზურაბ ღოღობერიძის აზრით, „წითელი ხაზი" მაშინ გადაიკვეთა, როცა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უარი განაცხადა მოეხსნა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დოკუმენტებზე დადებული „საიდუმლო" გრიფი. სწორედ ამ დოკუმენტებით დასტურდებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილის სახელმწიფო სახსრებს პირადი ხარჯებისათვის იყენებდა, მათ შორის ძვირფასი საჩუქრების შესაძენად მასტან ახლოს მყოფი პირებისათვის.
პოლიტოლოგ სოსო ცისკარისვილის აზრით კი, პრეზიდენტსა და პრემიერს შორის მიმდინარე მუდმივი [კონფლიქტი] „უკვე პათოლოგიურ ხასიათს ღებულობს". მისი თქმით, „ამის მიზეზია მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ იგი იმედგაცრუებულია გიორგი მარგველაშვილის მოქმედებით, რომელიც თვით მან წარადგინა პრეზიდენტის პოსტზე".
საკითხი, თუ ვინ უნდა წარმოადგენდეს საქართველოს მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებებზე, პირველად არ დება დღის წესრიგში. დიპლომატიური აკადემიის რექტორმა იოსებ ცინცაძემ „კომერსანტთან" საუბარში გაიხსენა, თუ როგორ აუკრძალა პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერა და შემდეგ ბრიუსელში ამ [მნიშვნელოვანი] დოკუმენტის გასაფორმებლად თვითონ გაემგზავრა: „მაგრამ როცა საქმე ეხება ნატოს სამიტს, რომელიც საქართველოსთვის ფაქტიურად არაფრის მომტანია, სადაც ჩვენ უარს გვეტყვიან ალიანში გაწევრიანების „სამოქმედო გეგმაში" ჩართვაზე, იქ პრეზიდენტს გზავნიან", - დაიჩივლა პოლიტოლოგმა.