ENG / RUS       12+

რით ჰგავს დონბასში შექმნილი ვითარება აფხაზეთს და როგორ შეიძლება სიტუაციაში გარდატეხვის შეტანა

„დონბასში რუსეთის შეჭრის ტექნოლოგიამ ბევრს 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ მომხდარი კრემლის ომი გაახსენა", - იუწყება უკრაინული გამოცემა „ლიგა.ნოვოსტი" და ამასთან დაკავშირებით უკრაინაში მყოფი ქართველი ექსპერტებისა და პოლიტიკოსების კომენტარებს აქვეყნებს (ავტორი რომან ჩერნიშევი).
ბაჩო ქორჩილავა, უკრაინაში საქართველოს საელჩოს ყოფილი პრეს-მდივანი: „ის, რაც დღეს დონბასში ხდება, უფრო შენიღბული ფორმაა იმისა, რაც აფხაზეთში ხდებოდა. ჩვენ რომ აფხაზებთან პირისპირ ვიყავით, წარმატებებს ვაღწევდით, აფხაზეთის მთელ ტერიტორიას ვაკონტროლებდით, გუდაუთისა და ტყვარჩელის რაიონების გამოკლებით. ომის დასაწყისში სპეციალურად დავიკავეთ გაგრა და გაგრის რაიონი, რადგან იქ რუსეთთან საზღვარი გადიოდა. ამით ჩვენ პრაქტიკულად მთლიანად წავართვით ჩვენს მოწინააღმდეგეს რუსეთიდან იარაღისა და საბრძოლო მასალების მიწოდების საშუალება. აი, როცა ედუარდ შევარდნაძე ბორის ელცინთან მოსალაპარაკებლად გაფრინდა, გაგრაში ორივე მხრიდან დაგვარტყეს. აფხაზების მიერ გაგრის დაკავების შემდეგ შევარდნაძე კიდევ რამდენჯერმე იყო ელცინთან ჩასული, ჩვენც თანდათანობით აფხაზეთს ვკარგავდით. მოგვიანებით რუსეთმა აფხაზეთში შეყვანილი ქვედანაყოფები, რომელიც მთლიანად რუსი მედესანტეებისაგან შედგებოდა, სამშვიდობო კონტინგენტად მონათლა... დონბასშიც რუსები იგივე თარგით მოქმედებენ: ისინი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებს არ გასცდებიან, უბრალოდ, ტერორისტებს უკრაინის ამ ნაწილის გაკონტროლებაში დაეხმარებიან. ამის შემდეგ კი, როგორც კრემლის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, აუცილებელი იქნება ვლადიმერ პუტინისა და პეტრო პოროშენკოს შეხვედრა, რომლის დროსაც უკრაინის პრეზიდენტზე ზეწოლა მოხდება - მას „მხარეთა დაშორებასა და დემილიტარიზებული ზონის შექმნას" მოსთხოვენ. ანუ ისევე როგორც აფხაზეთში მოხდა...
გიორგი ვაშაძე, იუსტიციის ექს-მინისტრი, პარლამენტის წევრი: „დონბასში მიმდინარე მოვლენები ძალიან ჰგავს იმ კონფლიქტებს, რომელთა ინიცირება რუსეთმა ბევრჯერ მოახდინა. საქართველომ ეს საკუთარ თავზე გამოსცადა 1990-იან წლებში და 2008 წელს, ცხინვალის რეგიონში, როცა მოსკოვი ცდილობდა ომი საქართველოს ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის კონფლიქტად გაესაღებინა. ჩვენსა და დონბასის მოვლენებს შორის ერთი განსხვავებაა: ჩვენს შემთხვევაში რუსეთმა სწრაფად გამოავლინა თავისი აგრესია, თქვენს შემთხვევაში კი სიტუაციას „დონეცკ-ლუგანსკის რესპუბლიკების" სახით ნელ-ნელა ამწვავებდა. ახლა რუსეთმა დაინახა, რომ ასეთი მოქმედება უკვე წარმატების მომტანი აღარაა და პირდაპირ აგრესიაზე გადავიდა. ჩვენ დღეს ღიად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქმე გვაქვს რუსეთის ომთან უკრაინის წინააღმდეგ. რა უნდა გააკეთოს უკრაინამ? გააუმჯობესოს ომის მენეჯმენტი და არ შეწყვიტოს გამოცხადებული მობილიზაცია. საერთაშორისო თანამეგობრობა რუსეთს სანქციებს გაუმკაცრებს. ეს სანქციები კი სერიოზული ხასიათისაა: ომის ყოველი დღე ვლადიმერ პუტინს ათეულ მილიონიბით ზიანს აყენებს. თქვენი მდგომარეობა ჩვენთან შედარებით უფრო იოლია, რადგან 2008 წელს რუსეთისათვის სანქცია არავის დაუწესებია. სხვათა შორის, ჩვენ მაშინ ვამბობდით, რომ რუსეთი საქართველოთი არ გაჩერდება და პუტინი უფრო შორს წავიდოდა. როგორც ჩანს, დღეს მსოფლიომ უკვე დაინახა და გაიგო, რომ თუ კრემლს უკრაინაში ვერ შეაჩერებენ, რუსეთი ხელს აღმართავს ბალტიის ქვეყნებზე, პოლონეთზე, ბალკანეთზე...".
დავით საყვარელიძე, გენპროკურორის ექს-მოადგილე, პარლამენტის წევრი: „ვლადიმერ პუტინი ყოველთვის ამბობდა, რომ უკრაინა სახელმწიფო კი არა, ტერიტორიააო. მან კარგად იცის თქვენი სუსტი ადგილები და გირტყამთ. ყირიმი მაშინ მიიტაცა, როცა „მაიდნის" შემდეგ უკრაინაში არეულ-დარეული მდგომარეობა იყო. რა თქმა უნდა, ეს დროებითი მოვლენაა, მაგრამ მოკლევადიან თამაშში, ისევე როგორც აფხაზეთის სიტუაციაში, ვლადიმერ პუტინი ჯერ-ჯერობით წარმატებას აღწევს. ცხადია, ვლადიმერ პუტინსაც ბოლო მოეღება, მაგრამ რა დარჩება უკრაინისაგან იმ მომენტისათვის - გადაიქცევა თუ არა ის ბოსნია-ჰერცეგოვინას მსგავს ქვეყნად თუ ომიდან ძლიერ და განვითარებადი სახელმწიფოდ გამოვა? თუ რუსეთზე გამარჯვება გინდათ, თქვენ ვალდებულნი ხართ ომის პარალელურად რეფორმებიც გაატაროთ. თუ ისე იფიქრებთ, რომ ახლა რეფორმების გატარების დრო არაა, ამას ომის დამთავრების შემდეგ გავაკეთებთო, მაშინ თქვენ ომს ვერ დაამთავრებთ. უკრაინამ სერიოზული საერთაშორისო კამპანია უნდა გააგრძელოს. კონფლიქტის დაწყების დროს თქვენ ძალიან სუსტად გამოდიოდით, არ გყავდათ ისეთი სპიკერი, რომელიც საერთაშორისო ტელეარხებზე გამოვიდოდა. საჭიროა სერიოზული საერთაშორისო-საინფორმაციო პროპაგანდა ევროპასა და ამერიკაში. თქვენ ძალიან ბევრი მხარდამჭერი გყავთ, ეს პოტენციალი სწორად უნდა გამოიყენოთ. თქვენი ქვეყანა დიდია, 45-მილიონიანი მოსახლეობით, ჩვენ ამდენი რესურსი არ გვქონია. სამწუხაროდ, ძალიან ბევრ უკრაინელს დღეს ჯერ კიდევ არ ესმის, რა საფრთხე ემუქრებათ რუსეთიდან და რით შეიძლება ეს ყველაფერი დასრულდეს. კიევში ძალიან ბევრი სულ სხვა რეალობით ცხოვრობს - დადიან რესტორნებში, ქეიფობენ, ერთობიან და ვერ გრძნობენ იმას, რაც აღმოსავლეთ უკრაინაში ხდება. რუსეთი იქ გაჩერდება, სადაც მას უკრაინელები შეაჩერებენ და არა ამერიკელები, ბელგიელები ან ფრანგები".
ავტორი: . .