როგორც ირკვევა, ეს ენერგეტიკული ობიექტი ამჟამად [მეწამორთან ახლოს] მოქმედ ატომურ ელექტროსადგურზე უფრო მძლავრი იქნება, ხოლო მის მშენებლობას კომპანია „ანაკლია ენერჯი" დააფინანსებს - 600 მილიონი დოლარით. გამომუშავებული ენერგიის ექსპორტსაც იგივე კომპანია განახორციელებს.
"ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ანაკლია ქართული ქალაქია, შავი ზღვის ნავსადგური, მაგრამ თვით კომპანიაზე ძალიან მცირე მონაცემები არსებობს. ამ ფონზე მზარდ ყურადღებას იმსახურებს ის ფაქტი, რომ ერევანში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის დროს განხილული იყო საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული მაღალი ძაბვის გადამცემი ელექტროხაზების მოდერნიზებისა და ახლების მშენებლობის საკითხიც", - ციტირებს გამოცემა სომხური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.
სომხური მასმედიის მიერ გავრცელებული ამ ინფორმაციის კომენტირებისას ეკონომიკის ექსპერტმა ოქტაი ახვერდიევმა „ეხოს" კორესპონდენტს განუცხადა, რომ სავარაუდოდ, ელექტროსადგურის მშენებლობა შეიძლება ტყუილი აღმოჩნდეს:
„სომხები ძალიან ხშირად სასურველს სინამდვილედ ასაღებენ ხოლმე. ალბათ, სწორედ ამიტომაც გამოქვეყნდა ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის შემდეგ ერევნის გაზეთებში ასეთი ინფორმაცია. არადა, მსგავსი რამ შეუძლებელია, რადგან საქართველოს ასეთი ფინანსური შესაძლებლობები არ გააჩნია: ჩვენი მეზობლის საგარეო ვალი თითქმის ქვეყნის შიდა პროდუქტის მოცულობას გაუტოლდა. უბრალოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ვიზიტის ჩარჩოებში რაღაც დადებითი განცხადების გაკეთება დაჭირდა. მე არ ვფიქრობ, რომ ქართული მხარე როდისმე შეძლებს ასეთი დიდი თანხის ინვესტირებას სომხეთის ეკონომიკაში. ქართველებს რომ ფული ჰქონდეთ, ისინი ამ ფულს თავიანთ ეკონომიკის აღორძინებას მოახმარდნენ. მათ უკვე ისესხეს თანხა ბევრი ქვეყნისგან, მათ შორის აზერბაიჯანისგან. შესაძლოა სომხები გაზის ელექტროსადგურის აშენებას იმ ფულით აპირებენ, რომელიც მათ რუსეთმა მისცა ორი წლის წინათ ატომური ელექტროსადგურის დამატებითი ორი ბლოკის მშენებლობისათვის".
ამრიგად, ოქტაი ახვერდიევის თქმით, „სომხური მასმედიის ინფორმაცია სერიოზულად არ უნდა მივიღოთ, მაგრამ მათი სიცრუე უნდა გამოვაჟღავნოთ და პასუხი უნდა გავცეთ. ადრე არსებობდა სომხური რადიო, რომელიც მხოლოდ ანეგდოტებით იყო დაკავებული. როგორც ჩანს, სომხებმა ახლაც იგივე ტაქტიკით მოქმედება აირჩიეს".