"მსოფლიოს ყურადღება უკრაინისკენაა მიპყრობილი. ამასთან დასავლეთისთვის მნიშვნელოვანია გზაგასაყარის წინაშე მდგარი კიდევ ერთი ქვეყანა, რომელიც რუსეთსა და ევროპის დაპირისპირებაში ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს - პატარა, მაგრამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საქართველო.
იმის შემდეგ, რაც აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე სახელმწიფომ დასავლეთზე ზეწოლა განახორციელა, საქართველოს იმედი ჰქონდა, რომ ნატოს სამიტზე, რომელიც ორი კვირის შემდეგ გაიმართება, მისი გაწევრიანების პერსპექტივა უფრო განმტკიცდებოდა. თუმცა, ნატოს ზოგიერთი ლიდერი ჯერ კიდევ ყოყმანობს.
საქართველომ ამას წინათ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, მაგრამ ოფიციალური თბილისის გადაწყვეტილებამ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის თაობაზე ევროკავშირის ზოგიერთი ჩინოვნიკის გაკვირვება გამოიწვია - ისინი შეშფოთებულნი არიან, რომ ექს-პრეზიდენტის მიმართ წაყენებული ბრალდებები პოლიტიკურადაა მოტივირებული.
როგორ შეუძლია ევროპას ამ პრობლემებს გვერდი აუაროს და ბრძოლა გაუმართოს მოსკოვს იმ ქვეყნების მეშვეობით, რომლებიც ერთგვარ საზღვარს წარმოადგენენ რუსეთსა და ევროპას შორის - უკრაინიდან დაწყებული, მოლდოვა-სომხეთით დამთავრებული? „ეს ერთ-ერთი საკვანძო მომენტია", - ამბობს ნიკოლას ბერნსი, აშშ-ის ყოფილი წარმომადგენელი ნატოში, - რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ზოგიერთი ქვეყნების ერთმანეთთან დაშორებას ცდილობს: საქართველო, სომხეთი, მოლდოვა, ბელარუსი - იგი ევროპას კვლავ დასავლეთად და აღმოსავლეთად ყოფს".
ევროპასთან ინტეგრაციის მიზნით საქართველოს აშკარა ენთუზიაზმის მიუხედავად, პრობლემები მაინც რჩება - სრულიად გამოვიდა თუ არა საქართველო თავისი კორუმპირებული წარსულიდან? მართალია, უკანასკნელ წლებში საქართველო, ნატოს სხვა არაწევრ სახელმწიფოებთან შედარებით, ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის [ავღანურ] მისიაში ყველაზე მეტი ჯარისკაცით იყო წარმოდგენილი, მაგრამ ნატოს ჩინოვნიკები მაინც ამბობენ, რომ ზოგიერთი საკითხი ჯერ კიდევ გასარკვევია - რამდენად დემოკრატიულია საქართველო, რომ მან ნატოს წევრობა დაიმსახუროს? ამას სხვა დამატებითი სირთულეებიც ემატება: რუსეთს, რომელიც საქართველოში 2008 წელს შეიჭრა, დღემდე ოკუპირებული აქვს საქართველოს ორი რეგიონი - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი: ეს ნიშნავს, რომ საქართველო თავის ტერიტორიას სრულად ვერ აკონტროლებს.
ყველაზე დიდი გამოცდა თბილისს 4-5 სექტემბერს ელოდება, როცა ნატოს ლიდერები უელსის სამიტზე შეიკრიბებიან, საქართველოს შესახებ დღის წესრიგით. ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ექვსი წლის განაცხადა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრიო, შესაბამისად, დღეს საქართველოს „გაწევრიანების სამოქმედო გეგმის" („მაპ") მიღება სურს, რაც ალიანსში სრული წევრობის სასტარტო მოედანს წარმოადგენს.
ნატოს ზოგიერთ წევრ ქვეყანას მიაჩნია, რომ საქართველოს ჩართვა გაწევრიანების სამოქმედო გეგმაში მოსკოვის გამოწვევას ნიშნავს. როგორც ჩანს, „მაპ"-ის მიცემის ნაცვლად ნატოს ლიდერები უელსში საქართველოსადმი მხარდაჭერას კი გამოაცხადებენ, მაგრამ შედარებით უფრო „მორიდებული" სახით.
„ჩვენ სამიტზე ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც საქართველოს ნატოსთან დაახლოებს, - აღნიშნა ინტერვიუში ალიანსის გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა, - ვამზადებთ მნიშვნელოვან პაკეტს საქართველოსთვის ისეთი ელემენტებით, რომლებიც ჩვენს თანამშრომლობას გააფართოვებს".
ქართველი ლიდერები იმედგაცრუებულები არიან. „რასაკვირველია, საქართველოში გარკვეული წყენა შეინიშნება, - ამბობს ნატალია საბანაძე, საქართველოს ელჩი ევროკავშირში, - თბილისი ხომ ნატოში გაწევრიანების სურვილს სრულიად ნათლად და თანმიმდევრულად გამოხატავს".
საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობაშიც ეჭვებისა და „ნერვიულობის" ერთგვარი საფუძველი გაჩნდა: გასულ თვეში საქართველოს პარლამენტმა ერთხმად დაამტკიცა ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმება, რომელიც მხარეებს შორის პოლიტიკურ და სავაჭრო ურთიერთობებს არეგულირებს. იმავე ხანებში კი საქართველოს პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ [მან თანამდებობა გასული წლის ნოემბერში დატოვა] და იგი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაში დაადანაშაულა.
ევროკავშირმა ფრთხილი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ასოცირების შეთანხმება სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას გულისხმობს. იმავდროულად ევროპელი დიპლომატები კერძო კონფიდენციალურ საუბრებში შეშფოთებას გამოხატავენ, ვაითუ საქართველომ პოლიტიკური შურისძიების პრეცედენტი შექმნასო. თვითონ ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ პროკურატურასთან არ ითანამშრომლებს.
„მიხეილ სააკაშვილს დასავლეთის სახელმწიფოთა დედაქალაქებში ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავს, მას მეგობრების დიდი სია აქვს", - ამბობს ბალაშ იარაბიკი, კარნეგის ფონდის მიწვეული მკვლევარი, - ჩემი აზრით, კონსენსუსი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად სამართლიანად ჩატარდება სასამართლო პროცესი".
დღეს, როცა რუსეთი უკრაინას ემუქრება, ბევრს კითხვები ებადება - ხომ არ არის ეს იმ სისუსტის შედეგი, რომელიც დასავლეთმა 2008 წელს, საქართველოზე რუსეთის თავდასხმის დროს გამოავლინა და ამით ხელი შეუწყო ვლადიმერ პუტინს ყირიმის ანექსიაში?
დასავლელი დიპლომატები ვლადიმერ პუტინის მოქმედებას საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ იმ დიდი თამაშის ნაწილად მიიჩნევენ, რომლის მიხედვითაც რუსეთი იკავებს ქვეყნის ტერიტორიის ნაწილს და ამით ღებულობს ბერკეტს რუსული გავლენის სფეროს გასაფართოებლად.
ქალბატონი ნატალია საბანაძე ამბობს, რომ მისი ქვეყანა ამგვარ მცდელობებს ყველანირად ეწინააღმდეგება: „საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური სწრაფვა ძალიან ნათლად გამოვლინდა ჯერ კიდევ დამოუკიდებლობის მოპოვების მომენტიდან. იმ დროიდან მოყოლებული, ამ მიზნის მიღწევას საქართველოს ყველა ხელისუფლება ცდილობდა. ესაა სწორედ მათთვის გამაერთიანებელი".