საქართველოში სამუშაო ვიზიტით აშშ-ის „ეროვნული უსაფრთხოების ბიზნესის აღმასრულებელთა" ჯგუფის (BENS) წარმომადგენლები იმყოფებიან. დღეს, BENS-ის წევრები ჯგუფის პრეზიდენტ, გენერალ ნორტონ შვარტცის ხელმძღვანელობით, თავდაცვის სამინისტროში, მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილმა მიიღო. შეხვედრას საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, რიჩარდ ნორლანდი, აშშ-ის ევრპული სარდლობის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და პოლკოვნიკი გიორგი კბილცეცხლაშვილი.
თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული განვითარების პროცესები და მნიშვნელოვანი ეკონომიკური საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ასევე, საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი უმოკლესი სატრანზიტო მარშრუტის მნიშვნელობას.
გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა გიორგი კბილცეცხლაშვილმა უცხოელ სტუმრებს ჩვენი ქვეყნის საგზაო, სარკინიგზო, საზღვაო და საჰაერო ტრანზიტის შესაძლებლობები გააცნო.
შეხვედრის დასასრულს აშშ-ის დელეგაციის წევრებმა ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადეს და საქართველოს მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატეს.